ღვიძლი მნიშვნელოვანი ორგანოა - კვირის პალიტრა

ღვიძლი მნიშვნელოვანი ორგანოა

ღვიძლის ფუნქციების სია, რომელსაც ორგანიზმი ასრულებს, 500 პუნქტისგან შედგება. მისი მთავარი დანიშნულებაა - დაიცვას ჩვენი შინაგანი ორგანოების სისუფთავე, გაათავისუფლოს ის ბიოლოგიური ნარჩენებისაგან. ამისთვის ღვიძლი ყოველდღე გამოიმუშავებს ლიტრამდე ნაღველს: ტოქსინები, რომლებიც წარმოიქმნება ნივთიერებათა ცვლის დროს, გამოიდევნება მასთან ერთად. ღვიძლი თავადაც საჭიროებს დახმარებას.

თუ აქტიურ ცხოვრებას ეწევით, მაშინ თქვენი ღვიძლიც აქტიურად შრომობს, თუნდაც იმიტომ, რომ მის ფილტრებში გაივლის 1,5-2-ჯერ მეტი სისხლი, ვიდრე მათი, ვინც მთელი დღეები ერთ ადგილას ზის. ღვიძლმა დღე-ღამეში უნდა განახორციელოს წმენდის 400 ციკლი, მაგრამ სისხლის ნაკლებად მოძრაობის დროს ასწრებს მხოლოდ 200-ჯერ გაფილტვრას. სწორედ ეს აბინძურებს ორგანიზმს. ჰიპოდინამიის დროს ტოქსინები გროვდება მასშიც და ღვიძლშიც.

ცხიმიანი და ტკბილი საკვების მოყვარულების ღვიძლი კი ცურავს ცხიმში, რაც მეტი ცხიმი გროვდება აქ, მით უფრო უძნელდება ღვიძლს ორგანიზმის დეტოქსიკაცია. თავდაპირველად ღვიძლმა შეიძლება არ შეგაწუხოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ის უკვე ვეღარ ახერხებს სათანადოდ ორგანიზმის "დასუფთავებას", რაც ვლინდება კანის ფერის შეცვლაში, მუწუკებისა და ქერტლის წარმოქმნაში. ამ დროს საკმარისია რაციონის რეგულირება, აქტიური ცხოვრების წესის დაცვა და ერთ თვეში პრობლემა მოიხსნება, მაგრამ თუ არ მივხედეთ, იწყება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა მხარეს და ნაღვლის ჭვალი: ბოლოს, შეიძლება ღვიძლმა უარი თქვას მუშაობაზე.

ღვიძლის სამკურნალო სპეციალური პრეპარატები - ჰეპატოპროტექტორები ორი სახისაა: ნატურალური, რომლებიც იცავენ ღვიძლს და ესენციურ ფოსფოლიპიდებზე დამზადებული პრეპარატები, რომლებიც ეხმარებიან ღვიძლს უჯრედების აღდგენაში.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საერთოდ ორგანიზმის გაწმენდა შეიძლება მინერალური წყლებითაც (ე.წ. ტუბაჟით). მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, რათა ნაღველში დაგროვილმა სილამ ან კენჭებმა არ ჩაკეტოს ნაღვლის ბუშტის სადინარი და საჭირო არ გახდეს ოპერაცია. ტუბაჟის ჩატარება ასევე არარეკომენდებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ხოლო ნაღვლის ბუშტის პიროკინეზიის, ქრონიკული შეკრულობის, ზედმეტი წონისა და მაძღრისად ჭამის შემდეგ ძალიან სასარგებლოა ეს პროცედურა.

ტუბაჟის (ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვა) დროს შეიძლება გამოიყენოთ "ბორჯომი", "ნაბეღლავი". უმჯობესია თბილი და გაზგასული 1/3 ჩ/ჭ მინერალური წყალი დალიოთ კვარტალში ერთხელ ორი კვირის განმავლობაში 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

არ გირჩევთ თვითმკურნალობას, ნებისმიერი პროცედურა, მათ შორის ტუბაჟიც, მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ ექიმის დანიშნულებით უნდა ჩაიტაროთ, რათა ღვიძლმა დაუბრკოლებლად იმუშაოს. რაციონში გაითვალისწინეთ დაბალკალორიული პროდუქტი. შეზღუდეთ ტკბილი, მწარე, ცხარე, შებოლილი, კონსერვები,  მარინადები, მარილიანი, ცხიმიანი კერძები, მდნარი ყველი, ღვიძლის, ლორის, ცხვრის ხორცის, შოკოლადის მიღება. სასურველია, საერთოდ უარი თქვათ ალკოჰოლსა და ყავაზე.

ჭამეთ მეტი ორთქლზე მომზადებული ზღვის პროდუქტი, განსაკუთრებით ზღვის უცხიმო თევზი, რომლებიც ლიპოტროპული ნივთიერებების მეშვეობით ეხმარება ღვიძლის უჯრედებს ცხიმის მოშორებაში, რათა აქტიურად შეუწყოს ხელი დეტოქსს.

ჭამეთ ცილის ომლეტი (კვერცხის გულის გარეშე), უცხიმო ხაჭო და რძემჟავა პროდუქტი, ახალი, ორთქლზე მოხარშული და მოშუშული ბოსტნეული (სალათები, გარნირები და ა.შ.). ზღვის კომბოსტოს სალათა, ყაბაყი, ახალი ხილი, მწვანე ჩაი. კვირაში 2-ჯერ ორგანიზმი განიტვირთეთ, მენიუში გაითვალისწინეთ კეფირი, ხაჭო, გაზგასული მინერალური წყალი (დღეში არანაკლებ 1,5-2ლ).

გთავაზობთ განტვირთვის მენიუს:

პირველი საუზმე: ბრინჯის ან ბოსტნეულის გარნირიანი (250გ) ორთქლზე მომზადებული თევზი, უშაქრო მწვანე ჩაი.

მეორე საუზმე: 100გ უცხიმო (ახალი) ხაჭო, აირღუმელში შებრაწული ვაშლი.

სადილი: უცხიმო ზღვის თევზის წვნიანი ბოსტნეულით (250გ), 100გ მოხარშული კარტოფილი, 125გ უშაქრო ხილის ჟელე.

სამხარი: 150გ კვერცხის ცილის ომლეტი, შტოშის ან ასკილის ნახარში.

ვახშამი: 100გ მოხარშული კრევეტები ბრინჯის გარნირით ან 150გ კარტოფილის პიურე.

100გ ზღვის კომბოსტოს სალათა, მწვანე ჩაი.