"ნევროზის თვითმკურნალობა კატეგორიულად მიუღებელია" - კვირის პალიტრა

"ნევროზის თვითმკურნალობა კატეგორიულად მიუღებელია"

სტრესი, შფოთვა, გაღიზიანება - ყველაფერი ეს, ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, ლამის ყველა ჩვენგანს აღენიშნება. ხშირად ვფიქრობთ, რომ ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, ფსიქოლოგიური პრობლემებიც გაივლის, მაგრამ ვცდებით, რადგან თითქოს უწყინარი ჩივილები ნევროზით მთავრდება. ექიმები ამბობენ, რომ მოსახლეობაში ნევროზული ფონი კატასტროფულად მომატებულია და მზად არიან, პაციენტებს უფასო კონსულტაციებიც კი გაუწიონ.

ინგა ლუზანი, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის განყოფილების უფროსი: - მოსახლეობაში მომატებულია შფოთვითი აშლილობები. სოციალური ფონი, ომის შემდგომი განცდები, ღორის გრიპით გამოწვეული პანიკა, - ყოველივე ეს მიზეზთა შორის განიხილება. იმატა პანიკურმა შიშებმა, სხვადასხვა ფობიამ. სამწუხაროდ, პაციენტები იშვიათად მიმართავენ ექიმს, რადგან ვიზიტის ფული არა აქვთ. ამიტომ თქვენი დახმარებაც გვჭირდება, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ჩვენი ინიციატივა, - ყველა მსურველს ჩვენ უსასყიდლოდ გავუწევთ კონსულტაციას.

ამ კატეგორიის მოქალაქეებს დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. იმატა სუიციდის შემთხვევებმა, რაც მძიმე დეპრესიის შედეგია. პირველი სიმპტომი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის შფოთვა, უძილობა, ზოგადი ასთემია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, პანიკური შიში. შესაძლოა, ამას დაემატოს სომატური სიმპტომებიც, შეგრძნებები, - თითქოს გულის არეში ტკივილი, სულის ხუთვა, სპაზმური მოვლენები, შაკიკი, თავის ტკივილი.

ნევროზის მნიშვნელოვანი სიმპტომია უძილობა. ძირითადად, ამით იწყება დაავადება და შემდეგ სწორედ ეს ართულებს, იწვევს გადაღლასა და სხვა სიმპტომების გაძლიერებას.

აქტუალური პრობლემაა ახალი ნოზოლოგიები, ნევროზის მოსაზღვრე დაავადებები, როგორებიც არის კომპიუტერული და აზარტული თამაშები. ამას უკვე მანიაც არ ჰქვია, ცალკე შიფრითა და ახალი კლასიფიკაციით განიხილება, როგორც დაავადება. ის, პირველ რიგში, აზიანებს ახალგაზრდებს, მეტწილად ახალგაზრდა მამაკაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ასეთი პაციენტები დისპანსერში ხშირად მოგვმართავენ, მაგრამ სახელმწიფო ამ დაავადების მკურნალობას არ აფინანსებს. უცხოეთში კი, მათ შორის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც, საგანგებო კლინიკებია შექმნილი, სადაც კომპიუტერული და აზარტული თამაშებით დაავადებულ პირებს სტაციონარულად მკურნალობენ.

- ქალები თუ არიან ამ ახალი დაავადებით შეპყრობილი?

- პაციენტებს შორის ქალებიც გვყავს და თქვენ წარმოიდგინეთ, ზრდასრული ასაკისაც. ეს ახალი დაავადება საკმაოდ საშიშია და შესაძლოა, ადამიანი სუიციდამდე მიიყვანოს. მანამდე კი არის ოჯახური, მატერიალური პრობლემები, ურთიერთობის გაფუჭება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ოჯახის ნგრევა. ბევრი ადამიანი ამ სენის გამო, ფაქტობრივად, უსახლკაროდ რჩება.

- ხშირად ნევროზისგან განკურნებას თვითმკურნალობით ცდილობენ...

- ნევროზის თვითმკურნალობა კატეგორიულად მიუღებელია. როცა დაავადების პირველადი სიმპტომები გრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართონ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგს. არა ვარ მომხრე, თავიდანვე ძლიერმოქმედი მედიკამენტებით დატვირთო პაციენტი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ჩამოაშორო. ჯერ უნდა ვცადოთ, რომ ფსიქოლოგის დახმარებით დავამარცხოთ პრობლემა.

- ბავშვებში რა მდგომარეობაა?

- მე მოზრდილთა ფსიქიატრი ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბავშვთა პრობლემებსაც ვიცნობ. სურათი მართლაც ძალზე მძიმეა. ყურადღების დეფიციტი ბავშვებში მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. გაფანტული არიან, უჭირთ ერთ ადგილას გაჩერება. თავიდან ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახდენენ თამაშებზე, შემდეგ უკვე სკოლაში უჭირთ გაჩერება და გაკვეთილის მოსმენა. ბავშვობაში ყურადღების დეფიციტი შემდგომში სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება. მაგალითად, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, ფსიქიკურ და ნევროზულ დარღვევებს. არ მინდა გვერდი ავუარო კიდევ ერთ პრობლემას ბავშვებში. ეს ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და პედაგოგების კვლევის საგანია, - ბევრი ბავშვი არა მშობლის, არამედ ძიძის მეთვალყურეობით იზრდება. მათ აკლიათ დედის ყურადღება და სიყვარული. ეს კი ქცევის პათოლოგიას იწვევს. ბავშვს აქვს დედის, მშობლის დაკარგვის შიში, მშობლის გარეშე არ ჩერდება საბავშვო ბაღში, სკოლაში. ეს უკვე ნევროზის დასაწყისია და შესაძლოა, ზრდასრულ ასაკში ჩამოყალიბდეს კიდეც. ცნობისთვის: ნევროზი და სხვა ფსიქიკური პრობლემები ადრეული ასაკიდან იწყება.

- იქნებ თანდაყოლილ პათოლოგიებზეც გვიამბოთ და იმ დაავადებებზე, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება?

- სახელმწიფო ზრუნავს მძიმე ფსიქიკური დარღვევების მქონე  პაციენტებზე. ბავშვებში ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც გამოწვეულია მუცლად ყოფნისა და მშობიარობის დროს მიღებული სამშობიარო ტრავმებით. ასეთია ეპილეფსია. შესაძლოა, ზოგჯერ ადრეულ ასაკში გამოვლინდეს შიზოფრენიაც. სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ეპილეფსიის, ფსიქოზების, მძიმე დეპრესიის, შიზოფრენიისა და ბავშვთა გონებრივი ჩამორჩენილობის მკურნალობას.

- ასეთ ბავშვებზე მშობლები ხშირად უარს ამბობდნენ, საზოგადოებას უმალავდნენ. შეიცვალა ამ დაავადებების მკურნალობის მეთოდი?

- უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ფსიქიატრია არ ჩამორჩება მსოფლიო ფსიქიატრიის ნოვაციებს, საკმაოდ კარგი პრეპარატებიც არსებობს. დროდადრო ჩვენ უსასყიდლოდ ვაძლევთ პრეპარატებს პაციენტებს. სახელმწიფო ფულად დახმარებასაც უწევს მათ. საზოგადოების მენტალიტეტიც შეიცვალა, ბევრად ნაკლებია ასეთი სენით შეპყრობილი ბავშვების დატოვების ფაქტები. გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ და სადაც ექიმები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ამ ბავშვების ფუნქციების გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიზარდა თანდაყოლილი ფსიქიკური დარღვევების შემთხვევები, აგრეთვე, სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ფეხმძიმე ქალი საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას.