თვალში რაღაც ჩამივარდა - კვირის პალიტრა

თვალში რაღაც ჩამივარდა

ზაფხულში ეს შეიძლება აღმოჩნდეს მწერი ან მტვერი. თვალების ქსოვილი შეიცავს უამრავ ნაზ ნერვს, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა უმნიშვნელო დაზიანებისასაც კი. თვალში მოხვედრილი მტვრის ნამცეცი თავდაპირველად დაცურავს თვალის სითხეში, შემდეგ კი ეწებება ქუთუთოების ლორწოვან ქსოვილს ან რქოვანას გარსს და ხელს უშლის მხედველობას, იწვევს ტკივილს, ცრემლდენას, ქუთუთოების სპაზმებს. ამ დროს ზოგიერთი იწყებს თვალების სრესას და ტკივილიც უფრო ძლიერდება... ამ პატარა, თითქმის თვალისთვის შეუმჩნეველ ნაწილაკს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს თვალის გარსი, განვითარდეს ინფექცია.

პირველ რიგში, ფრთხილად ასწიეთ ზევით ჯერ ზედა ქუთუთო, დაათვალიერეთ თვალი, შემდეგ  გასწიეთ წინ და უკან.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შეამოწმეთ, პატარა ნაწილაკი ქვედა ქუთუთოს ქვეშ ხომ არ მოექცა. და თუ ეს ნაწილაკი არ მისწებებია თვალის გარსს, შეეცადეთ, ამოირეცხოთ თვალი თბილი, ანადუღარი წყლით, ჩაის ნაყენით ან ბორის მჟავას ხსნარით (1ჩ/კ:1ჩ/ჭ წყალი). ჩაისხით მუჭში წყალი და შიგ თვალი ახამხამეთ. შეიძლება ამ ნაწილაკის ამოგდება დასველებული ბამბის ტამპონით. მტვრის ნაწილაკის ამოღების შემდეგ თვალები დაიბანეთ სუფთა წყლით და ჩაიწვეთეთ ალბუციდი.

თუ ვერ ამოიღეთ ნაწილაკი, მეტად არ შეეხოთ, ე.ი. მან შეაღწია ქსოვილში. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თვალის ექიმს.