მარგებელი ხილის ჩირი - კვირის პალიტრა

მარგებელი ხილის ჩირი

ხილის ჩირში თავმოყრილია ნატურალური ნივთიერებები და არ შეიცავს ცხიმს. გაშრობისას ხილი კარგავს მცირე რაოდენობით ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, პექტინებსა და უჯრედისებს, სამაგიეროდ, მისი კალორიულობა იზრდება: თუ 100 გ ყურძენი 75 კკალორიაა, 100 გ ჩამიჩი - 280.

კალციუმი ამაგრებს ძვლებსა და თმას, სახის კანს ანიჭებს სინორჩეს, მაგნიუმი აწესრიგებს წნევას, კალიუმი აუმჯობესებს გულისა და ნერვული სისტემის მუშაობას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, ნატრიუმი და რკინა ხელს უწყობენ სისხლში ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას, უზრუნველყოფენ ორგანოებსა და ქსოვილებს ჟანგბადით. ერთი მუჭა ჭერმის ჩირი უზრუნველყოფს კალიუმის დღეღამურ ნორმას, 50გ ალუბლის ჩირი B ვიტამინისა და მაგნიუმის, ხოლო დღეში რამდენიმე ცალი შავი ქლიავის, ლეღვისა და უნაბის (შეიცავს საკვებ ბოჭკოს) ჩირი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

გაგაცნობთ ზოგიერთი ჩირის თვისებებს:

ჭერამი შეიცავს: კალიუმს, პექტინს, რკინას, ვაშლის, ლიმონისა და ღვინის მჟავებს, B ჯგუფის ვიტამინებს, P ვიტამინსა და კაროტინს.

100გ-ში: 5,2გ ცილაა, 65,9გ - ნახშირწყლები და 288 კკალორია.

მსხლის ჩირი შეიცავს უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტსა და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.

100გ-ში: 2,3გ ცილაა, 62,1გ - ნახშირწყლები, 257 კკალორია.

შავი ქლიავი ანტიოქსიდანტების წყალობით საუკეთესო ანტიდეპრესანტია, უხვად შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

100გ-ში: 2,3გ ცილაა, 65,6გ - ნახშირწყლები, 271 კკალორია.

ბანანი მდიდარია შაქრით, რომელიც სწრაფად აღადგენს ენერგიას, ამიტომაც სპორტსმენებს ურჩევენ, ჭამონ ვარჯიშის დაწყების წინ.

100გ-ში: 4,5გ ცილაა, 54,6გ - ნახშირწყლები, 2,5 კკალორია.

ანანასში ბევრია A და C ვიტამინები, ნახშირწყლები, უჯრედისები, მაგნიუმი, იოდი, ფერმენტი ბრომელინი.

ანანასის ჩირი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. 100გ-ში: 0,8გ ცილაა, 82,6გ - ნახშირწყლები, 339 კკალორია.

უნაბსა და ფინიკში ბევრი მიკროელემენტი და ვიტამინია, განსაკუთრებით კი B5, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ტონუსს. შეიცავს 23 სახის ამინმჟავას.

100გ-ში: 2,3გ ცილაა, 65,6გ - ნახშირწყლები, 295 კკალორია.

მანგო ორგანიზმს უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი მინერალური ნივთიერებით, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

100გ-ში: 9,5გ ცილაა, 57,6გ - ნახშირწყლები, 640 კკალორია.

ვაშლი სამკურნალო თვისებებით ტოლს არ უდებს უნაბსა და ჭერმის ჩირს, შეიცავს ბორს, აძლიერებს იმუნიტეტს.

100გ-ში: 2,2 ცილაა, 59,0გ - ნახშირწყლები, 230 კკალორია.

ლეღვი უხვად შეიცავს რკინასა და კალციუმს, ისეთ ფერმენტებს, რომლებიც ასტიმულირებენ საჭმლის მონელების პროცესს.

100გ-ში: 4,5გ ცილაა, 54,6გ - ნახშირწყლები, 298 კკალორია.

ნესვი შეიცავს შაქარს, ვიტამინებს, რკინას, ფოლიუმისა და ნიკოტინის მჟავებს, აქვს შარდმდენი და ანთებსაწინააღმდეგო თვისებები.

100გ-ში: 6,5 გ ცილაა, 60,6გ - ნახშირწყლები, 325 კკალორია.