ყველა მცენარე "ფლობს" ჯამრთელობის საიდუმლოს - კვირის პალიტრა

ყველა მცენარე "ფლობს" ჯამრთელობის საიდუმლოს

გერმანიაში გაცივებას მკურნალობენ ხახვის ვაჟინით. ფიტონციდებით მდიდარი ხახვი აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

წვრილად დაჭრილ ხახვს დააყარეთ შაქარი და რამდენიმე საათი გააჩერეთ თბილ ადგილას. გამოყოფილი წვენი გადაწურეთ და დალიეთ თითო ჩ/კ დღეში 3-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.

შვეიცარიაში პოპულარულია გვირილის ყვავილის (ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს) ინჰალაცია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა სურდოს, ტრაქეიტისა და ბრონქიტის დროს.

მდუღარე წყალში ჩაყარეთ ერთი მუჭა გვირილის ყვავილი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და 10-15 წუთი ისუნთქეთ ორთქლი.

დაიხსომეთ! ორთქლი ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთი, რომ დაგწვათ.

დანიაში გაცივებას მკურნალობენ ჩ ვიტამინით მდიდარი ასკილის პიურეთი. ასკილში ჩ ვიტამინი 2-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 8-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში.

თესლგამოცლილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ, ვიდრე დარბილდება. შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ შაქარი (2კგ ნაყოფზე საჭიროა 150-200გ შაქარი), კარგად აურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე.

შვედეთში პირშუშხათი მკურნალობენ ყელის ტკივილს. მას აქვს ძლიერი ზოგადგამაჯანსაღებელი, ანთებსაწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ვირუსსაწინააღმდეგო თვისებები.

ყელის ტკივილის დროს 1 ს/კ გახეხილ პირშუშხას ფესვებს დაასხით 100მლ ანადუღარი გაცივებული წყალი და გამოივლეთ ყელში დღეში 4-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.

ხველების დროს კი პირშუშხას ახალი ფესვების წვენს დაასხით წყალი (1:10), დაამატეთ გემოვნებით თაფლი და დალიეთ.

კორეაში გაცივების სამკურნალო უებარ საშუალებად მიაჩნიათ ქათმის ბულიონი, რომელიც უხვად შეიცავს თუთიას. ეს მიკროელემენტი საჭიროა ფაგოციტების წარმოსაქმნელად, რომლებიც ანადგურებენ მიკრობებსა და ვირუსებს და აჩქარებენ გამოჯანსაღების პროცესს, აძლიერებენ იმუნიტეტს.

ბრაზილიაში გაცივების დროს სვამენ ევკალიპტის ჩაის. ეთეროვანი ზეთები და ცინეოლი, რომლებსაც ევკალიპტის ფოთლები შეიცავენ, გამოდევნიან ფილტვებიდან ლორწოს და აუმჯობესებენ ცხვირით სუნთქვას.

ევკალიპტის რამდენიმე ფოთოლს (შეიძლება გამხმარიც) დაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ ლაიმას წვენი და პიტნის 2-3 ფოთოლი.

გაცივებისა და ხველების დროს სასარგებლოა თაფლიანი რძე, ხველების დროს - ვირისტერფას ნახარში, სიცხის დროს - წყალში გახსნილი ძმრით დაზელვა. კოჭა აადვილებს სუნთქვას, წითელი ხახვი ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკურია, კამის ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს. ინჰალაციისთვის გამოიყენეთ პიტნა, ევკალიპტი, ლავანდა, სალბი, ჭინჭარი და ლიმონი.

ხველების დროს - ხორცსაკეპში გატარებულ 2 ცალ ლიმონს დაამატეთ 100 გ თაფლი. მიიღეთ თითო ჩ/კ ჭამის შემდეგ.

შაკიკის დროს: თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, მიიღეთ ლიმონიანი ყავა.

კამა

კუჭის შეკრულობის (ყაბზობის) დროს კამის ზეთი ასტიმულირებს ნაწლავებს, შველის ყაბზობას (დააწვეთეთ არა უმეტეს 10 წვეთი შაქრის ნატეხზე).

შავი ბოლოკი

გაცივებისა და გრიპის დროს შავ ბოლოკს ამოაჭერით გული, ჩადეთ შიგ თაფლი. გამოყოფილი 1 ს/კ წვენი მიიღეთ საათში ერთხელ.

წითელი ხახვი

ყურის ტკივილის (ოტიტის) დროს დღეში 3-ჯერ ყურში ჩაიდეთ ხახვის წვენში გაჟღენთილი ბამბის ტამპონი.

ქოლესტერინის მომატებისას გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის ყოველდღე შეჭამეთ ნახევარი ხახვი.

ქათმის ბულიონი აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნას.

კომბოსტო

უზმოზე 100 მლ კომბოსტოს წვენის მიღება, ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნაწლავებიდან გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.

ართრიტის დროს ღამით სახსრებზე დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი და შეიხვიეთ შალით.