მიკოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა - კვირის პალიტრა

მიკოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

სტატისტიკით დედამიწაზე ყოველ მეხუთეს აწუხებს ფეხის ტერფებისა და ფრჩხილების სოკო - მიკოზი. ეს დაავადება გადადის ადამიანიდან ადამიანზე სპორების საშუალებით. ამისთვის საკმარისია მინიმალური კონტაქტი. ისინი ძალიან სიცოცხლისუნარიანები არიან. უძლებენ +100 გრადუს ცელსიუსამდე სითბოს და -60 გრადუს ცელსიუსამდე ყინვას, საუცხოოდ გრძნობენ თავს თბილ და ნოტიო ადგილებში - საშხაპეში, აბაზანაში, საუნაში, აუზში, აბანოში და ა.შ.

მიკოზით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან: დასუსტებული იმუნიტეტის მქონე, ბრტყელტერფიანი ადამიანები, რომელთაც აწუხებთ ოფლიანობა, აქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შაქრიანი დიაბეტი.

უმეტეს შემთხვევაში სოკოთი ავადდება ფეხის ტერფები, თითებს შუა ადგილები, ფრჩხილები, ხელის მტევნები. მიკოზს მკურნალობენ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. მკურნალობის გარეშე არ იკურნება, გადადის ქრონიკულში. პირველი სიმპტომებისთანავე - კანის სიწითლე, ქავილი, თითებს შუა სისველე, ფრჩხილების ფორმის შეცვლა - საჭიროა მიმართოთ დერმატოლოგს. დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობისთვის აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევები.

სოკო აზიანებს კანს და ფრჩხილებს, ამიტომ საჭიროა ატაროთ მოხერხებული და ხარისხიანი ფეხსაცმელი. სოკოთი დაავადების რისკის გამოსარიცხად კანის ნებისმიერი ჭრილობა დაამუშავეთ ანტისეპტიკით. არ შეეცადოთ სოკოს თვითმკურნალობას. თუ დროზე არ მიმართავთ ექიმს, სოკო სწრაფად გავრცელდება და მასთან ბრძოლა გართულდება.

ცნობისთვის: თუ ოჯახის რომელიმე წევრი დასნებოვნდა სოკოთი, მაშინ მკურნალობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები აუცილებელია ჩაიტაროს ოჯახის ყველა წევრმა.