"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - "ოჯახის მკურნალთან" ერთად - კვირის პალიტრა

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - "ოჯახის მკურნალთან" ერთად

"შეიტყვე რაც შეიძლება მეტი საკუთარი დაავადების შესახებ"

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" 8 ნაწილად დაიყოფა და ყოველთვე ჟურნალ "ოჯახის მკურნალთან" ერთად გამოვა. თავის დროზე ამ წიგნის გამოცემას მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა, რასაც მისი პრაქტიკული გამოყენებაც განაპირობებდა. ამიერიდან კი ენციკლოპედიის თითო ნაწილი სპეციალურ ფასად, მხოლოდ 4 ლარად გაიყიდება, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა მსურველს, "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" თავის სამაგიდო წიგნად აქციოს.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" ფართო მკითხველისთვისაა გათვალისწინებული და მოიცავს ადამიანის დაავადებათა უდიდეს ნაწილს. წიგნში ჩვეულებრივი მკითხველისთვის გასაგებ, სამედიცინო-პოპულარულ ენაზე, დაწვრილებით არის აღწერილი 250-ზე მეტი დაავადება.

მაია მუხიგული, პროექტის ავტორი, ექიმი: - "დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიაში" ინფორმაცია თანამედროვე მედიცინის ჭრილშია მოცემული. წიგნი უხვად და კარგად ილუსტრირებულია და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი. შედგენისას გამოყენებულია სამამულო და უცხოური ლიტერატურა.

წიგნზე ხუთი წელი მუშაობდნენ საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წამყვანი სპეციალისტები, ცნობილი პრაქტიკოსი ექიმები.

ეს 22-თავიანი წიგნი განიხილავს საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, რევმატიული, შარდის გამომყოფი, სისხლის, ენდოკრინული და ნერვული სისტემების დაავადებებს. აგრეთვე, ბავშვთა, გინეკოლოგიურ, ინფექციურ, ანდროლოგიურ, ალერგიულ, პარაზიტულ, ყელ-ყურ-ცხვირის, თვალის, კბილებისა და პირის ღრუს, ქირურგიულ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, სიმსივნურ, კანისა და ვენერიულ სნეულებებს. წიგნში ცალკე თავად არის გამოყოფილი პირველი დახმარება.

წიგნში თითოეული დაავადება კომპაქტურად და ვრცლად არის აღწერილი. კერძოდ, განხილულია დაავადების გამომწვევი მიზეზი, განვითარების მექანიზმი ანუ როგორ ვითარდება დაავადება ორგანიზმში, კლინიკური მიმდინარეობა, დამახასიათებელი სიმპტომები, გართულებები, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები, მოცემულია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასარგებლო რჩევა-რეკომენდაციები.

ამ გამოცემის მიზანი არ არის შეცვალოს ექიმი, მისი მიზანია, აამაღლოს პაციენტის და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონე. დაეხმაროს პაციენტს, მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მიიღო ექიმისგან. ხშირად ექიმი დიაგნოზს კი სვამს, მაგრამ პაციენტი მისგან ვერ იღებს დამაკმაყოფილებელ და მისთვის გასაგებ ინფორმაციას, უჩნდება უამრავი შეკითხვა, რაზეც პასუხის მიღება ძნელდება.

წიგნი ასევე დაეხმარება მკითხველს, რა ჩივილების, სიმპტომების შემთხვევაში რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" დაეხმარება მკითხველს, შეიცნოს საკუთარი ორგანიზმი, იზრუნოს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, იცოდეს რაც შეიძლება მეტი საკუთარი დაავადების შესახებ".