სიმინდი გემრიელიცაა და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

სიმინდი გემრიელიცაა და სასარგებლოც

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ეთერზეთებს, ქლოროფილს, C, K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს. სამკურნალოდ გამოიყენება მარცვლები, ულვაში და ღერო. სიმინდისგან ამზადებენ ფქვილს (აცხობენ მჭადს, ამზადებენ ფაფას, ჭვიშტარს და სხვ.), ღერღილს (ღომისა და ფაფისთვის), საჭმელ ზეთს, საქონლისთვის - სილოსს, მწვანე საკვებს.

სიმინდის ულვაში, რომელიც მოყვითალო-ოქროსფერია, შეიცავს C, K ვიტამინებს და მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება ნაღვლის სადინარებისა და ღვიძლის დაავადების დროს, აქვს სისხლის შეჩერების უნარი.

იგივე თვისებები აქვს ღეროსა და ფოჩს. მათი მიღებისას ძლიერდება ნაღვლის სეკრეცია, მცირდება მისი სიბლანტე, სისხლში მატულობს პროთრომბინის დონე და სისხლის შედედების უნარი.

სიმინდი, გლუტამინის წყალობით აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლას. E ვიტამინი ხელს უშლის დაბერების პროცესს.

სიმინდი აძლიერებს კუჭის პერისტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას, ხელს უშლის ყაბზობას.

სიმინდის ზეთი ორგანიზმს იცავს სხვადასხვა დაავადებისგან. მათ შორის - ასთმისაგან, შაკიკისაგან, კანის დაავადებებისგან, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს (საკმარისია დღეში 75გ), ე.ი. ათეროსკლეროზისგანაც გვიცავს.

სიმინდის ფქვილის აბაზანა ამშვიდებს კანის ანთებას, არბილებს გაუხეშებულ ადგილებს, ხსნის ქავილს, მისი ნიღაბი წმენდს, არბილებს და ანაზებს სახის კანს.