მტევანი - მზის ენერგია - კვირის პალიტრა

მტევანი - მზის ენერგია

ყურძენი აუმჯობესებს სისხლს, ამაღლებს იმუნიტეტს და აძლიერებს "დღეგრძელობის" გენს; მაღალკალორიული, ძალიან სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტია, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხსნის შეშუპებას, აუმჯობესებს მადას და უძილობასაც კი შველის. ყურძენს აქვს შარდმდენი, მსუბუქი კუჭში გამხსნელი და ოფლმდენი თვისება.

ყურძნით მკურნალობა უძველესი დროიდან არის ცნობილი.

გლუკოზა, რომელსაც ყურძენი შეიცავს, გულის კუნთების საუკეთესო საკვებია. ყოველდღე ერთი ყურძნის მტევანი ან ერთი ბოკალი წითელი ღვინო ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. ყურძენი მდიდარია ვიტამინებით და ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. ოქსიკუმარინი, რომელსაც ის შეიცავს, აწესრიგებს სისხლის შესქელებას. ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლულობის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, თირკმლებისა და ღვიძლის, პოდაგრის, ინტოქსიკაციისა და ნერვული სისტემის გამოფიტვის დროს. ყურძენი ასევე მდიდარია ბიოტინით, რომელიც სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისათვის. მუქი ფერის ყურძენი შეიცავს ანთებისსაწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელ ტანინებს, ამიტომაც რეკომენდებულია ფარინგიტისა და ანგინის დროს ახალგამოწურული ყურძნის წვენის ყელში გამოვლება.

წითელი და იისფერი ყურძენი უფრო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ღია ფერის.

უპირატესობა მიანიჭეთ წიპწიან ყურძენს, რადგან ის უხვად შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აჩქარებს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას და ზრდას. ყურძნის წიპწა ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. წითელი ყურძენი რეკომენდებულია სისხლნაკლულობის დროს - ზრდის ერითროციტების რაოდენობას და ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს.