მარწყვბალახას სიკეთე - კვირის პალიტრა

მარწყვბალახას სიკეთე

მარწყვბალახას სამკურნალოდ იყენებს როგორც ხალხური, ისე ოფიციალური მედიცინა. ყველასთვის ცნობილია მასზე დამზადებული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სამკურნალო მალამო. მარწყვბალახა კურნავს ძალიან ბევრ დაავადებას, არის: შემკვრელი, ანთებსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ოფლმდენი, ჭრილობების სწრაფად შემხორცებელი, სიცხის დამწევი. რადგან ის ბუნებრივი სტიმულატორია, სწრაფად აღადგენს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ყურადღებასა და კოორდინაციას, აქვეითებს არტერიულ წნევას.

ხალხურ მედიცინაში მარწყვბალახას ნახარშსა და ნაყენს იყენებენ კუჭისა და ღვიძლის დაავადებების, სისხლდენის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და რადიკულიტის სამკურნალოდ.

მისი ნახარში რეკომენდებულია ტუბერკულოზის, ფარისებრი ჯირკვლის, თრომბოფლებიტის, სიყვითლის, ქოლეცისტიტისა და ნევრალგიური დაავადებების სამკურნალოდ.

მარწყვბალახას ფესურათი მკურნალობენ ჰემოროის, კუჭის აშლილობას, დაქუცმაცებულ ბალახს ადებენ ჭრილობებს სწრაფად შესახორცებლად. შესივებულ ჯირკვალსა და ჰემოროიდულ კვანძებს. ნახარშს ივლებენ პირში ღრძილების დაავადებებისა და ანგინის დროს. აბაზანებით, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთებსაწინააღმდეგო საშუალება, მკურნალობენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს.

მარწყვბალახა შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთს, მაკრო და მიკროელემენტებს (კალციუმს, კალიუმს, მანგანუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, თუთიას, ბორს, კობალტს, ასევე საპონინებს, გუმფისს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ლორწოს, კაროტინს და ორგანულ მჟავებს. მარწყვბალახაზე ამზადებენ მალამოებს, ნახარშს, ნაყენსა და ზეთს.

ზეთი ასე მზადდება: მარწყვბალახას ფესურათი შეავსეთ ქილის 1/3, დანარჩენი კი - მცენარეული ზეთით. სამი კვირა გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაწურეთ და გამოიყენეთ დასაზელად. თუ ამ ნარევს შეათბობთ წყლის ორთქლზე და დაამატებთ ცვილს, მიიღებთ მალამოს, რომელიც შეგიძლიათ 6 თვე შეინახოთ მაცივარში.

სანამ მალამოს ან ზეთს სამკურნალოდ გამოიყენებთ, მანამდე უნდა მიიღოთ მარწყვბალახას სპირტიანი (ან არყიანი) ნაყენი. 10 წილი არაყი დაასხით 1 წილ ფესურას, გააჩერეთ სამი კვირა ოთახის ტემპერატურაზე (დროდადრო შეანჯღრიეთ), გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1,5-2 საათის შემდეგ (რათა კუჭის ლორწოვანა არ გააღიზიანოს).

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ წყლიანი ნაყენი: თერმოსში ჩაყარეთ 2 ს/კ ფესურა ან ბალახი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და სვით 1/2 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

მარწყვბალახას მკურნალობის დროს მენიუდან უნდა ამოიღოთ ხორცის ბულიონები, მარინადები, მარილიანი, მჟავე, შებოლილი, გაზიანი სასმელები, რძე, ალკოჰოლი, შეზღუდეთ ხორცის მიღება.

იკვებეთ ხილ-ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით, მწვანილით.

არარეკომენდებულია მარწყვბალახა ბრადიკარდიის, ფეხმძიმეების, მეძუძური დედებისა და 12 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის.