ექინაცეას სასწაულები - კვირის პალიტრა

ექინაცეას სასწაულები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს საოცარი თვისებების მქონე ყვავილი ეფექტიანია ონკოდაავადებების დროს პროფილაქტიკის მიზნით. ის ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, ექინაცეას ბიოქიმიური ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს კანცეროგენური ნივთიერებების განეიტრალებაში.

ექინაცინი, რომელსაც ამ მცენარიდან იღებენ, სისხლის თეთრი სხეულაკების დონეს ამაღლებს და დაბლაც სწევს აუცილებლობის შემთხვევაში. მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის სხვა ინგრედიენტი, რომელსაც ეს ორმაგი თვისება ახასიათებდეს - აუცილებლობიდან გამომდინარე, იმუნური პასუხი გააძლიეროს და დათრგუნოს.

ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში დიდი ხანია ექინაცეას იყენებენ როგორც გაცივების, გრიპისა და დასუსტებული იმუნიტეტის დროს მასტიმულირებელ, ასევე ანთებსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, დამამშვიდებელ, სპაზმების მომხსნელ ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებად, შეშუპების, ყელის ტკივილის, თვალებისა და ყურების ინფექციის, მწერების ნაკბენის დროს, ჭრილობების, ნაკაწრებისა და დამწვრობის სამკურნალოდ და დეზინფექციისათვის.

ექინაცეას აქტიურ ინგრედიენტებს ხშირად ამატებენ ფიტოკოსმეტიკას. მისი ექსტრაქტი დადებითად მოქმედებს კანზე: ამაგრებს მის დამცველ მექანიზმს, ხელს უწყობს ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას, იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უშლის დაბერების პროცესს, აღადგენს და ამშვიდებს გაღიზიანებულ, გამომშრალ კანს. აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ექინაცეას პრეპარატები აძლიერებს ორგანიზმს ვირუსებსა და ინფექციებთან ბრძოლაში.

გახსოვდეთ, ექინაცეათი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შეუთანხმდეთ ექიმს.

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:

1. ჰერპესის დროს: ღამით თერმოსში ჩაყარეთ 1 ს/კ გამხმარი ექინაცეას ყვავილები, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 150-150 ლ ნაყენი საღამოს მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 10 დღე.

2. ჭრილობების დროს: 1 წილი ექინაცეას ნაყენი გახსენით 3 წილ წყალში და ჭრილობებზე დაიდეთ კომპრესი. ხელს უწყობს ტკივილების გაყუჩებას და სწრაფად შეხორცებას.

3. ხველების დროს: თითო-თითო ს/კ ექინაცეას და შავი ანწლის ყვავილებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 0,5 საათი, გაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში 100 მლ ნაყენი ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსია 10 დღე.