კრაზანა ამარცხებს ბაქტერიებს - კვირის პალიტრა

კრაზანა ამარცხებს ბაქტერიებს

კუჭის წყლულის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ჰელიკობაქტერია პილორი, რომელსაც ბრწყინვალედ ებრძვის კრაზანას ზეთი და ლაშქარას ფესვების ნაყენი.

გთავაზობთ კრაზანას ზეთის მომზადების რეცეპტს:

ახალმოკრეფილი (და არა გამხმარი) კრაზანას ყვავილები მოათავსეთ გამჭვირვალე მინის ჭურჭელში, დაასხით მცენარეული ზეთი ყვავილების დონიდან ერთი თითის სიმაღლემდე და დადგით მზეზე 14-დან 20 დღემდე, შემდეგ გაწურეთ.

სასურველია, ზეთი მოამზადოთ ზაფხულში, შემდეგ გაწურეთ და 1 საათი გააჩერეთ. ამ დროს ზეთი იყოფა სამ ფენად. ფსკერზე ჩნდება თხელი ღია ფერის, უსიამოვნო სუნიანი ნალექი - ეს საფუარია, მის ზემოთ კი - თხელი წყლის ფენა. სწორედ ეს ფენა უნდა გადმოასხათ ფრთხილად სხვა ქილაში და შეინახოთ მაცივარში. ზეთი უნდა იყოს ლალისფერი. პარალელურად დაამზადეთ ლაშქარას ფესვების ნაყენი: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 300 მლ ქაფქაფა, მდუღარე წყალი და შეფუთეთ. გააჩერეთ 2 საათი და შემდეგ გაწურეთ.

10 დღის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე მიიღეთ 1 ს/კ კრაზანას ზეთი, 40 წუთის შემდეგ კი - 50 მლ ლაშქარას ფესვების ნაყენი ჭამიდან ჭამამდე შუალედში. მკურნალობა გაიმეორეთ 3-ჯერ, ყოველი 10 დღის შემდეგ 3-დღიანი შესვენებებით. შესვენების დროს სასურველია მიიღოთ პრობიოტიკები: "ლინექსი", "ნარინე".

კრაზანას ყვავილებსა და ლაშქარას ფესვებს აქვთ ანტიბაქტერიული და შემახორცებელი თვისება. ამ ორი მცენარის ერთდროულად მიღება აძლიერებს ერთმანეთის სამკურნალო თვისებას.

მკურნალობის შემდეგ დარჩენილი კრაზანას ზეთი შეიძლება გამოიყენოთ ჭრილობების, წყლულების, დამწვრობის სამკურნალოდ ერთი წლის განმავლობაში კომპრესის სახით - კრაზანას ზეთში დასველებული ქსოვილი დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე.

გთავაზობთ სხვა რეცეპტებს:

- ანგინის დროს: 1 ს/კ კრაზანას ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ ქაფქაფა მდუღარე წყალი და 20 წუთით გააჩერეთ. გაწურეთ და გამოივლეთ ყელში.

- დეპრესიის დროს: 2 ს/კ კრაზანას ყვავილებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 20 წუთი. გაწურეთ და სვით 3-4-ჯერ დღეში 100-100 მლ ნაყენი როგორც ჩაი, ჭამამდე.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს:

1 ს/კ კრაზანას ყვავილებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ. მიიღეთ 100 გ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე. ამის შემდეგ დააყოლეთ ქათმის ახალი კვერცხის 2 კარგად ათქვეფილი ცილა.

კლიმაქსის დროს (რომელსაც თან სდევს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის აშლილობა): 15 გ კრაზანას ბალახს დაასხით 200 მლ წყალი და 15 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ და გააჩერეთ 40-45 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 5-6-ჯერ დღეში.

ჭრილობებისა და დამწვრობის დროს კომპრესისთვის გამოიყენეთ:

2 ს/კ კრაზანას ყვავილებს დაასხით 300 მლ მდუღარე, გააჩერეთ 20 წუთი და გაწურეთ.