სანამ დაავადება სახიფათო ზღვრამდე მივა - კვირის პალიტრა

სანამ დაავადება სახიფათო ზღვრამდე მივა

დერმატოლოგების თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით მატულობს კანის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, სოკოვანი დაზიანებები და სხვა. ამასთან ბავშვებში განსაკუთრებით იმატა მძიმე ფორმის ალერგიულმა დერმატიტებმა, რის მიზეზადაც, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმები აცრებსა და ანტიბიოტიკების დიდი რაოდენობით გამოყენებას მიიჩნევენ. მათივე თქმით,  მდგომარეობას ამძიმებს არასრულფასოვანი საკვები, დაბალხარისხიანი ტკბილეულის ნაწარმი, ატმოსფეროს დაბინძურება და სტრესები. პაციენტების უმრავლესობა სამწუხაროდ, ექიმთან მხოლოდ მდგომარეობის გამწვავების შემდეგ მიდის, რაც მკურნალობას ართულებს.

თორნიკე ალაშვილი  ექიმი-ჰომეოპათი: ხშირ შემთხვევებში თანამედროვე მედიცინა კანზე გამონაყარს  მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით, მალამოებით და ხსნარებით მკურნალობს. პრობლემის გამომწვევი ძირეული მიზეზები კი უყურადღებოდ რჩება.

ბოლო დროს, დერმატოლოგიურ კლინიკებში ყურადღება მიექცა ალტერნატიულ მედიცინას, რადგან კომპლექსური მკურნალობა განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა. კონკრეტულად, ჰომეოპათიის მიხედვით, მკურნალობა სჭირდება არა კონკრეტულ დაავადებას, არამედ ორგანიზმს მთლიანობაში. ამიტომაც მედიცინის ეს მიმართულება ითხოვს კანზე გამონაყარის, დაავადების საწყისი მიზეზის კვლევას და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება მკურნალობა. ვებრძვით დაავადების გამომწვევ კერას და არა მხოლოდ მის გამოვლინებას.

- კანის დაავადებები შეიძლება გახდეს შინაგანი გართულებების მიზეზი?

- მაგალითად, ფსორიაზი იწყება კანზე და გადადის შინაგან ორგანოებზე.  როდესაც გარეგანი საშუალებებით  ვმკურნალობთ ფსორიაზს, ხშირად ღვიძლის და გულსისხლძარღვთა დაავადებებიც რთულდება.P იყო შემთხვევა, რომ პაციენტს აწუხებდა ფსორიაზი, მან იმკურნალა კანის ექიმთან. სიმპტომები გაქრა,  მაგრამ პაციენტს გაუუარესდა ღვიძლის მდგომარეობა, განუვითარდა წნევა და  სტენოკარდიული შეტევები. ექიმებმა გადაწყვიტეს მკურნალობის პროცესში ჰომეოპათიური მეთოდის ჩართვა. ამ დროს კანზე კვლავ გამოჩნდა გამონაყარი, მაგრამ უკან დაიხია წნევამ და სტენოკარდიულმა შეტევებმა. ეს საშიში აღარ იყო, რადგან ჰომეოპათიას დაავადება შიგნიდან გარეთ გამოაქვს და ასე კურნავს ორგანიზმს. რამდენიმე თვეში ფსორიაზიც განიკურნა.

- ბავშვებსაც ურთულდებათ ფსორიაზი?

- სამწუხაროდ, ამის ფაქტებსაც ხშირად ვხვდებით. 11 წლის მოზარდს დერმატოლოგებმა ფირფიტოვანი ფსორიაზის დიაგნოზი დაუდგინეს. როგორც გაირკვა, დაავადება თავდაპირველად დიათეზის მძიმე ფორმით დაიწყო, შემდეგ განვითარდა ატოპიური დერმატიტი და ბოლოს ფსორიაზი, პერიოდულად სეფსისიც უვითარდებოდა. ჰომეოპათიური პრეპარატებით გავაძლიერეთ იმუნიტეტი, ორგანიზმი გავწმინდეთ ტოქსინებისგან და მოვაწესრიგეთ ფსიქოემოციური სფერო. ბავშვის მდგომარეობა საიმედო გახდა.

ასევე გვყავს პაციენტი, 5 წლის ბავშვი, რომელსაც ბრონქიალური ასთმის ხშირი შეტევები აწუხებდა.  ბავშვს თავდაპირველად კანზე გამონაყარი გაუჩნდა, რომელიც შეფასდა როგორც ატოპიური დერმატიტი და ჩაუტარდა გარეგანი მკურნალობა. შედეგად გამონაყარი გაქრა, მაგრამ პაციენტს განუვითარდა ბრონქიალური ასთმა. ჰომეოპათიური მკურნალობით  შეტევები შემცირდა, მაგრამ კანზე განახლდა გამონაყარი. გარკვეული დროის შემდეგ ორივე დაავადების ნიშნები გაქრა. ამგვარად, კანის დაავადებები პირდაპირ კავშირშია ადამიანის სხვა შინაგან პრობლემებთან. ხშირად ხდება, რომ თანამედროვე მალამოები ეფექტურია ეგზემის ან ფსორიაზის დროს,  მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ფართოვდება და მატულობს გამონაყარის არეალი, ვიღებთ გენერალიზებულ ფორმებს, რომელთა მკურნალობას უკვე დიდი დრო სჭირდება. ეს შედეგია იმისა, რომ ყურადღება არ ექცევა გამომწვევ მიზეზებს. ყველა ქრონიკული დაავადება მიმართულია გარედან შიგნით, ანუ პირველად ვლინდება კანზე პერიფერიულად და შემდეგ ის ვრცელდება ორგანიზმში. მწვავე დაავადებები კი პირიქით, მიმართულია შინაგანი ორგანოებიდან კანისკენ. Mმწვავე დაავადებების თვითგანკურნება, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებით მკურნალობა შესაძლებელია, ქრონიკულ შემთხვევაში კი დაავადება დროებით ითრგუნება. თუმცაღა, გვაქვს გამოცდილებაც, რომ შემოვატრიალოთ პროცესი და ქრონიკული დაავადებაც თვითგანკურნების გზაზე დავაყენოთ.