თავბრუ გეხვევათ? - კვირის პალიტრა

თავბრუ გეხვევათ?

ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც წარმოიშვას და ისეთითაც, რომელიც ექიმის ჩარევას მოითხოვს.

თუ ღრმა განცდებისა და სტრესის შემდეგ იგრძნობთ თავბრუს, ნუ აღელდებით, ეს გამოწვეულია ადრენალინითა და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმებით.

თავის ტვინის სისხლით მომარაგების დროებითი გაუარესებაც იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. თავბრუ შეიძლება გამოიწვიოს ასევე ხანგრძლივმა მგზავრობამ - მიზეზი არასრულყოფილი ვესტიბულარული აპარატია, რომელიც მდებარეობს შიდა ყურში. ის გვინარჩუნებს წონასწორობასა და გარემოში ორიენტირების უნარს, მაშინაც კი, როცა თვალდახუჭული ვართ. ვესტიბულარული აპარატის ნებისმიერ ნაკლს შეუძლია გამოიწვიოს რხევისა და თავბრუს სახით გარემოში კოორდინაციის დარღვევა.

მისი მუშაობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ სპეციალური ვარჯიშები. საუკეთესო საშუალებებია: საქანელაზე ქანაობა, აერობიკა, ცურვა და სპორტული თამაშები (ფრენბურთი, კალათბურთი და სხვ.).

ხანგრძლივი მგზავრობის წინ - მაძღრისად ნუ მიირთმევთ, და თუ გზაში თავი ცუდად იგრძენით, ხელი ხელისგულით ზევით დაიდეთ მუხლზე და ცერა თითით გაიკეთეთ მასაჟი მაჯაზე, შემდეგ კი ხელისგულის შუაში.

თავბრუს მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი წნევა. ჰიპოტონიკები ხშირად დილით გაღვიძებისას გრძნობენ, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებათ... ძილის დროს ჰიპოტონიკებში სისხლი გროვდება მუცლის არეში და ტვინი სისხლით ნაკლებად მარაგდება. ეს რომ არ მოხდეს, დაბალწნევიანებმა უნდა ისწავლონ დილით საწოლიდან სწორად ადგომა. გაღვიძებისთანავე ნუ ადგებით, იწექით ცოტა ხანს, გააკეთეთ ხელებით და ფეხებით მარტივი მოძრაობები, რათა სისხლი გადავიდეს სისხლძარღვებში. შემდეგ წამოჯექით და გადმოდით საწოლიდან ნელა. დაბალი წნევის დროს სასარგებლოა ცივი წყლის გადავლება და კონტრასტული შხაპი. წყალი თანდათანობით გააცივეთ.

ხშირად თავბრუს მიზეზი ვესტიბულარული აპარატის დაავადებაა, რომელსაც ექიმები ვერტიგოს ეძახიან. ის ვლინდება მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებით, ცივი ოფლით, პირღებინებით და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით.

თუ თავბრუს თან სდევს სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი (ხმაური) ან სტვენა, ეს შეიძლება იყოს მენიერის დაავადება.

სწორი დიაგნოზის დასასმელად და ამ დაავადებების სამკურნალოდ მიმართეთ ნევროპათოლოგსა და ოტონევროლოგს. ამ დაავადებების პირველი სიმპტომებისთანავე ეწვიეთ სპეციალისტებს.

თავბრუს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ხერხემლის კისრის არის ოსტეოქონდროზი. ხშირად ამის მიზეზი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესია, ამ დროს თავბრუ გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეც.

ნევროლოგი დიაგნოზის დასმის შემდეგ დაგინიშნავთ სპეციალური ვარჯიშების კომპლექსს, მედიკამენტებს, ფიზიოპროცედურებს.

ცნობისთვის:

ხშირად თავბრუ შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლების, ანემიის, დიაბეტის, ჰიპერტონიისა და სხვა დაავადებების სიმპტომი. თუ თავბრუ უმიზეზოდ გეხვევათ, დიდხანს გრძელდება და მეორდება - მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც უეცარ თავბრუს თან სდევს მხედველობის გაუარესება, მგრძნობელობის შეცვლა, კოორდინაციის დარღვევა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!

თავბრუ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი წამლის მიღებამ, მაგალითად, ანტიჰისტამინებმა, ანტიბიოტიკებმა, დამამშვიდებელმა ან ტრანკვილიზატორებმა. ამ დროს მიმართეთ მკურნალ ექიმს და ის შეგირჩევთ თქვენთვის ბევრად უვნებელ წამალს.

გახსოვდეთ! ოსტეოქონდროზის გამწვავებისას არარეკომენდებულია თბილი პროცედურები, შეიძლება მდგომარეობა გაამწვავოს.