"დღეს ბევრად მეტი ნაადრევი ახალშობილის გადარჩენა არის შესაძლებელი" - კვირის პალიტრა

"დღეს ბევრად მეტი ნაადრევი ახალშობილის გადარჩენა არის შესაძლებელი"

რა უნდა იცოდეს ფეხმძიმემ

ბავშვის დაბადება უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ვიდრე ეს დღე დადგებოდეს, არსებობს მრავალი საფრთხე, რომელიც ფეხმძიმემ უნდა აირიდოს, - ძალზე სახიფათოა ვირუსული ინფექცია, რომელიც ფეხმძიმობის დროს განსაკუთრებით საშიშია. ინფექციებსა და მათ პროფილაქტიკაზე გვესაუბრება თბილისის გინეკოლოგიური ცენტრის, "ესთერის" ექიმი გინეკოლოგი, რუსუდან ციხელაშვილი.

- ქალბატონებმა უსათუოდ უნდა იცოდნენ იმ ინფექციების შესახებ, რომელიც შესაძლოა ფეხმძიმობამდე იყოს სისხლში, ფეხმძიმობისას გამწვავდეს და სამწუხარო შედეგით - თვითნებური აბორტითაც კი დასრულდეს. ამიტომ ამ ინფექციების გამოკვლევა და მკურნალობა სასურველია დაფეხმძიმებამდე. ასეთ ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება ციტომეგალოვირუსი, ჰერპესვირუსი, ტოქსოპლაზმა, ორსულობისთვის ძალზე სახიფათოა ბ და ც ჰეპატიტი, შიდსი, გონორეა, სიფილისი.

ორსულობა სამ ტრიმესტრად იყოფა (I-დან III თვის ჩათვლით; IV-დან VI თვის ჩათვლით და VII-დან IX თვის ჩათვლით). ნაყოფისთვის ყველაზე პრობლემური პირველ ტრიმესტრში შეძენილი ინფექციებია, გრიპით დაწყებული, წითურას ჩათვლით, - ამ დროს ნაყოფის ორგანოები ყალიბდება და ინფექციებმა  შესაძლოა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ემბრიონის ორგანოები დააზიანოს. გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს გულის მანკი ან ავნოს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ყველაზე კრიტიკულულია ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეყრილი წითურა. ასეთ დროს ორსულობა უყოყმანოდ უნდა შეწყდეს, რადგან წითურა ნაყოფის სიმახინჯეს იწვევს.

- სხვა გამოსავალი არ არსებობს?

- გამოსავალი ორსულის იმ ადგილის გარიდებაა, სადაც წითურას ინფექცია გამოჩნდება. ზოგადად კი ინფექციების თავიდან აცილებაში უდიდეს როლს ორსულის იმუნიტეტის ამაღლება ასრულებს.  ორსულები უნდა იკვებებოდნენ ჯანსაღად და ხშირად იყვნენ სუფთა ჰაერზე. ჯანსაღ კვებაში  შედის ყოველ დღე ჭიქა-ნახევარი რძის ან 200 გრამი ხაჭოს მიღება, - ისინი კალცის შემცველია, რაც აუცილებელია  ნაყოფის ძვლოვანი სისტემის კვებისთვის. ფეხმძიმისთვის ასევე აუცილებელია რკინით მდიდარი პროდუქტები: ძროხისა და ქათმის ხორცი, წიწიბურა... ორსულის მენიუ მდიდარი უნდა იყოს ფოსფორის შემცველი თევზით, ასევე კვერცხით, ბარდითა და ლობიოთი, ნატურალური ხილის წვენით, განსაკუთრებით ბროწეულისა - ჰემოგლობინის აღსადგენად. თუმცა ყველაფერი ამის მიღების შესაძლებლობა სამწუხაროდ, ბევრ ფეხმძიმეს როდი აქვს!

- ალბათ ამიტომაც ხდება ორსულობის თვითნებური შეწყვეტის ბევრი შემთხვევა...

- ჯანსაღი საკვების დეფიციტი უეჭველად ახდენს უარყოფით გავლენას ორსულის მდგომარეობაზე. თუმცა, მეორე ტრიმესტრში ორსულს შეუძლია უფრო მშვიდად იყოს. ამ დროს ნაყოფის ორგანობი უკვე ჩამოყალიბებულია და საფრთხის არიდება მაქსიმალურად შეიძლება. ზოგადად კი ამ ტრიმესტრში საჭიროა მეტი რკინის შემცველი პროდუქტები: თუ ორსულობამდე ქალბატონს 15 მგ რკინა სჭირდება, ორსულობის ამ ფაზაში უკვე 30 მგ-ია აუცილებელი.

- რაც შეეხება ორსულობის დარჩენილ პერიოდს?

- ამ პერიოდში ნაყოფი უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, მოძრაობს, თავის "ხასიათს გამოხატავს" და ხშირად ექიმები დედებს ამ პროცესზე დაკვირვებასაც კი ურჩევენ. ამ დროს შეიძლება  გაჩნდეს ნაადრევი მშობიარობის პრობლემაც.  საგულისხმოა, რომ თანამედროვე სამედიცინო საშუალებების დახმარებით, დღეს ბევრად მეტი ნაადრევი ახალშობილის გადარჩენა არის შესაძლებელი.  თუ ნაყოფი 27 კვირაზე მეტი ასაკისა დაიბადა და მისი წონა 700 გრამიდან ერთ კილოგრამამდეა, ასეთ დროს ახალშობილთა 72%-ის გადარჩენა შეიძლება, ხოლო თუ ახალშობილთა წონა ერთ კილოგრამს აღემატება, მისი გადარჩენის დიდი შანსი არსებობს.

ორსულობის ბოლო პერიოდში დამახასიათებელი ჰორმონ პროგესტერონის მაღალი დონე, რაც  კუჭ-ნაწლავს ასუსტებს და გულძმარვას იწვევს, ამ დროს შეიძლება ფეხმძიმეს ბუასილიცა და ყაბზობაც განუვითარდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ფეხმძიმემ დიდი რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს.

და კიდევ, რაც უარყოფითრეზუსიანი ქალბატონებმა უნდა იცოდნენ: თუკი ნაყოფი დადებით რეზუსს ატარებს, დედის ორგანიზმში აუცილებლად განვითარდება ანტისხეულები, რომელიც მომდევნო ნაყოფს უდიდეს პრობლემას შეუქნის. ამიტომაც პირველი მშობიარობის შემდეგ უსათუოდ უნდა ჩაიტარონ ამ სხეულების საწინააღმდეგო აცრა!