გოგრა - ნარინჯისფერი მკურნალი - კვირის პალიტრა

გოგრა - ნარინჯისფერი მკურნალი

გოგრით ამზადებენ წვნიანს, ფაფას, გარნირს, მაჭკატებს, წვენს... ის ასევე საუკეთესო სამკურნალო საშუალებაცაა. უხვად შეიცავს კაროტინს, B, С, PP, E ჯგუფის და D ვიტამინებს. გოგრა ხელს უწყობს პატარების ზრდას, მოზრდილებში - კალციუმის შეწოვას, აფერხებს დაბერების პროცესს, წონაში მომატებას.

როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი - ანტიდეპრესანტია. გოგრა ხელს უწყობს წყლულების სწრაფად შეხორცებას. შეიცავს სპილენძს, ფოსფორსა და რკინას, რისთვისაც სასარგებლოა ანემიის და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის, ხოლო პექტინის წყალობით ებრძვის ქოლესტერინს.

გოგრა სასარგებლოა ღვიძლის, თირკმლების, კუჭ-ნაწლავის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავებისას, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.

თირკმლების მკურნალობის დროს უნდა მიიღოთ 1/2 ჭიქა უმი გოგრის წვენი დღე-ღამეში. ტკბილი ნარინჯისფერი წვენი დამამშვიდებლად მოქმედებს, აუმჯობესებს ძილს (ღამით: 1/2 ჭიქა), გულის დაავადებებისა და თირკმლებისგან გამოწვეული შეშუპების დროს 4 თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ დღე-ღამეში 0,5კგ უმი გოგრა, მოხარშული ან შემწვარი  - 1,5კგ.

უძველესი დროიდან იყენებენ გოგრის თესლს ჭიების საწინააღმდეგოდ. ათქვიფეთ 1 ჩ/ჭ გარჩეული, დანაყილი გოგრის თესლი, 1 ს/კ თაფლი, 2 უმი კვერცხის გული, და 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი. მიიღეთ უზმოზე დილით, მარჯვენა გვერდზე დაიდეთ ცხელი სათბური და იწექით 2 საათი. 10 პროცედურის შემდეგ 10-10-დღიანი შესვენებებით გაიმეორეთ კიდევ 2-ჯერ.

ცისტიტის დროს: 200 გ დაფქულ თესლს დაამატეთ 1/2 ლ ადუღებული წყალი, ღამით დატოვეთ თერმოსში, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.

თუთიით მდიდარი 1 მუჭა გოგრის თესლი იცავს მამაკაცებს პროსტატისაგან - ხელს უწყობს შარდის გამოყოფის პროცესს.

გოგრის ზეთი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, აღადგენს ნერვულ სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს პოტენციას.

გოგრის ყუნწის ნახარშის სავლები აცხრობს კბილის ტკივილს.