როცა ბავშვი მოწყენილია... - კვირის პალიტრა

როცა ბავშვი მოწყენილია...

თითქოსდა ყველაფერი გაქვთ - ფერადი ფანქრები, საღებავები, სათამაშოები, საბავშვო წიგნები, ჟურნალები - რაც პატარას გაართობს, მაგრამ ის მაინც მოწყენილია. ფსიქოლოგები ასახელებენ ამის ოთხ მიზეზს:

პირველი მიზეზი: -ბევრ სკოლამდე ასაკის ბავშვს არ შეუძლია მშობლების და უფროსი და-ძმის გარეშე დამოუკიდებლად თამაში.

მშობლების ამოცანაა - ასწავლონ მას დამოუკიდებლად ითამაშოს. ამისთვის საჭიროა წააქეზოთ (წაახალისოთ დამოუკიდებელი თამაშისთვის. თუკი ბავშვი რაღაცით არის გატაცებული, შეუქმენით კეთილსასურველი გარემო - გამორთეთ ტელევიზორი (თუკი ჩართულია), შეუმჩნევლად გადით ოთახიდან. ცოტა ხნის შემდეგ შეხედეთ, თუკი პატარა არ გთხოვთ, თამაშის პროცესში არ ჩაერიოთ.

ხშირად შესთავაზეთ სიტუაციურ-როლებიანი თამაში: ეს თამაშები მის წარმოსახვას გაამდიდრებს. მაგალითად, ტახტზე დასვით თოჯინები და უთხარით, რომ ეს საბავშვო ბაღია, პატარა კი - აღმზრდელი. დაე მან მოიფიქროს ან გაიხსენოს საბავშვო ბაღის სიტუაციები (ეზოში თამაში, საუზმე, და სხვ.), დაელაპარაკოს თითოეულ "აღსაზრდელს". თუ დასაწყისში პატარას გაუჭირდა, უკარნახეთ, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მალევე გადით თამაშიდან. სწორად შეურჩიეთ სათამაშო: ისინი არ უნდა იყოს ძალიან რთული ან ძალიან მარტივი. ორივე შემთხვევაში ბავშვი ძალიან სწრაფად კარგავს მათდამი ინტერესს. გარდა ამისა, ეს სათამაშოები უნდა შეესაბამებოდეს ასაკს და იყოს სხვადასხვა კონსტრუქტორი, სათამაშო-თავსატეხი, მუსიკალური სათამაშო, ცხოველის, ფრინველის ფიგურები, კომპიუტერული - განმავითარებელი თამაშები და ა.შ.)

მეორე მიზეზი : - ბევრი ბავშვი უარს ამბობს ითამაშოს დამოუკიდებლად, როდესაც ოთახში დედა და მამაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აკლია მშობლების ყურადღება. მშობლებმა დიდი დრო უნდა დაუთმონ პატარას, ითამაშონ მასთან ერთად, ისეირნონ, იმღერონ, მოუსმინონ მუსიკას, წაუკითხონ ზღაპრები და ა.შ.

მესამე მიზეზი: -  დღეს ბავშვებში ძალიან გავრცელებულია ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ასეთ ბავშვს არ შეუძლია რამდენიმე წუთზე მეტხანს ყურადღება მიაპყროს რომელიმე საქმიანობას. საჭიროა მასთან ერთად ითამაშოთ, დასაწყისში პატარა ხშირად მალევე ტოვებს თამაშს, მაგრამ უნდა შეეცადოთ, მიაქციოთ მისი ყურადღება თამაშის პროცესისადმი. როგორც კი ბავშვს თამაში მოეწონება, ის დამოუკიდებლად სიამოვნებით გააგრძელებს თამაშს.

მეოთხე მიზეზი: - იმ დატვირთვას, რომლებსაც ბავშვები განიცდიან (ბაღშიც კი - ცეკვავენ, მღერიან, ვარჯიშობენ, მეცადინეობენ და ა.შ.), ვერ უძლებენ. დაღლა მათი მუდმივი თანამგზავრია, რომელმაც შეიძლება მათში დეპრესიაც კი გამოიწვიოს.

მშობლებმა თვალყური უნდა მიადევნონ, რომ ბავშვებმა კარგად გამოიძინონ, კარგად იკვებონ, ხშირად ისეირნონ, ითამაშონ თანატოლებთან ერთად, თუ გეშინიათ მისი ეზოში მარტო გაშვება, მაშინ მისი მეგობრები დაპატიჟეთ შინ.