"ჯერ არ შექმნილა ბავშვის გასაზრდელად დედის რძეზე უკეთესი რამ" - კვირის პალიტრა

"ჯერ არ შექმნილა ბავშვის გასაზრდელად დედის რძეზე უკეთესი რამ"

სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება... სამწუხაროდ, ამით არ მთავრდება იმ დაავადებათა სია, რომელსაც ბავშვთა არასწორი კვება იწვევს. სპეციალისტების აზრით, ბავშვთა კვების თვალსაზრისით არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი, რისი სავალალო შედეგიც მომავალში დაგვიდგება.

ამ და სხვა საკითხების შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრ-ნუტრიციოლოგს, მედიცინის დოქტორ მაია სურვილაძეს ვესაუბრეთ.

- ჯერ არ შექმნილა და არც შეიქმნება ბავშვის გასაზრდელად დედის რძეზე უკეთესი რამ - მასში ამოუხსნელი კოდია. დედის ორგანიზმი, ასე ვთქვათ, წინაწარ ხვდება, რა სჭირდება მის შვილს და იმ ნუტრიენტებს და იმ რაოდენობით გამოიმუშავებს. ზამთარში დედის რძეში ბევრად მეტი ნუკლეოტიდია, ვიდრე ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს ბავშვს უფრო მეტი დაცვა სჭირდება. ისეთი დედების რიცხვი კი, რომლებსაც საკუთარი რძით ნამდვილად არ შეუძლიათ ბავშვის გამოკვება, მხოლოდ 2%-ია. თუმცაღა აქაც პრობლემა გვხვდება, - ჩვენში, ხშირად მეძუძური დედებიც ვერ იკვებებიან სრულფასოვნად. ამიტომაც, ჩემი აზრით, სახელმწიფოს წინაშე მეძუძური დედების კვების პრობლემაცაა დასაყენებელი. თუმცა სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დედას რაიმე მიზეზის გამო არ ან ვერ შეუძლია შვილის ძუძუთი გამოკვება და დგება დილემის წინაშე, რა საკვები სჯობია, რომ თავის პატარას მისცეს.

ამ შემთხვევაში აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია, - დღეს ხომ არა მხოლოდ ბავშვთა კვების პროდუქტების მოზღვავებაა, არამედ ისეთი დაავადებებისაც, რომლებიც ადრე ნაკლებად ან სულაც არ იყო შესწავლილი და რომლებიც პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული კვებასთან. ხშირად, როცა მშობლები შვილებს საკუთარი მოსაზრებით კვებავენ, კატასტროფულ შედეგებს იღებენ. რამდენიმე დღის წინ მომიყვანეს წლინახევრის პაციენტი, რომელსაც დედამ, გარკვეული მიზეზების გამო ორთვე-ნახევრის ასაკში დაანებებინა ძუძუთი კვებას თავი და მხოლოდ ფაფებით კვებავდა. შედეგი - წლინახევრის ბავშვი 4 კილოგრამი, უცილო შეშუპება, ჩამონათვალი გრძელია და აღარ გავაგრძელებ...

რაც შეეხება ბავშვთა კვებაში წარმოქმნილ პრობლებს (მალნუტრიცია, ჭარბი კვება, სიმსუქნე, ამა თუ იმ პროდუქტის აუტანლობა, გენეტიკური დაავადებები და ა.შ.), ეს თემები თანამედროვე მსოფლიოში ძალზე აქტუალურია. მეცნიერება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მრავალი დაავადების მკურნალობა მხოლოდ სწორი კვებით ხდება. ძალზე მნიშვნელოვანია დროული და სწორი დასაწყისი. ზოგიერთი დაავადების დროს აუცილებელი ხდება ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, მათ შორის დედის რძის, ამოღება ბავშვის რაციონიდან (მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალზე ცოტაა) და სპეციალური საკვებით ჩანაცვლება, მაგრამ აუცილებლად პედიატრისა და სპეციალისტების გადაწყვეტილების მიხედვით.

- ჩვენს ბაზარზე შემოსულ მრავალრიცხოვან საბავშვო კვების ასორტიმენტის ხარისხში გარკვევა ალბათ პედიატრებსაც უჭირთ.

- კვალიფიკაციური პედიატრი საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ კვლევებს ატარებს და პროდუქტს ამის მიხედვით ნიშნავს. მაგალითად, გამოუცდელმა მშობლებმა არ იციან, და ჰგონიათ, რომ ალერგია მხოლოდ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გამონაყარში ვლინდება, არადა, ხშირია შემთხვევა, დაახლოებით 80%, როცა ალერგია კუჭ-ნაწლავის ფორმით გამოიხატება და პატარას საკვებიდან მიღებული ალერგენებით დიარეა ან ყაბზობა უვითარდება, შეიძლება საკვებით მიღებული ალერგენებით სასუნთქი სისტემის მხრივაც იყოს გამოვლინებები. თუ ჩვილთან გვაქვს საქმე და ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, ამ შემთხვევაში ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავანებებინოთ ძუძუთი კვებას თავი, არამედ მოვახდინოთ დედის კვების რაციონის კორეგირება და საჭიროებისამებრ მედიკამენტოზური ჩარევა, ხოლო თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ამ დროს პედიატრს ნამდვილად მართებს დაფიქრება, როგორ ჰიპოალერგიულ ფორმულაზე გადაიყვანოს ბავშვი, რა კომპონენტები გამორიცხოს კვების რაციონიდან და ა.შ.

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის ბავშვებში კოლიკის პრობლემა, რომელიც ბუნებრივი კვების დროსაც შეიძლება წარმოიქმნას და ხელოვნურისაც. ამ დროს მშვიდი, მომღიმარი ბავშვი უცებ იწყებს ტირილს, იგრიხება, წითლდება და ა.შ. ეს მდგომარეობა შეიძლება წამები, და ზოგჯერ 2-3 სთ-მდეც კი გაგრძელდეს. ბავშვის აირებზე გასვლის ან დეფეკაციის შემდეგ თითქოს არაფერიც არ ყოფილაო და ეს შეიძლება განმეორდეს დღეში რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით ღამის საათებში. მთელი ღამის განმავლობაში შეწუხებული მშობლები დილით პედიატრთან მიდიან ვიზიტზე, ის სინჯავს ბავშვს და ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია. ამ დროს პედიატრი განსაზღვრავს თუ რა რეჟიმით გადაიყვანოს ბავშვი ანტიკოლიკ ნარევებზე, რადგან ეს ნარევებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი შემადგენლობით და მოქმედების ეფექტით.

- სკოლამდელი აღზრდის სახელმწიფო დაწესებულებათა კვებაზე რას იტყვით?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, სკოლამდელი ასაკის ბავშვმა დღეში 1550 კკალორია უნდა მიიღოს, და სამჯერ უნდა იკვებებოდეს (საუზმე, სადილი და სამხარი). საუზმე უნდა იწყებოდეს აუცილებლად ფაფით და ნატურალური კარაქით, სადილი უნდა შედგებოდეს ბოსტნეულის სალათის, წვნიანის და ხორცის კერძისაგან. ხოლო სამხარზე აუცილებად ხაჭო, მაწონი და რაიმე სასარგებლო ცხელი სასმელი, ვთქვათ, კაკაო უნდა იყოს. აუცილებელია რაციონში შედიოდეს ხილი, კომპოტი. დღევანდელ ბაღებში კი რაციონში არ ფიგურირებს მაწონი, ხაჭო და არაჟანი. საუზმზე საერთოდ აღარ აჭმევენ ფაფას. ბოლო მონაცემებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პატარებისთვის პურის რაოდენობაც მხოლოდ 70გ-მდე დაუყვანიათ.