ქალბატონების საყურადღებოდ - დაიცავით ზომიერება! - კვირის პალიტრა

ქალბატონების საყურადღებოდ - დაიცავით ზომიერება!

სასარგებლო პროცედურებსაც კი, რომლის დროსაც არ დაიცავთ ზომიერებას, შეუძლია ზიანის მოტანა.

- თუ ვიტამინების მიღება გინდათ, მოეთათბირეთ ექიმს, რადგან ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის უკონტროლოდ მიღება არცთუ უსაფრთხოა. მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, თქვენს ორგანიზმს აკლია თუ არა რომელიმე სასარგებლო ნივთიერება. ნორმალური და მრავალფეროვანი საკვების მიღებისას ამ პრობლემამ არ უნდა შეგაწუხოთ. გახსოვდეთ, რომ გარდა ავიტამინოზისა, არსებობს ჰიპერვიტამინოზი, რომელიც ვნებს ორგანიზმს. თქვენი მენიუ უნდა შეიცავდეს ხორცს, თევზს, ახალ ხილ-ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, ერიდეთ ფასტუფუდებს.

გირჩევთ: - სიფრთხილე გამოიჩინეთ კანის მოვლის დროს. თუ მშრალი პირისკანი და ტუჩები გაქვთ, არ არის საჭირო წარამარა დამატენიანებელი კრემის ან ბალზამის წასმა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება და სხვა პრობლემები. სასურველი ეფექტის მიღწევა შეიძლება სწორად შერჩეული სამკურნალო კოსმეტიკით.

- ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ.

განუსაზღვრელმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტკივილი და ტრავმები. მეტიც, შეიძლება ორგანიზმი გამოფიტოს, ხელი შეუშალოს უჯრედების რეგენერაციას, დაასუსტოს იმუნიტეტი.

- მოიწესრიგეთ სითხის მიღების რეჟიმი: ხშირად გვირჩევენ, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, 2-3 ლ-მდე. თუმცა ექსპერტი-ფიზიოლოგების აზრით, დღე-ღამეში 1,5 ლ-ზე მეტი წყალი არ უნდა დავლიოთ, რადგან მეტი სითხე გამორეცხავს ორგანიზმიდან მარილებს და გამოიწვევს ელექტროლიტურ დისბალანსს.

თუ გსურთ გაიგოთ, საკმარის სითხეს, იღებთ თუ არა, დააკვირდით შარდს, თუ არასაკმარისად ბაცია, ე.ი. უნდა მიიღოთ მეტი სითხე ან ჩაატაროთ ასეთი ექსპერიმენტი:

ხელისგულზე იჩქმიტეთ, თუ კანი სწრაფად სწორდება, ე.ი. ყველაფერი წესრიგშია, თუ ნელა - მიიღეთ მეტი სითხე.

- ბევრი ძილიც მავნეა. გამოუძინებლობის არასასურველ ეფექტებზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ბევრი ძილის უარყოფით შედეგებზე - არაფერს. ვისაც ბევრი სძინავს, ზუსტად ისეთივე სიმპტომები აქვთ (უქვეითდებათ ავადმყოფობებისადმი ფიზიკური და ფსიქიკური აქტიურობა, წინააღმდეგობის უნარი), როგორიც უძილობით გატანჯულებს. იკითხავთ, რამდენი უნდა გვეძინოს? ინდივიდუალური ნორმა შეიძლება მერყეობდეს 5-დან 9 საათამდე.

კიდევ არსებობს მარტივი კრიტერიუმი: თუ დღის განმავლობაში ენერგიულად და მხნედ ხართ, კარგად გრძნობთ თავს, ყურადღება კონცენტრირებული გაქვთ და რული არ გეკიდებათ, ე.ი. ძილი არ გაკლიათ.

- დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. წამლების ინდივიდუალურად და არაზომიერად მოხმარება ძალიან საშიშია. მაგალითად, სურდოს დროს სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთების 3-7 დღეზე მეტხანს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა. ამას კი მოსდევს კომპენსაციური მექანიზმები, რომლებიც იწვევენ უფრო მეტი ლორწოს გამოყოფას და სუნთქვის დარღვევას.

- უჯრედისები აუცილებელია საკვების ნორმალურად მონელებისათვის (მას შეიცავს ხილ-ბოსტნეული, პარკოსანი და მარცვლეული). უჯრედისების დღიური ნორმაა - 25-30გ. მეტისმეტად ნუ მიეძალებით უჯრედისებით მდიდარ პროდუქტებს, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. ხილ-ბოსტნეულიც მიირთვით ზომიერად.