თავად სცადეთ კრემის დამზადება - კვირის პალიტრა

თავად სცადეთ კრემის დამზადება

კარგი სახის კანი, აუცილებლად მოითხოვს ზრუნვას და ამისთვის ჩვენც ათას საშუალებას ვიყენებთ. საკითხავი ის არის, რამდენად სანდოა ეს საშუალებები.…მოკლედ, ამაზე ბევრს არ ვიმსჯელებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სანდო და სასარგებლო სახის მკვებავი კრემის დამზადება თქვენც შეგიძლიათ.

მასალად საჭიროა:

სპერმაცევტი 40.0გ.

კაკაოს ზეთი 15.0 გ.

ვარდის ზეთი 10-15 წვეთი

ნუშის ზეთი 10-15 წვეთი

თაფლის სანთელი 10.0 გ.

ბორაქსი 1 გ.

ზეითუნის ზეთი 200 გ.

ალოე (სამედიცინო და არა სახლში გაწურული) ერთი სუფრის კოვზი

ადუღებული წყალი 100 გრ.

ზეთზე დამზადებული ვიტამინები ა, ე, დ 15-15 წვეთი.

მომზადების წესი: სასურველია, თუკი კრემს ფაიფურის ჯამში, ფაიფურისავე როდინის მსგავსი კოვზით მოამზადებთ, მაგრამ თუ ამისი საშუალება არა გაქვთ, შეგიძლიათ ემალირებული ჭურჭელიც გამოიყენოთ.

პირველ რიგში ფაიფურის ან ემალირებულ ჯამში მოათავსეთ სპერმაცევტი, კაკაო და თაფლის სანთელი. ჯამი წყლიან მოზრდილ ჭურჭელში ჩადგით, ისე რომ ადუღების შემდეგ წყალი ჯამში არ გადმოვიდეს და დაბალ ცეცხლზე შემოდგით. პერიოდულად ამოურიეთ. როდესაც ყველაფერი დადნება, ამოიღეთ ცხელი წყლიდან, აცადეთ ოდნავ შეგრილება და მიღებული მასა ათქვიფეთ (შესაძლებელია მიქსერის გამოყენებაც), იქამდე, სანამ არაჟნის კონსისტენციას არ მიაღწევს. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ზეითუნის, ვარდის და ნუშის ზეთი და თან ურიეთ. ეს საკმაოდ სახიფათო პროცესია, რადგან თუკი აჩქარდებით, შესაძლოა კრემი აგეჭრათ.…როდესაც ზეთიანი კრემიც შესქელდება, ანადუღარ, გაცივებულ წყალში გახსენით ერთი გრამი ბორაქსი, ფრთხილად დაუმატეთ კრემს და გააგრძელეთ თქვეფა იქამდე, სანამ არ ჩათვლით, რომ თქვენი მკვებავი კრემი უკვე სრულყოფილად ჰგავს მომზადებულ პროდუქტს. სულ ბოლოს ფრთხილად ჩაუმატეთ ვიტამინები.

5-6 საათით დატოვეთ კრემი თავდახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე. კრემის ქილებში გადატანამდე მიღებული მასა ნახევარი საათი კიდევ უნდა ათქვიფოთ. შემდეგ, ჩაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ალოე ( თუ დარწმუნებული ხართ, რომ ალოე ალერგიას არ გაძლევთ), ისევ მოურიეთ და დაანაწილეთ ქილებში.

კრემი გრილ ადგილას შეინახეთ. შეგიძლიათ ამისთვის მაცივარიც გამოიყენოთ, მაგრამ ის ქილა, რომლითაც ისარგებლებთ, ძილის წინ გამოიღეთ.