ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

უძილობის დროს: 1 ჩ/ჭ შვრიის ბურღულს დაასხით 1ლ ცხელი წყალი, ადუღეთ მანამ, სანამ არ შესქელდება. დაამატეთ 1 ს/კ თაფლი და 2-3 წუთი ისევ ადუღეთ. გააგრილეთ და მიიღეთ 1/2 ან 1 ჩ/ჭ დღეში 2-3-ჯერ.

ნაწლავების მოდუნების დროს 1 ს/კ მწარე აბზინდას დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი. 20-30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 3-4 კვირა.

ღრძილებიდან სისხლისდენის დროს: 2 წილი გახეხილი მუხის ქერქისა და 1 წილი ცაცხვის ყვავილის 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გადმოდგით და გადაწურეთ, გამოივლეთ პირში.

ხველების დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირტკბილას ფესვებს დაასხით 1,5 ჭიქა წყალი, 7-10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შეფუთეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ. სვით მანამ, სანამ ხველა არ გაგივლით.

ბ) 0,5 ლ რძეში მოხარშეთ ხახვი, დაამატეთ 1 ს/კ თაფლი და ნარევი მიიღეთ ძილის წინ. მშრალი ხველა სწრაფად გაგივლით. ეს წამალი ბავშვებსაც მოსწონთ.

ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს - ნახევარ-ნახევარი კგ სტაფილო და ქიშმიში გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ 500 გ თაფლი და მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ.

გასტრიტისა და მეტეორიზმის (დაბალი მჟავიანობა) დროს: 2 ს/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 2-2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

გაცივების დროს: 1 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყლი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 30 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ გამოჯანმრთელებამდე 1/2 ჩ/ჭ თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

პაროდონტოზის, სტომატიტის, გინგივიტის, ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს (ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად): 1 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 30 წუთით გააჩერეთ, გაწურეთ და გამოივლეთ თბილი ნაყენი პირის ღრუში ან ყელში დღეში 3-4-ჯერ.