თვითმკურნალობა საშიშია - კვირის პალიტრა

თვითმკურნალობა საშიშია

ხშირად პოლიკლინიკაში რიგში დგომას, დროისა და ფულის ხარჯვას გირჩევნიათ, დაუჯეროთ კეთილისმსურველი მეგობრის რჩევას და მიიღოთ ის წამლები, რომლებსაც თვითონ იღებს.

ნუ დაგეზარებათ ექიმთან წასვლა. ექიმი გამოკვლევების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობას. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრ დაავადებას ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, მაგრამ საჭიროებს განსხვავებულ მკურნალობას და შეიძლება გავნოთ წამალმა, რომელიც თქვენს მეგობარს შველის. მაშინაც კი, როდესაც დიაგნოზი ცნობილია, თვითმკურნალობის დროს ვერ დაიცავთ წამლების დოზირებას, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას და ვერ გაითვალისწინებთ წამლის უკუჩვენებებს. არაკორექტულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გართულება.

მაგალითად, უკონტროლოდ, დამამშვიდებელი და საძილე წამლების მიღება აუარესებს მეხსიერებას, აქვეითებს შრომის უნარს, იძლევა ალერგიულ რეაქციებს, ტკივილგამაყუჩებელი წამლები თირკმლებზე ტოქსიკურად მოქმედებს.

განსაკუთრებით სახიფათოა ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა. ანტიბაქტერიული პრეპარატის შერჩევა, დოზა და მიღების ხანგრძლივობა უნდა დანიშნოს ექიმმა.

ხშირად ავადმყოფი, როგორც კი მომჯობინდება, თავს ანებებს მკურნალობას. ამ დროს ინფექცია შეიძლება მიყუჩდეს და თანდათანობით გადავიდეს ჯანმრთელ ორგანოებზე, არის მეორე საშიშროებაც: ბაქტერიები ეჩვევიან წამალს, რასაც მოჰყვება ახალი შტამების წარმოქმნა.

ბევრს ჰგონია, რომ ფიტოპრეპარატებს, სინთეტიკური წამლებისგან განსხვავებით, არა აქვს უკუჩვენებები, რაც არასწორია. ნებისმიერ წამალს აქვს ორგანიზმზე სხვადასხვა, მათ შორის ნეგატიური ზემოქმედების უნარი. ასე რომ, ფიტოთერაპიით მკურნალობისასაც დიდი სიფრთხილე გვმართებს.

გახსოვდეთ! არ არსებობს აბსოლუტურად უვნებელი პრეპარატები; მიიღეთ წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და დაიცავით რეკომენდაციები; წამლის მიღებამდე წაიკითხეთ ყოველი წამლის ინსტრუქცია.

თვითმკურნალობა განსაკუთრებით საშიშია ორსულებისა და ბავშვებისათვის.