რა ჰქვია ჩვენს თავის ტკივილს? - კვირის პალიტრა

რა ჰქვია ჩვენს თავის ტკივილს?

დღეს ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილთან თავის ტკივილის იმ ტიპებზე ვისაუბრებთ, რომლის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებად ხშირად ტკივილის მოთმენას და ტკივილგამაყუჩებლების უკონტროლო სმას მივიჩნევთ.

- ბატონო გიორგი, თავის ტკივილს ერთი ძალიან "კარგი" თვისება აქვს, შემაწუხებელია, მაგრამ ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს, უფრო ზუსტად, კაცს არ კლავს.

- როგორ შეიძლება ტკივილმა, რომელიც მთელი დღის, თვის, წლის, მეტიც, წლების განმავლობაში არ განებებთ თავს, ნორმალური ფსიქიკის ადამიანად დაგტოვოთ?

- რამდენი ტიპისაა თავის ტკივილი?

- მედიცინაში 220 ტიპის თავის ტკივილია აღწერილი. ამ ლაბირინთში კარგა ხანია გამოიკვეთა რამდენიმე, მეტად გავრცელებული - შაკიკი და დაძაბული ტიპის თავის ტკივილი, ამ ორი ტიპის თავის ტკივილის ერთობლიობა და ქრონიკული თავის ტკივილი.

- რა იწვევს თავის ტკივილს?

- შაკიკი, როგორც წესი, მემკვიდრეობით გვერგება; დაძაბული ტიპის თავის ტკივილი ნერვიულობისა და დაძაბული ცხოვრების, ხოლო ქრონიკული თავის ტკივილი არასწორი მკურნალობის შედეგია.

- რას გულისხმობთ არასწორ მკურნალობაში, თვითმკურნალობას?

- ექიმი მოვალეა, საზოგადოება ისე გაანათლოს, რომ მას ექიმი იშვიათად დასჭირდეს. ექიმთან ვიზიტი შვება, ტკივილისაგან განთავისუფლება უნდა იყოს და არა ტონა წამლები. უცოდინარობას მორევა სჭირდება. ასეთ უცოდინარობათა მაგალითებია, როდესაც თავის ტკივილის მიზეზად მივიჩნევთ: მარილებს, ოსტეოქონდროზს, პროთრომბინის და არტერიული წნევის მომატებას ან დაბალ წნევას. ბავშვის თვალების დაქაჩვა თურმე "შიდა ქალის წნევის მომატება" ყოფილა. საოცარია, რომ საზოგადოება გაცილებით იოლად ისრუტავს ასეთ ცრუინფორმაციას... ცრუინფორმაციას კი შედეგად ცრუ ქმედება მოსდევს. ასე, მაგალითად: თავის ტკივილს რომ სისხლძარღვების სპაზმი არ იწვევს, ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებში აღმოაჩინეს; ჩვენ კი ჯიუტად ვებრძვით სპაზმს იქ, სადაც იგი არ არის! ასევე, შეცდომაა, როდესაც გვგონია, რომ თავის ტვინის ტომოგრაფიით ყოველთვის შესაძლებელია დიაგნოზის დასმა.

- ე.ი. თავის ტკივილის დროს თავის ტვინის ტომოგრაფია არ უნდა გადავიღოთ?

- მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. მთავარია, კარგად აღვწეროთ თავის ტკივილი და 10-დან 9 შემთხვევაში დიაგნოზი ხელთა გვაქვს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ არსებობს მეორეული თავის ტკივილი, ანუ ტკივილი, რომელიც სულ სხვა, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს ახლავს თან. აქედან გამომდინარე, იმისი ცოდნა, თუ რა ჰქვია ჩვენს თავის ტკივილს, სულ ცოტა, ორი თვალსაზრისითაა გამართლებული: უპირველესად, ზუსტი დიაგნოზი საშუალებას გვაძლევს დავნიშნოთ სწორი

მკურნალობა და მეორე, თავიდან ავიცილოთ სხვა, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების გართულება.

- შაკიკის პარალელურად ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილად დაძაბული ტიპის თავის ტკივილი ახსენეთ...

- ამ ტკივილს ემოციური და ფიზიკური დაძაბულობა იწვევს. ნერვიულობა, სტრესი, ფიზიკური დაძაბვა, ისეთი უწყინარი მოქმედებები, როგორიცაა მაგიდასთან ხანგრძლივად, მოუხერხებელ პოზაში ჯდომა ან თვალების დაძაბვა, მძიმე ტვირთის აწევა. ვარაუდობენ, რომ ის დაკავშირებულია თავის (სკალპის) და კისრის კუნთებისა და იოგების დაძაბვასთან. ადამიანი ასეთ დროს შუბლისა და საფეთქლების მიდამოებში მოჭერით, დამწოლ ტკივილს გრძნობს (რასაც თავზე რკინის ჩაჩქნის ჩამოცმას ადარებენ). ხშირად ეს ტკივილი "მოგზაურობს" და კისრიდან მთელ თავს უვლის. ტკივილის ინტენსივობა უფრო ხშირად მსუბუქი ან ზომიერია, მაგრამ შეიძლება იყოს ძლიერიც. აქ, ტკივილის გარდა, სხვა სიმპტომატიკა არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს კაშკაშა შუქს, ხმაურს, ეკარგება მადა. ეს ყველაზე გავრცელებული ტკივილია მსოფლიოში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყოველი მესამე ადამიანიც აღიარებს. პრობლემას ართულებს ის, რომ, რაკიღა ზოგიერთი ადამიანის ცხოვრების წესი დაძაბული ტიპის თავის ტკივილისთვის "კარგ ფონს" ქმნის, ეს ტკივილი ქრონიკულ სახეს იღებს და დიდი ალბათობით ადამიანი წამლების ჭარბი მოხმარებით თავის ტკივილამდე მიჰყავს, ანუ იკვრება წრედი.

- ამ წრედში ალბათ შაკიკიც ფიგურირებს. მაგრამ თქვენი მოსაზრებით, "შაკიკი არცთუ დიდი თავის ტკივილია, თუკი მისი "საიდუმლოს" წვდომას შევძლებთ".

- შაკიკი, ეს მემკვიდრეობით მიღებული ტვირთი, არ იკურნება. გარდა ამისა, მას სიმპტომების სისასტიკე ახასიათებს, მასთან გამკლავება გამუდმებულად მოითხოვს დროსა და ენერგიას,. უყურადღებოდ დარჩენილი კი ათასგვარ გართულებას იწვევს.

იმ ადამიანებმა, რომლებსაც შაკიკის დიაგნოზი დაუსვეს, საჭიროა გაიაზრონ, რომ დარჩენილი სიცოცხლე ამ "მოსათვინიერებელ ცხოველთან" ერთად უნდა გაატარონ. შაკიკთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ. ამას შაკიკის მართვას ვეძახით. "ვმართავ" - ნიშნავს, რომ "არ მტკივა". შესაძლებელია, რომ სწორი მკურნალობის შემდეგ შაკიკის შეტევებმა წლების განმავლობაში "მოგანატროთ" თავი.

- მაგრამ ამისთვის სწორი დიაგნოზი უნდა დაგისვან, რაც ხშირად პრობლემაა.

- მაგრამ არა დილემა. შაკიკი ქრონიკული, ორგანული ავადმყოფობაა, რომელიც საკმაოდ რთულად სამართავია, რაკიღა შეტევათა შორის სრულიად უსიმპტომო პერიოდები ახასიათებს, იწვევს უგუნებობას, უუნარობას, უღონობას, ადამიანს აწუხებს სინათლე, ხმაური, სუნი, ძლიერი თავის ტკივილის გარდა, შეიძლება სტკიოდეს მუცელი, ჰქონდეს ღებინება, შეტევის დროს მნათი წერტილები თვალებში, ხედვის გაორება, დანაწევრება, მადის მომატება ან დაქვეითება, ოფლიანობა, დაუოკებელი სწრაფვა ზოგიერთი საკვებისაკენ.

- შაკიკი, დაძაბული ტიპის თავის ტკივილი... 220 დასახელება, რომელსაც ერთიანი გამოხატულება აქვს - ტკივილი. თუ არსებობს ერთი საერთო რეცეპტი შვების მისაღებად?

- თავის ტკივილის დროს არ არის აუცილებელი "მაგიური პრეპარატების" ძიება. ერთადერთი საერთო რეცეპტი არსებობს, რომელსაც დაუღალავად ვქადაგებ: ცხოვრების ჯანსაღი წესი, საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც არაფრით მოგცემთ უფლებას, დაუსრულებლად ითმინოთ ტკივილი.

დეა ცუცქირიძე