ვაშლი ჯანმრთელობის საწინდარია - კვირის პალიტრა

ვაშლი ჯანმრთელობის საწინდარია

100გ ვაშლი შეიცავს 86გ წყალს, 0,4 გ ცილას, 0,4გ ცხიმსა და 9,8გ ნახშირწყლებს, ასევე ჯანმრთელობისათვის ყველა აუცილებელ ვიტამინს, ბევრ კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, რკინას, თუთიას, კობალტს, იოდს; მანგანუმს, ფთორს, ქრომს, საკვებ უჯრედისებს, ორგანულ მჟავებს და სხვ.

ვაშლი ამაგრებს იმუნიტეტს, გვიცავს გაცივებისა და ინფექციებისგან. კაროტინი და A ვიტამინი, რომელსაც ეს ხილი შეიცავს, იცავს მხედველობას. იოდი და P ვიტამინი კი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, ამცირებს წნევას.

ვაშლი ანტიოქსიდანტების წყაროა, რომლებიც ხელს უშლიან დაბერების პროცესს და კიბოს განვითარებას. პექტინი ასუფთავებს ორგანიზმს მძიმე მეტალების, მარილებისა და რადიოაქტიური ელემენტებისგან, ხელს უშლის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. ვაშლი აქვეითებს ქოლესტერინს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

გასუქების, სისხლნაკლებობისა და ავიტამინოზის დროს დაამატეთ 1 ჩ/ჭ ვაშლის წვენს 1/3-1/3 პომიდვრისა და ლიმონის წვენი და დალიეთ დილას, ჭამის წინ. თუ ყოველდღე მიირთმევთ 2-3 ვაშლს - 1/2 ხახვს და 4 ფინჯან მწვანე ჩაის - ინფარქტის საშიშროება საგრძნობლად შემცირდება, გულძმარვის დროს - შეჭამეთ გათლილი ვაშლი. ქრონიკული ბრონქიტის დროს 2-3 კვირის განმავლობაში სვით მაჟალოს ნახარში, ხოლო სადილზე და ვახშმად ჭამეთ თაფლდამატებული ს/კ გახეხილი ვაშლისა და ხახვის ფაფა. ნაღველის გამოყოფას ხელს უწყობს დღეში 3 ვაშლის ჭამა. ვაშლი სასარგებლოა გულისთვის, განსაკუთრებით გონებრივი მუშაობის დროს.

ვაშლის  5-6 ც თესლი ორგანიზმისთვის იოდის დღეღამურ ნორმას შეიცავს.

ვაშლი კოსმეტიკური საშუალებაცაა. ყოველ დილით სახე გაიწმინდეთ ანტონოვკის ჯიშის ვაშლის პატარა ნაჭრით. სახეზე შეისხურეთ ნატურალური ვაშლის ძმარდამატებული წყალი (1 ჩ/ჭ წყალი:0,5 ჩ/კ ვაშლის ძმარი).

ცხიმიან, ფორებიან კანს უხდება - 2 ს/კ გახეხილი მჟავე ვაშლის და შვრიის ბურბუშელის ფაფა წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ მშრალი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამ ნარევს დაუმატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.

ცნობისათვის: ვაშლი არ არის რეკომენდებული მწვავე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. გირჩევთ: ვაშლი ჭამოთ დილით, საუზმემდე 20 წუთით ადრე, სადილზე და არა საღამოს ძილის წინ, რადგან ის კუჭში იწვევს დუღილს, რაც მშვიდ ძილს დაგირღვევთ. სამსახურში თუ შიმშილმა შეგაწუხეთ, ტკბილეულის ნაცვლად ჭამეთ ვაშლი და შიმშილის გრძნობაც გაქრება.