ეპიდემიის საწინააღმდეგო ვაქცინა თუ ბიოლოგიური იარაღი?! - კვირის პალიტრა

ეპიდემიის საწინააღმდეგო ვაქცინა თუ ბიოლოგიური იარაღი?!

მეცნიერები ახალ "შავი ჭირზე" ალაპარაკდნენ

მსოფლიოში პანდემიური ვირუსით დაავადების უკვე 500 000-მდე შემთხვევა აღირიცხა. აქედან ღორის გრიპმა 5700 კაცი იმსხვერპლა. ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრაზილიასა და აშშ-ში აღინიშნა. საბედნიეროდ, ღორის გრიპისგან საქართველოში არავინ გარდაცვლილა, მაგრამ ავადობის შემთხვევები დღითიდღე მატულობს. მაგალითად, 18 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ღორის გრიპი 86 კაცს დაუდასტურდა. აქედან მხოლოდ სამი იყო 3 წლამდე ასაკის, ორიც 65 წელს გადაცილებული. შესაბამისად, H1N1-ის შემთხვევათა უმეტესობა 17-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს აღმოაჩნდა. სამ დღეში ღორის გრიპით ინფიცირებისა და ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ცამეტით გაიზარდა და 21 ნოემბრისთვის უკვე 96 შეადგინა...

აშკარაა, რომ ღორის გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში პანიკური შიში არსებობს. ამ ყველაფერს კი ბოლო დროს H1N1-ის გარშემო ატეხილი სკანდალების მთელი სერია ამძაფრებს.

ჯერ იყო და ბრაზილიის, ადოლფ ლუტცის ინსტიტუტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღორის გრიპმა ორჯერ განიცადა მუტაცია. ბრაზილიელ ექიმთა მტკიცებით, მუტირებული ვირუსი 26 წლის ახალგაზრდას აღმოაჩნდა. მისი ვირუსის გენეტიკური მასალის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში არსებულ მასალასთან შედარებით დადგინდა, რომ ვირუსის ახალი შტამი მანამდე აღმოჩენილი შტამისგან ორი ცილის აგებულებით განსხვავდება. ექიმებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება ვირუსის გავრცელებასა და ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობაზე.

ღორის გრიპის ვირუსის მუტაციის შესახებ კიდევ ერთი განცხადება უკრაინაში ჩასულმა ბრიტანელმა მეცნიერებმა გააკეთეს. მათ ვირუსით გარდაცვლილთა ცხედრები გაკვეთეს და ფილტვებში სიშავე აღმოაჩინეს. ბრიტანელ ექიმთა ვარაუდით, სახეშეცვლილ ვირუსს უკრაინაში ესპანური გრიპის ("ისპანკის") სიმპტომები აქვს, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს 40 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კიდევ ერთი, ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ღორის გრიპის გარშემო ამერიკელმა მეცნიერმა ლეონიდ ჰოროვიცმა და ჟურნალისტმა შერი კეინიმ ააგორეს. მათი მტკიცებით, კალიფორნიული ვირუსიც შექმნილია და პანდემიაც - ხელოვნურად გამოწვეული და მსოფლიო მოსახლეობის რიცხვის შემცირებას ისახავს მიზნად! გლობალური გენოციდის დაწყებამდე კი, მათი თქმით, მხოლოდ ერთი თვე დარჩა. ჰოროვიცი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, აკრძალოს H1N1-ის ვაქცინა, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას კი ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური გამოძიების დაწყებას სთხოვს. ამერიკელი მეცნიერისა და ჟურნალისტის მტკიცებით, ამ ყველაფრის უკან დევიდ როკფელერის უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია დგას, რომელიც ვირუსის ვაქცინასთან დაკავშირებულ ყველა ბიოტექნოლოგიურ კვლევას აკონტროლებს. ჰოროვიცი აცხადებს, რომ ამ ბრალდების დამადასტურებელ მასალებსაც ფლობს, რომლებიც უკვე გადასცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს.

გლობალური გენოციდისა და ბიოლოგიური იარაღის თემა ვიღაცისთვის შესაძლოა ბოდვას ჰგავდეს, მაგრამ მეცნიერი ჰოროვიცი და მისი თანამოაზრე ამერიკელი ჟურნალისტი პირველი არ ყოფილან, ვინც ეჭვი გამოთქვა, რომ ღორის გრიპის ვირუსი შესაძლოა ადამიანის ხელით იყოს შექმნილი. წლეულს, აგვისტოს დასაწყისში, ისრაელელმა მიკრობიოლოგმა, პროფესორმა ჯოზეფ მოშემ, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანია Baxter Pharmaceutical-ის უკრაინულ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ. მოშეს განცხადებით, მას H1N1 ვირუსის ვაქცინაში ნერგავენ, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კი ის იმუნურ სისტემას აქვეითებს და ფილტვის ჭირისთვის სწირავს, ანუ ფაქტობრივად, ფილტვებს ანახშირებს. სკანდალური რადიოინტერვიუდან მეორე დღეს 56 წლის მიკრობიოლოგი ფედერალურმა ბიურომ ტერორისტივით დააპატიმრა. მისი მანქანა ჯერ ალყაში მოაქციეს, შემდეგ კი ავტომობილის მიმართულებით ოთხი ცრემლმდენი ყუმბარა ისროლეს. ამის შემდეგ მოშეს ავტომობილს რობოტი მიუახლოვდა და მანქანის მინა ჩაამტვრია. დაპატიმრების შემდეგ სკანდალური პროფესორის დეპორტაცია მოახდინეს, იმ ბრალდებით, რომ თითქოს ის თეთრი სახლის მისამართით მუქარას ავრცელებდა. მაშინ, როცა მოშე განცხადებით გამოდიოდა, უკრაინაში ღორის გრიპის არც ერთი შემთხვევა არ იყო აღრიცხული. ამ ამბიდან თვე-ნახევარში კი ქვეყანას ეპიდემია მოედო.

შოთა ცანავა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე: - არსებული და სამეცნიერო დონეზე დადასტურებული ავადობის ფაქტებზე დაყრდნობით არ შეიძლება თქმა, რომ ღორის გრიპსა და "ისპანკას" რაიმე აქვთ საერთო. ცალკეული გამოკვლევები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის აღიარებული მსგავსება ამ ორი ვირუსის შტამს შორის. გასაგებია, რომ გვამები გაკვეთეს, კლინიკური სურათი შეადარეს, მაგრამ ყველაფერ ამას დასაბუთება სჭირდება.

- შესაძლებელია ღორის გრიპს გამოეწვია, უხეშად რომ ვთქვათ, ფილტვების დანახშირება?

- ეს საკმაოდ გაზვიადებული შედარებაა, მაგრამ ზოგადად ამ ვირუსებს გართულების შემთხვევაში ახასიათებთ ფილტვის ქსოვილის დაზიანება. ეს არის ყველაზე ხშირი გართულება ნებისმიერი გრიპის ვირუსის დროს. ამიტომ მეცნიერთა ერთი ჯგუფის დასკვნა პანიკის საფუძველს არ წარმოადგენს.

- თეორიულად რამდენად შესაძლებელია განიცადოს მუტაცია ღორის გრიპმა? მეცნიერთა ერთი ნაწილი ახალ გრიპს ესპანურ გრიპს ადარებს, ზოგი ე.წ. რუსულ გრიპს, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო გავრცელებული და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...

- ამ ვირუსმა მუტაცია უკვე განიცადა. ეს არის ფრინველის, ადამიანისა და ღორის სეზონური გრიპის უჩვეულო ნაერთი. ახალი გრიპის ვირუსი დაჯილდოებულია მთელი რიგი თვისებებით, რომლებიც მის წინამორბედებს ჰქონდათ. ეს კი მიუთითებს, რომ ისინი ერთი ჯგუფის ვირუსებია, ერთნაირი არიან ძირითადი გენეტიკური მასალის მიხედვით. მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს და ამის გამო პანიკას ნუ შევქმნით. გართულებებს თუ ავიცილებთ თავიდან, ლეტალური შემთხვევები არ იქნება. ჯერჯერობით, საქართველოში მიმდინარე ყველა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის უმეტესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ფატალური შედეგი იმ შემთხვევაში დადგება, თუ გართულებებს ვერ ავიცილებთ. ამისთვის კი დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას.

- ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ღორის გრიპის ვირუსი ხელოვნურად, ადამიანის ხელით იყოს შექმნილი...

- მეცნიერი ჰოროვიცი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, თავის დროზე იმავეს ამბობდა შიდსის ვირუსის შესახებ, იმავე ინფორმაციას ავრცელებდა მძიმე რესპირატორულ სინდრომ SARS-ის (ატიპური პნევმონიის) შესახებაც. ახლაც ამას ამბობს. როცა ვირუსის პათოგენობას ხელოვნურად ზრდი, ეს სხვა არაფერია, თუ არა ბიოლოგიური იარაღის შექმნა. ღორის გრიპის ვირუსს კი, როგორც ბიოლოგიურ იარაღს, ჯერ არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს და არც სხვა სოლიდური ორგანიზაციები.