რეალობა სათვალის მინებს მიღმა - კვირის პალიტრა

რეალობა სათვალის მინებს მიღმა

მხედველობის ზოგიერთ პათოლოგიას თუ მშობელმა ბავშვობიდანვე არ მიაქცია ყურადღება, შემდგომ მისი პროგრესირების შეჩერება შეუძლებელი ხდება. თუმცა ხშირია სათვალის ,,ჩამნაცვლებელი" საშუალებების რეკლამა, სხვადასხვა დაპირება,  ისეთებიც, მშობლის გულს რომ ეამება, მაგრამ რეალობა საპირისპიროზე მიუთითებს.  სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება ექიმი ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე.

- რა ასაკიდან არის საჭირო ბავშვის მიყვანა ექიმ-ოფთალმოლოგთან?

- ბავშვის მხედველობის პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ცნობილია, რომ თვალის თანდაყოლილ პათოლოგიათა ნაწილი ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში დედის სხვადასხვა დაავადების  ფონზე. ნაყოფის მხედველობის ორგანოზე ასეთივე დამღუპველ გავლენას ახდენს დედის მავნე ჩვევები, გარკვეულ რისკფაქტორს წარმოადგენს ყოფა-ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები, არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა და ა.შ.

ახალშობილის მხედველობის სიმახვილე დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში ძალზე დაბალია, 2-დან 5 კვირამდე ასაკის ბავშვი უკვე იწყებს მზერის ფიქსაციას სინათლის წყაროზე ან სხვადასხვა შედარებით დიდი ზომის საგნებზე. ამ პერიოდში თვალების სინქრონული მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს პერიოდული სიელმე. ამ ასაკში ასეთი მოვლენა საშიში არაა, მაგრამ თუ სიელმე არ გაქრა დაბადებიდან 6-8 კვირის განმავლობაში, უნდა მივმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს.

მეორე თვიდან ბავშვი იწყებს გარემოში გარკვევას, უკვე აფიქსირებს მზერას საგნებზე და აკვირდება მათ მოძრაობას. სინქრონულად ვითარდება მხედველობა, სმენა და ტაქტილური მგრძნობელობა; მესამე-მეოთხე თვიდან იწყებს ჩამოყალიბებას ფერადი მხედველობა, მხედველობის სიმახვილე მატულობს; მეექვსე თვიდან ბავშვი მეტ-ნაკლებად სწორად აღიქვამს მანძილს სხვადასხვა საგნამდე. 2 წლის ასაკამდე მხედველობის სიმახვილე იმატებს 0,6-0,7-მდე, ხოლო 3-4 წლის ბავშვის მხედველობის სიმახვილე მხოლოდ 10-20%-ით ჩამორჩება მოზრდილისას.

პირველი წლის განმავლობაში ბავშვი საჭიროებს 5 პროფილაქტიკურ გასინჯვას ექიმ-ოფთალმოლოგთან დაბადებიდან პირველსავე დღეებში, შემდგომ კი ერთი, სამი, ექვსი თვის და 1 წლის ასაკში. ეს საშუალებას იძლევა, დროულად გამოვლინდეს მხედველობის ორგანოს ნებისმიერი პათოლოგია. საშუალოდ 3 წლის ასაკიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით.

- რა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებებია გასატარებელი ახლომხედველობის (მიოპიის) შემთხვევაში?

- უპირველესად ჩასატარებელია მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევა და სწორი კლინიკური დიაგნოსტირება. ამის შემდეგ ტარდება მხედველობის ოპტიკური კორექცია - სათვალის შერჩევა. ბავშვთა ასაკში სათვალის შესარჩევად აუცილებელია ე.წ. მედიკამენტური ციკლოპლეგია, ანუ აკომოდაციის დროებითი დამბლის მიღწევა სპეციალური მედიკამენტური საშუალებებით, ძირითადად ატროპინის 0,5% ან 1% ხსნარის ჩაწვეთებით. შემდგომ პაციენტი ისინჯება განმეორებით, ხდება ვიწრო და ფართო გუგის ფონზე მიღებული მონაცემების შეჯერება და სათვალის საბოლოო დიოპტრიული ძალის გაანგარიშება. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ბავშვს სათვალე უნდა შეურჩიოს კვალიფიციურმა ექიმმა-ოფთალმოლოგმა. ყურადსაღებია ისიც, რომ თუ ბავშვს მხედველობის სიმახვილე უკორექციოდ აქვს 0,5 ან მეტი და მისი ახლომხედველობის (მიოპიის) ხარისხი არ აღემატება საშუალოდ 2 დიოპტრიას, სათვალე უმეტესწილად არ ინიშნება.

სათვალის შერჩევის შემდეგ მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში - პაციენტი უნდა გაისინჯოს წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც. თუ 2 წლის განმავლობაში მიოპია არ პროგრესირებს, შემდგომ წელს 2-3 კონსულტაცია საკმარისია. მიოპიის პროგრესირების შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა აკომოდაციის სპაზმის მოსახსნელად. წელიწადში მიოპიის 0,75 დიოპტრიით ან მეტით მატების შემთხვევაში კი აუცილებელია მხედველობის კორეგირება ორთოკერატოლოგიური ლინზებით.

ახლომხედველობის გამოვლენის ყველა შემთხვევაში პაციენტს ენიშნება მხედველობის დაზოგვითი რეჟიმი. კერძოდ:

- ნებისმიერი მხედველობითი დატვირთვის დროს საჭიროა შესვენება 3-5 წუთით საშუალოდ ყოველ ნახევარ საათში. შესვენების დროს სასურველია მხედველობის ფიქსირება შორს მყოფ საგნებზე - აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა. ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1,5-2 საათის განმავლობაში (შესვენებებით), მინიმუმ 2 მ დისტანციიდან.

- პრაქტიკულად იკრძალება კომპიუტერული თამაშები და ჩეთი. მობილურ ტელეფონზე დაიშვება მხოლოდ საუბრის რეჟიმი - არავითარი თამაში,SMS, MMS და ა.შ. მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე არ უნდა იყოს 35 სმ-ზე ნაკლები. დაუშვებელია მხედველობის დატვირთვა (კითხვა, ტელევიზორი) დაწოლილ მდგომარეობაში.

- სასარგებლოა ბავშვის გაკაჟება და სპორტის ისეთ სახეობებში ჩართვა, სადაც ნაკლებად მოსალოდნელია თავის ტრავმა: სასურველია სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა (მაგრამ არა ტრამპლინიდან ხტომა ან წყალბურთი).

- მენიუში უნდა შედიოდეს თვალებისათვის სასარგებლო პროდუქტები: ხაჭო, მაწონი, კეფირი, მოხარშული თევზი, ინდაური, კურდღელი, საქონლის ხორცი და ენა, კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა, კენკრა - შავი მოცვი, მაყვალი და აუცილებლად დღეში 1-2 ვაშლი.

კიდევ ერთი რჩევა: დაპირება, რომ ახლომხედველობა განიკურნება, ან ოპერაციის გარეშე შემცირდება მიოპიის ხარისხი, არ არის მართალი (იცოდეთ, ის "მკურნალი"»უკეთეს შემთხვევაში უვიცია, უარეს შემთხვევაში კი...). ასეთივე უაზრობაა მიოპიის "მკურნალობა" დიფრაქციული (ნასვრეტებიანი) სათვალით, რომლის რეკლამირებაც, სამწუხაროდ, აკრძალული არ არის.

დღეისათვის შესაძლებელია პროგრესული მიოპიის მხოლოდ შეჩერება ან პროგრესირების ხარისხის შემცირება ორთოკერატოლოგიური ლინზების საშუალებით. ამიტომ მიიღეთ რეალობა ისეთი, როგორიცაა და არ დაიიმედოთ თავი ცრუ დაპირებებით.

ესაუბრა  ნინო ჩიხლაძე