ანგინას უფრთხილდით, მშობლებო!.. - კვირის პალიტრა

ანგინას უფრთხილდით, მშობლებო!..

ანგინა სულაც არ არის უსაფრთხო დაავადება. მისმა არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ტონზილიტი (ნუშისებრი

ჯირკვლების ანთება, რომელიც ხელს უწყობს 120(!) დაავადების განვითარებას. მათ შორისაა რევმატიული ართრიტი, ალერგია, სახსრების, თირკმლებისა და გულის დაავადებები...

ანგინის სიმპტომებია: ლიმფური კვანძების გადიდება, ყელისა და თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა (39-400ჩ), მკვეთრი სისუსტე, ენასა და ნუშისებრ ჯირკვლებზე თეთრი ნადები, გაძნელებული ყლაპვა. ექიმები ურჩევენ მშობლებს, გამოიძახონ ექიმი, რომელიც დაუნიშნავს პატარას წამლებს. ექიმისვე რჩევით შეუძლიათ დამატებით მისცენ ხალხური საშუალებები.

უმეტეს შემთხვევაში ანგინას იწვევს ბაქტერიები: სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი და ადენოვირუსები.

ბაქტერიებით პატარები ავადდებიან როგორც სხვა ადამიანებისგან (ჰაერწვეთოვანი გზით), ასევე საკუთარი მიკრობებით, რომლებიც ბუდობენ პირის ღრუსა და ყელში. ანგინა შეიძლება გამოიწვიოს ჰაიმორიტმა, ადენოიდებმა და კბილების კარიესმა. ყელის ტკივილის მკურნალობა უშედეგოა, თუ მისი წარმომშობი მიზეზები არ განიკურნება. ამ დაავადებას ასევე იწვევს გამრუდებული ცხვირის ძგიდე. ანგინიან პატარას მშობელმა უნდა მოუმზადოს ყელში გამოსავლები - მარილის ან საჭმელი სოდის თბილი ხსნარი, სალბის, გვირილის ან კალენდულას ნახარში, დინდგელის ნაყენი (2 წვეთი უნდა გაიხსნას 0,5 ჩ/ჭ თბილ წყალში).

ექიმის დანიშნულებით ყელში შეიძლება ფურაცილინის გამოვლება. სჯობს, ბავშვს დღის განმავლობაში სხვადასხვა ხსნარი რიგრიგობით გამოვავლოთ.

ავადმყოფობისას პატარას უნდა მისცეთ მეტი თბილი და არა ცხელი სითხე, რომელიც ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის. მიეცით თბილი დიეტური საკვები (ორთქლზე მომზადებული კატლეტი, კარტოფილის პიურე, გახეხილი წვნიანი, მოშუშული ბოსტნეული). გარდა ამისა, პატარა რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს, სჭირდება მეტი მოფერება და ყურადღება.

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:

1. გახეხილ ჭარხალს დაასხით ქაფქაფა წყალი (1:1), თავი მჭიდროდ დაახურეთ და 6 საათი გააჩერეთ. ეს ნაყენი ბავშვმა ყელში უნდა გამოივლოს 2 საათში ერთხელ. ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ 1 ს/კ 6%-იანი ძმარი.

2. ბავშვს ყელზე დაადეთ კომბოსტოს ნედლი ფოთოლი (უცვალეთ 2 საათში ერთხელ) და შემოახვიეთ შარფი.

3. 3-3 ს/კ ფიჭვის კვირტებს, ლავანდასა და გვირილას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურული 15 წუთი. ეს ნაყენი პატარამ ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა ისუნთქოს.