ნერვულ დაავადებათა პროფილაქტიკა - კვირის პალიტრა

ნერვულ დაავადებათა პროფილაქტიკა

ნერვული სისტემის დაავადებები იმ პათოლოგიათაგანია, რომელთა პრევენციაც განსაკუთრებით შედეგიანია. როგორ დავიცვათ თავი ნერვული სისტემის გადატვირთვისგან და როგორ მოვიქცეთ ამ სისტემის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, ამაზე სასაუბროდ ნევროლოგ მზია ყიზილაშვილს ვეწვიეთ.

- რა არის ინსულტი და რა მიიჩნევა მის რისკ-ფაქტორად?

- ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. მისი რისკ-ფაქტორები გახლავთ: უკვე გადატანილი ინსულტი, არტერიის კედლის ათეროსკლეროზული დაზიანება, მაღალი არტერიული წნევა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრების უმოძრაო ან ნაკლებმოძრავი წესი, ჭარბი წონა, თამბაქოს მოწევა, ხშირი სტრესი.

- რას გულისხმობს ინსულტის პროფილაქტიკა?

- ინსულტის პროფილაქტიკა გულისხმობს: შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს, რაციონალურ კვებას, ძილის მოწესრიგებას, ოჯახსა და სამსახურში ნორმალური ფსიქოლოგიური კლიმატის უზრუნველყოფას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების: გულის იშემიური დაავადების,  ჰიპერტონიული დაავადებისა და არითმიის -  დროულ მკურნალობას.

- რომელ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს მალთაშუა დისკოს დაზიანებები და რა არის მათი ძირითადი მიზეზი?

- დისკოს დაავადებები უმთავრესად 20-დან 45 წლამდე ასაკის პირებში გვხვდება. ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი ფიზიკურად ყველაზე მეტად იტვირთება. დისკოს თიაქარი უმეტესად ტრავმას უკავშირდება. აქ იგულისხმება როგორც საგზაო, საყოფაცხოვრებო, შრომითი თუ სპორტული გენეზის ტრავმები, ისე სხვადასხვა სახის ქრონიკული დაზიანება, რომლებიც თავს იჩენს სიმძიმის აწევისა და უხერხული მოძრაობის დროს. ეს უკანასკნელი ფაქტორები მალთაშუა თიაქრებს უკვე დაზიანებულ დისკოებში აჩენს, ანუ იქ, სადაც საამისო წინა პირობა უკვე შექმნილია და ჩვეულებრივმა უხერხულმა მოძრაობამაც კი შეიძლება დისკოს თიაქარს მისცეს დასაბამი, ჯანმრთელ დისკოში თიაქრის განსავითარებლად კი გაცილებით სერიოზული ტრავმაა საჭირო.

- რა უწყობს ხელს დისკოს თიაქრის განვითარებას?

- მთავარი ფაქტორი სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნაა. ადამიანის ხერხემლის მალებს შორის ყველაზე დიდი დატვირთვა წელის მალებს ადგება, თუმცა თიაქარი მხოლოდ ამ დონეზე არ ჩნდება; ის შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც კისრის, ისე გულმკერდის მალებშიც.

- რას ურჩევდით მკითხველს დისკოს თიაქრის საპროფილაქტიკოდ?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია: აქტიური ცხოვრების წესი (რეკომენდებულია ცურვა); შინ და სამსახურში კომპიუტერთან მუშაობისას ეცადეთ, დასხდეთ სპეციალურ საოფისე სკამზე, რომელიც ხერხემალს მეტ-ნაკლებად განტვირთვის საშუალებას აძლევს;

ტელევიზორის ყურებისას ჯობს უპირატესობა ნახევრად მწოლიარე ტიპის სავარძელს მიანიჭოთ;

მნიშვნელოვანია ავტომობილში მძღოლის სავარძლის სწორად შერჩევაც, რადგან საჭესთან მოუხერხებლად ჯდომა ოსტეოქონდროზის გართულების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია;

ხერხემლის მთავარი მტერი უმოძრაობაა, ამიტომ მისი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ფიზკულტურაა. სასურველია მეტი მოძრაობა და ცურვა. სირბილის დროს ხშირია ხერხემლის დისკოების მიკროტრავმირება, ამიტომ სირბილის დროს სიფრთხილეა საჭირო. ხერხემლის მოქნილობისთვის რეკომენდებულია ყოველ დილით 15-წუთიანი ვარჯიშის ჩატარება.

- ნევროზული მოშლილობა ჩვენს ქვეყანაში ისევე გავრცელებულია, როგორც სომატური დაავადებები, ამიტომ საინტერესოა, რა ასაკში შეიძლება განვითარდეს იგი.

- ნევროზმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, ამასთან, განსხვავებული ფორმებით. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებთან არის დაკავშირებული და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვის შედეგია. დღეს ჩვენი მოსახლეობის 70-80%-ს სხვადასხვა ფორმის ნევროზი აქვს.

- როგორ მოვიქცეთ ამგვარ მოშლილობათა თავიდან ასაცილებლად?

- ნევროზული მდგომარეობის ჩამოყალიბებას დიდად უწყობს ხელს უძილობა. ამრიგად, ნევროზის პროფილაქტიკაში ძილის მოწესრიგებას უდიდესი როლი ეკისრება. ერთსა და იმავე დროს დაწექით დასაძინებლად, ძილის წინ ივარჯიშეთ ან ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ნუ დალევთ დაწოლამდე 3-4 საათით ადრე ყავას ან რომელიმე სხვა მატონიზებელ სასმელს. თუ ძილი მაინც ვერ მოიწესრიგეთ, მიმართეთ სპეციალისტს უძილობის მიზეზისა და ხასიათის დასადგენად, რათა დროულად იმკურნალოთ.

ბევრს შველის ფსიქოთერაპევტთან საუბარი, ცხოვრების რთულ პერიოდში მეგობრისთვის გულის გადაშლა. ხშირად ნევროზი საკუთარი გარეგნობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შედეგია, ამიტომ აუცილებელია დასვენების, შრომისა და კვების მართებული რეჟიმის შერჩევა, რადგან უპირატესად სწორედ მისი დარღვევა იწვევს ადამიანში გარეგნულ ნიშან-თვისებათა არასასურველ ცვლილებას. დროდადრო ბუნების წიაღში გასეირნება, განტვირთვა პრობლემებს დროებით გვავიწყებს და მათდამი დამოკიდებულების შეცვლაშიც გვეხმარება - ისინი ისეთი მძიმე და მოუგვარებელი აღარ გვეჩვენება, გამოსავალსაც უფრო იოლად ვპოულობთ. რთულ, დაძაბულ პერიოდებში რაც შეიძლება ნაკლები სვით და ნაკლები მოსწიეთ. ალკოჰოლი და ნიკოტინი პრობლემების მოგვარებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ.  შესანიშნავი შედეგი აქვს რელაქსაციურ სეანსებს, რამდენიმე მათგანი საკმარისია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. ასე რომ, თუ გარე სამყაროს ვერაფერს უხერხებთ, საკუთარი თავის შეცვლა ნამდვილად შეგიძლიათ.

ეკა ჭავჭავაძე