რატომ გვტკივა კისერი? - კვირის პალიტრა

რატომ გვტკივა კისერი?

სამუშაო დღის დასასრულს გეწყებათ მხრებისა და კისრის კუნთების ტკივილი, გიჭირთ თავის მობრუნება? ე.ი. დროა, მიხედოთ ამ პრობლემას.

კისრის 7 მალის წყალობით ვატრიალებთ თავს, ვსუნთქავთ, ვიცინით, ვღეჭავთ საკვებს. კისერზე გადის ზურგის ტვინი, მსხვილი არტერიები, ნერვული ღეროები და ფესვები, ლიმფური ძარღვები და კვანძები. ის მუდმივ მოძრაობაშია, უკიდურესად მგრძნობიარეა.

კისრის ტკივილს ყველაზე მეტად იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობა, რომლის მიზეზიც, უმეტეს შემთხვევაში ხდება დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში ყოფნა, მაგალითად, კომპიუტერთან. ტკივილი რომ შეიმსუბუქოთ, საჭიროა დაიჭიმოს მტკივნეული კუნთები, რაშიც დაგეხმარებათ შემდეგი ვარჯიში: კეფაზე შემოიწყვეთ ხელები, ჩასჭიდეთ ერთმანეთს, ჩაისუნთქეთ ღრმად, რამდენიმე წამით შეაჩერეთ სუნთქვა, ამავე დროს გაიმართეთ, ხოლო კეფაზე დაწყობილი ხელებით შეეწინააღმდეგეთ ამ მოძრაობას. უნდა იგრძნოთ ზურგისა და კისრის კუნთების დაჭიმულობით გამოწვეული ტკივილი. 5-7 წამის შემდეგ ამოისუნთქეთ, და ხელების კეფაზე დაწოლით მსუბუქად გადაიხარეთ წინ. დახრის დროს შეკუმშული კუნთები გაიშლება და დაჭიმულობა შემცირდება. ვარჯიში გაიმეორეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

კუნთების დაჭიმულობის სამკურნალოდ რეკომენდებულია მიიღოთ B ჯგუფის შემცველი წამლები და მიორელაქსანტები, რომლებიც აჩქარებენ ქსოვილების ცვლას და ხსნიანს კუნთების დაძაბულობას. გახსოვდეთ! წამლები აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.

თუ ორპირში მოხვდით და დილას კისერს ძლივს აბრუნებთ, გრძნობთ ძლიერ ტკივილს, ე.ი, გაგიცივდათ კისრის კუნთები (დაგემართათ კისრის მიოზიტი), ტკივილი გადაეცემა კეფას, მხრებსა და ბეჭებს. მიოზიტს მკურნალობს ნევროლოგი, რომელიც დაგინიშნავთ ანთებსაწინააღმდეგო წამლებს, სითბოს, ფიზიოპროცედურებს და მასაჟს.

არცთუ დიდი ხნის წინ ოსტეოქონდროზი ითვლებოდა მოხუცებულთა დაავადებად, დღეისათვის კი ის ბევრ ახალგაზრდას აწუხებს, რის მიზეზად ითვლება ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი (მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა), ზედმეტი წონა, სიმძიმის ტარება, მავნე ჩვევები, არასწორი კვება. კისრის ოსტეოქონდროზი ხერხემლის მალთა შორის თიაქრის გართულებული ფორმაა. ამ დროს ძლიერ ტკივილს იწვევს მალებს შორის ჩაჭყლეტილი ნერვი. ოსტეოქონდროზის მკურნალობა ითვალისწინებს სპეციალური ვარჯიშების კომპლექსს, მედიკამენტურ თერაპიას და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასაც.

კისერი სტკივათ იმ ადამიანებს, რომლებიც მკვეთრად რეაგირებენ სტრესებზე და არ შეუძლიათ მოთოკონ ემოციები. სტრესის დროს იძაბება კისრის, მხრებისა და ზურგის კუნთები. კუნთების სპაზმები იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას, ირღვევა სისხლის მიმოქცევაც, რაც იწვევს ტკივილს. ამ შემთხვევაშიც პრობლემის გადაჭრა შეუძლია ექიმს, რომელიც დანიშნავს ადეკვატურ მკურნალობას, მათ შორის ანტიდეპრესანტებსაც.