მოვიწესრიგოთ წნევა - კვირის პალიტრა

მოვიწესრიგოთ წნევა

ჰიპერტონია დიდი ხანია აღარ არის მოხუცებულთა დაავადება, ბოლო ხანებში ის "გაახალგაზრდავდა". სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზია არასწორი კვება, ზედმეტი წონა, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევები, სტრესები და სხვა ნეგატიური ფაქტორები. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობითობას. თუ ახლობლებს აწუხებდათ მაღალი არტერიული წნევა ან დაემართათ ინსულტი, ან ინფარქტი - საჭიროა სიფრთხილე.

ჰიპერტონია ნელა და, პრაქტიკულად, შეუმჩნევლად ვითარდება. მისი სიმპტომებია: გულის ცემის აჩქარება, მოდუნება, ყურებში შუილი, თავის ტკივილი, გაღიზიანება, ზოგჯერ თავბრუს ხვევა. დასვენების შემდეგ ეს ყველაფერი ქრება და ავადმყოფს მიაჩნია, რომ ეს გადაღლილობის ბრალია და არ მიმართავს ექიმს. ამ დროს ავადმყოფობა პროგრესირებს. უყურადღებოდ მიტოვებული ჰიპერტონია დროთა განმავლობაში ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების სხვადასხვა დაავადების განვითარებას და ზოგჯერ იწვევს ინფარქტსა და ინსულტს.

ამ დაავადებამ რომ არ შეგვაწუხოს, უნდა ვაკონტროლოთ წნევა: ნორმალურ წნევად მიიჩნევა 120/80მმ. ვწყ.სვ. და თუ თქვენი წნევის მაჩვენებელი ამ ციფრზე მაღალია, მაგრამ 140/90მმ ვწყ.სვ. დაბალი, ეს იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა გადახედოთ თქვენს ჩვევებს და მიხედოთ ჯანმრთელობას. თუ წნევა ხშირად 140/90მმ. ვწყ.სვ. მაღლა იწევს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რაც ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით ადვილად მოიწესრიგებთ წნევას. ზოგიერთს მიაჩნია, რომ წამალი მხოლოდ მაღალი წნევის დროს უნდა მიიღოს, რაც მცდარია. ექიმის მიერ დანიშნული წამლები აუცილებლად უნდა მიიღოთ მუდმივად, მკაცრად დაიცვათ მისი დოზირება და მიღების ჯერადობა. მხოლოდ ასე შეიძლება შეებრძოლოთ წნევას. მკურნალობა არ გულისხმობს მხოლოდ წამლების მიღებას, საჭიროა უარი თქვათ მარილიან, ცხარე კერძებზე, მარინადზე, მიიღეთ მეტი ხილ-ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტი, მარცვლეული, უცხიმო ხორცი და თევზი. ეს პროდუქტი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთათვის. ნუ მიეძალებით ჩაისა და ყავას - იწვევს სისხლძარღვების სპაზმების პროვოცირებას, რაც წინა პირობაა არტერიული წნევის მომატებისა.

ცურვა, ფეხით სიარული, აერობიკა და ფიზიკური აქტივობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და დაგიცავთ ჰიპერტონიისგან. ნუ მოსწევთ თამბაქოს, ერიდეთ ალკოჰოლს, თუმცა ვახშმად 1 ჭიქა წითელი ღვინო ხელს უწყობს სისხლძარღვებში მიკროცირკულაციას.