"სეზონური გრიპის შემთხვევების განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება" - კვირის პალიტრა

"სეზონური გრიპის შემთხვევების განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება"

სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა, შესაბამისად გაიზარდა პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით პაციენტების მიმართვა. სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში ხშირია ავადმყოფობის გამო გაცდენის შემთხვევები. მიუხედავად ამისა, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ, თუმცა მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ურჩევენ.

ეკა ქავთარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორი: - ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის - H1N1-ის ერთი შემთხვევა. მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის საფუძველზე კი რთულია დადგინდეს გრიპის რომელი ქვეტიპის ცირკულაცია მოხდება ამ სეზონზე.

რა თქმა უნდა, გრიპის სეზონთან დაკავშირებით აღინიშნება შემთხვევების მატება, მაგრამ ეს კანონზომიერია, რადგან სეზონი იწყება წლის მე-40 კვირას და მთავრდება მომდევნო წლის მე-20 კვირას.

ამ ეტაპზე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონური გრიპის შემთხვევების განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება და პირიქით, ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება გრიპის მოსალოდნელ ეპიდემიას ქვეყანაში ან მსოფლიოში პანდემიას, არც ერთი მონაცემი არ მიუთითებს გრიპის ვირუსის განსაკუთრებულ მატებაზე და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ეტაპზე პანდემიის საფრთხეზე არ საუბრობს.

- ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს კლინიკებს გრიპის ვირუსის სიმპტომებით. მათ შემთხვევაში არ დადგა ვირუსის ლაბორატორიული კვლევის აუცილებლობა?

- არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები მართლაც იყვნენ ავად გრიპის ვირუსით, მაგრამ ექიმის მიერ მხოლოდ გართულებული შემთხვევის დროს ხდება ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა.

ჩვენთან ერთი შემთხვევის გარდა ამ საჭიროებისთვის არავის მოუმართავს. თუმცა, ჩვენ ვაწარმოებთ გრიპით ავადობის შემთხვევების აღრიცხვას და თუ გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 240 შემთხვევა დააფიქსირეს ექიმებმა, დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ 220 ასეთი შემთხვევა აღინუსხა.

- როგორია იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც H1N1 დაუდასტურდა?

- ეს იყო საკმაოდ გართულებული შემთხვევა, პაციენტი, ახალგაზრდა ქალბატონი მოთავსდა სტაციონარში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

- ასეთ დროს, პრევენციისთვის რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ?

- რეკომენდებულია ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის მიფარება და გამოყენებისთანავე ის უნდა გადავაგდოთ. ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები საპნით, ხოლო გრიპის სიმპტომების გამოვლენისას დროულად და დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს. გრიპის სიმპტომებისას მოსახლეობას მოვუწოდებ მოერიდონ გარშემომყოფებს, დაიცვან დისტანცია მინიმუმ ერთი მეტრის მანძილზე და თუ აქვთ ამის შესაძლებლობა, თავი შეიკავონ სამსახურში ან სასწავლებელში წასვლისგან. გრიპის თავიდან არიდების საუკეთესო პროფილაქტიკაა ვაქცინაცია, რომელიც წელიწადში ერთხელ სექტემბერ-ოქტომბერში ტარდება.