როგორ ვითარდება ბავშვის მეტყველება - კვირის პალიტრა

როგორ ვითარდება ბავშვის მეტყველება

თქვენი პატარის ასაკის მეზობლის ბავშვი თითქმის ლაპარაკობს, თქვენი კი სიტყვასაც ვერ ამბობს? არ ინერვიულოთ და არ გაიქცეთ ექიმთან. ახლა ვნახოთ, თუ როგორ ვითარდება ბავშვის მეტყველება:

დაბადებიდან 3 თვემდე პატარა მხოლოდ ყურს უგდებს გარშემომყოფთა მეტყველებას და იწყებს გაურკვევლად ბგერების წარმოთქმას, ღუღუნებს...

3 თვიდან 6 თვემდე აქტიურად ვითარდება მხედველობით-სმენითი კავშირი, პატარა იწყებს ლაპარაკის გაგებას თავისებურად: უფროსების სერიოზული სახე და ხმამაღალი ლაპარაკი - ე.ი. რაღაც ისე არ არის, თუ იცინიან - ე.ი. ყველაფერი კარგადაა. ამის შესატყვისია ბავშვის რეაქციაც - იღიმის ან იწყებს ტირილს, კივილს და ეს რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, მაშინაც კი, როდესაც უკვე ლაპარაკობს, დადის და ა.შ.

6 თვიდან 10 თვემდე პატარა ამყარებს სიტყვებსა და საგნებს შორის კავშირს; ბავშვების უმეტესობა ცდილობს, უფროსების მიბაძვით წარმოთქვას "დე", "მა", "ბე", "ბა".

ერთი წლის ბავშვს შეუძლია უფროსების თხოვნით შეასრულოს მოქმედება: "აიღე ბურთი", "ჭამე ფაფა" და ა.შ. სურათზე ცნობს საგნებს და ცდლობს წარმოთქვას მისი სახელი. თუმცა მათი სიტყვათა მარაგი სულ 2-10 სიტყვაა.

ერთი წლის შემდეგ კი პატარა აქტიურად იწყებს სამყაროს შეცნობას, იღებს ახალ შთაბეჭდილებებს, ამიტომ მათ უკვე აღარ აკმაყოფილებთ მიმიკები და ჟესტები, ცდილობენ, გასაგებად გამოთქვან თავიანთი აზრები.

თუმცა დამოუკიდებლად აზრის გადმოცემას იწყებს 1,5-2 წლის ასაკში, რაც ნორმალურია. ამ დროს საჭიროა ყურადღება მიაქციოთ, როგორ რეაგირებს პატარა თქვენს მეტყველებაზე, ესმის თუ არა ყველაფერი, რაზე ელაპარაკებით, ასრულებს თუ არა თქვენს თხოვნას. პასუხი თუ დადებითია - ე.ი. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.

ერთი კია - შეეცადეთ ბავშვმა თქვენს შეკითხვებზე ("რას შეჭამ", "სად გავისეირნოთ" და ა.შ.) უპასუხოს ერთი ან ორი სიტყვით (ნაწილობრივ), თანდათან, 3 წლისა, ის შეძლებს მარტივი წინადადებების აგებას, პატარა ლექსის დამახსოვრებას და ა.შ.

ექიმს შეიძლება მხოლოდ მაშინ მიმართოთ, თუ პატარა სამი წლის შემდეგაც ჩუმად არის...