თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს - კვირის პალიტრა

თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს

სტატისტიკით - მოსახლეობის 10-15%-ს არასოდეს ასტკივებია თავი. სამაგიეროდ, დანარჩენთათვის ნაცნობია შუბლის, საფეთქლებისა და კეფის აუტანელი ტკივილი.

თავის ტკივილი შეიძლება იყოს 45-ზე მეტი დაავადების სიმპტომი. ამიტომაც ყურადღებას საჭიროებს. შეიძლება გამოიყოს თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები და დაინიშნოს შესატყვისი მკურნალობა. მაგალითად, თავის ტკივილი შეიძლება ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობის ბრალი იყოს, რასაც ხშირად თან სდევს პირღებინება. უპირველესად, უნდა მიმართოთ ექიმს სისხლძარღვების მდგომარეობის გამოსაკვლევად; უნდა გამოირიცხოს თავის ტკივილის ორგანული მიზეზი, როგორიცაა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია ან დიდი ხნის ქალა-ტვინის ტრავმები. მდგომარეობას გააუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვა, ბალანსირებული ცილების უხვად შემცველი რაციონი, ხილი და ბოსტნეული. შეტევის მომენტში კი რეკომენდებულია სპაზმოლიტიკების, ანალგეტიკებისა და სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატების მიღება.

თავის ტკივილს იწვევს ჰაიმორიტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იწყება ძლიერი და მკვეთრი ტკივილით. ამ დაავადების სხვა სიმპტომებია სურდო და ცხვირის გაჭედვა, ლოყებზე თითის დაჭერით ტკივილის შეგრძნება. ტკივილის გასაყუჩებლად რეკომენდებულია ანტიბიოტიკები, ანალგეტიკები და არასტეროიდული წამლები.

შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა პროდუქტმა (ყველმა, ციტრუსებმა, ძეხვეულმა, წითელმა ღვინომ და სხვ.), ამ დროს ჩვეულებრივი ანალგეტიკები არ შველის, ოდნავ თუ შეამსუბუქებს ტკივილს. ბოლო ხანებში შექმნილი წამლები შაკიკის შეტევას ანელებს.

თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს მხედველობის დაქვეითება. ამიტომ, როგორც კი იგრძნობთ მხედველობის გაუარესებას, მიმართეთ ოფთალმოლოგს, რომელიც შეგირჩევთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს.

ქალბატონებს ხშირად თავის ტკივილი ეწყებათ კრიტიკული დღეების წინ. ამ დროს შეიძლება მიიღონ ჩვეულებრივი ანალგეტიკები, იძინონ 8 საათი, ფიზიკურად არ გადაიტვირთონ, ჭამონ მაგნიუმის, კალციუმისა და ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტები.

დაბოლოს, თუ თავი აგტკივდათ, არ იჩქაროთ აბების მიღება. დალიეთ ლიმონიანი ჩაი, ან დაიჭირეთ თითი მარჯვენა მაჯაზე, სადაც პულსი ისმის.