დამწვრობა - დაუდევრობის შედეგი?! - კვირის პალიტრა

დამწვრობა - დაუდევრობის შედეგი?!

ზამთარმა, სამწუხაროდ, ტრადიციულად გაამრავლა სეზონისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იმატა დამწვრობის შემთხვევებმაც - დედაქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში,  სადაც ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრიც ფუნქციონირებს, დამწვრობით დაზიანებულ პაციენტთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. აქ ერთი შეხედვითაც იგრძნობა, თუ რა გამანადგურებელი შედეგი შეიძლება მოიტანოს დაუდევრობამ, რის შედეგადაც ხდება დამწვრობის უმრავლესობა. პრობლემაზე საუბრობენ დამწვრობის ცენტრის ქირურგი-კომბუსტიოლოგი გურამ გომარელი და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი წერეთელი:

- ზამთარში დამწვრობის მატების მიზეზი უწინარესად სიცივეა, - ამ დროს  ხომ უფრო მეტად მოვიხმართ თერმული დაზიანებების გამომწვევ საგნებს. ასე რომ,  ჩვენს მიმღებში, რომელიც 24 საათის განმავლობაში  მუშაობს, დღე-ღამეში 20-25 ამბულატორიული პაციენტი შემოჰყავთ,   დღეში 2-3 ოპერაციას ვაკეთებთ და პალატებშიც საშუალოდ 25 ბავშვი მკურნალობს. ამ დროს პალატის მომსახურება მხოლოდ 17 საწოლზე იყო გათვლილი, მაგრამ უბედური შემთხვევების გახშირების გამო ერთი პალატა დაგვიმატეს. ასეთი უბედურების 80% სოციალურად დაუცველ ადამიანებსა და მათ შვილებზე მოდის - ამ ხალხს იმ ოთახშივე აქვთ სამზარეულოც, კუსტარულად დამზადებული გამათბობელიც და   ბავშვებსაც იქვე აბანავებენ, სადაც ცხოვრობენ. ამიტომაც არის, რომ ჩვენთან  მდუღარე წყალში ჩავარდნილი ხვდება.

ზოგადად დამწვრობა დაუდევრობის შედეგია, პატარებისა კი, - უპირობოდ მშობელთა დაუდევრობის. როცა ოთხი თვის ბავშვი ყავით დაიფუფქება, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? ამ დროს მშობელი ყავის ელექტრომადუღარას ან ელექტროჩაიდანს პატარის საწოლის ან ეტლის ახლოს აერთებს ელექტროენერგიასთან, ბავშვი თამაშობს, ელექტროსადენს ხელს ჰკიდებს, მადუღარას აპირქვავებს და მდუღარე წყალს ისხამს. არის კიდევ უფრო კატასტროფული შემთხვევებიც, - ტყიბულიდან ჩამოიყვანეს 3 წლის პატარა, რომელიც მაღალი ძაბვის დენის ჯიხურში იყო დამწვარი. ჯიხური საერთო ეზოში იდგა და ყველა ხედავდა, რომ ბოქლომი არ ედო, თუმცა მის დასაკეტად თავი არავის შეუწუხებია.  ბავშვი ჯიხურში სათამაშო ნიჩბით შევიდა და უბედურებაც მოხდა - 50%-იანი IV ხარისხის დამწვრობა, ანუ დანახშირება ჰქონდა. უმძიმესი პაციენტი იყო,

- 22 დღე რეანიმაციაში გვეწვინა, ორი თვე კი პალატაში. ხოლო შემდეგ მრავლობითი პლასტიკური ოპერაცია გავუკეთეთ, მთელი სახე აღვუდგინეთ და ისე გავუშვით. სამწუხაროდ, ეს სახე ისეთი ვერასოდეს ექნება, როგორიც ჰქონდა.

- ასეთი ხანგრძლივი ტანჯვით პატარები უეჭველად დიდ ფსიქოლოგიურ სტრესსაც იღებენ.

- მწვავე პროცესებზე მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო პროცესის გავლა, მათ შორის, ფსიქოლოგიურისაც. ვოცნებობთ, ისეთი სამკურნალო დაწესებულება გვქონდეს, სადაც დამწვრობის ცენტრთან აუცილებლად იქნება მიბმული სარეაბილიტაციო კორპუსი. სხვათა შორის, როცა დამწვრობის ცენტრი კუკიაზე ფუნქციონირებდა, იქ გვქონდა ასეთი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც პედაგოგიც კი იყო, რომ ხანგრძლივი  ტკივილებით დატანჯულ პატარებს დახმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ეს ადგილი ვერ შევინარჩუნეთ. არადა, ასეთი სარეაბილიტაციო კორპუსი ყველგან არის, - ჩვენ ვმკურნალობდით აფხაზეთში შრატში დამწვარ 3 წლის გოგონას, რომელსაც მშობლები სანკტ-პეტერბურგში ჰყავდა. სანამ ჩვენ აქ მწვავე პროცესებზე ვმკურნალობდით, გოგონას მშობლებმა სანკტ-პეტერბურგის იუსტინე ჯანელიძის (მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამწვრობის ცენტრის არსებობა ამ ქართველი ექიმის დამსახურებაა) დამწვრობის ცენტრის სარეაბილიტაციო განყოფილებაში რიგი დაიკავეს  და შემდეგ ბავშვი იქ გადაიყვანეს, ჩვენ კი ამ დროს იძულებული გავხდით, ხელფასებზეც უარი გვეთქვა - სამწუხაროდ, დიდი ხანია, დამწვრობის ცენტრის ექიმები ხელფასის მხოლოდ 30%-ს იღებენ.

- დღესდღეობით რა ენაცვლება მძიმე პაციენტების სარეაბილიტაციო მომსახურებას?

- არაფერი. მხოლოდ ვცდილობთ, - როცა პატარები ფეხზე წამოდგებიან და სიარულს იწყებენ, ნებას ვაძლევთ, ჩვენს ოთახებში შემოიხედონ, ვესაუბრებით, ვეფერებით - მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს პატარებთან მუშაობისა და, იმის მიუხედავად, რომ დამწვრობის ტკივილებით იტანჯებიან, მათ ჩვენი ესმით, - სარეანიმაციო განყოფილებაში მშობლის შესვლა აკრძალულია, რადგან ასეთ დროს ბავშვი ძალზე ღიზიანდება, სამაგიეროდ, სამედიცინო პერსონალი ვცდილობთ, პატარების გვერდით ვიყოთ, გავახალისოთ. როცა სტკივათ, ჭამა უჭირთ, მაგრამ პალატებში საბავშვო ბაღის პრინციპი მოქმედებს - ერთმანეთის წაბაძვით მიირთმევენ. ხანგრძლივმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ასეთ დროს პატარები გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ხვდებიან, რომ მათი ტკივილის მიზეზი მშობლის დაუდევრობამდე მიდის, ამიტომ, როცა სარეანიმაციო განყოფილებიდან პალატაში გადაგვყავს, დედებს თითქოს იმით სჯიან, რომ პირველი 24 საათის განმავლობში ჭირვეულობენ და ტირიან. ეს მაშინ, როცა მანამდე, შეიძლება უფრო მეტად სტკიოდათ, მაგრამ უფრო მშვიდად იყვნენ. მერე, საბედნიეროდ, ყველაფერი კალაპოტში დგება...