ვარიკოზი და მასთან ბრძოლა - კვირის პალიტრა

ვარიკოზი და მასთან ბრძოლა

ვენების ვარიკოზული დაავადებით თითქმის ყოველი მესამე ქალი ზარალდება. ამის მიზეზი ქალბატონების ვენური სისტემის აგებულებაა, თუმცა, სამედიცინო სტატისტიკით, ვენების ვარიკოზი ყოველ მეათე მამაკაცსაც აწუხებს. ამასთანავე ვარიკოზი უმეტესად შრომისუნარიან, 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ემართებათ. ბოლო დროს კი სენი გაახალგაზრდავდა.

ვენების დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე ანგიოლოგი სერგო ურუშაძე გვესაუბრება...

- ვენების ვარიკოზი, ანუ ვენების სანათურის გაფართოება და ვენური კედლის გათხელება იმ უძველეს დაავადებათა შორისაა, რომელზეც ეგვიპტურ პაპირუსებშიც წერია და მის მკურნალობას თვით ჰიპოკრატე და ავიცენა ამაოდ ცდილობდნენ. დღეს კი ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი მაინც დაავადების დროული მკურნალობაა.

ვენების ვარიკოზული დაავადების ფორმებიდან (ბუასილი, ვარიკოცელე, კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება) ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, რასაც უმთავრესად ვენების სარქველების მუშაობის დარღვევა იწვევს - სისხლი ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით მოძრაობს და სწორედ ვენების სარქველები უშლის ხელს, რომ უკანვე არ წავიდეს. როცა სარქველები დაზიანებულია, სისხლი კიდურების ვენებში გუბდება და სისხლძარღვი ბუშტივით იბერება. ვენის სარქველების დაზიანების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ხანგრძლივად ფეხზე დგომა, სიმძიმეების აწევა, ჰორმონული ფონის შეცვლა, ორსულობა - როდესაც თანდათანობით გაზრდილი საშვილოსნო მუცლის ღრუს ვენებს აწვება, რაც ქვედა კიდურების ვენებს ტვირთავს, ასევე - შეკრულობა, ხანგრძლივი, მძიმე ხველება და ცემინებაც კი...

- ვენების ვარიკოზი ადვილად ამოსაცნობია დაბერილი ვენებით, გარდა ამისა, კიდევ რა ნიშნები ახასიათებს?

- პირველი ნიშანია საღამოობით ფეხების შეშუპება, სიმძიმისა და წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ეს სიმპტომები ქრება ან მცირდება სიარულის ან ძილის შემდეგ. მოგვიანებით კი ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამით - კრუნჩხვები კუნთებში. შემდეგ ვენებიც ფართოვდება. როცა ეს სიმპტომები შორს მიდის, შესაძლოა განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), დაზიანებულ მიდამოში ტროფიკული წყლულები, ეგზემა ან თრომბის წარმონაქმნი, რომელიც შესაძლოა გადაადგილდეს და სადმე დაეცოს. დაბერილი, დაავადებული ვენა ზოგჯერ სკდება და  სისხლდენა იწყება.

რაც ადრე შეუდგება დაავადებული პაციენტი მკურნალობას, მით უფრო შედეგიანია იგი.  მართალია, ვარიკოზის სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ დროულად შერჩეული მკურნალობა დაავადების პროგრესირებას აუცილებლად შეაჩერებს. ზოგადად, ქვედა კიდურების ვარიკოზის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციით, სკლეროთერაპიით და მედიკამენტებით. ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, ფიზკულტურა და წვივის ელასტიკური სახვევები, რომლებიც გამობერვას ხელს უშლის.

- მაგრამ თუკი ვენები უკვე გამობერილია?

- მაშინ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ არა ყოველთვის. უკვე ინერგება სკლეროთერაპიის მეთოდი, როცა ვენაში შეჰყავთ პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სისხლძარღვის სანათურის შეწებებას და დახურვას. პროცედურა სულ 5-10-წუთიანია და მეტად შედეგიანი.

- რაც შეეხება ვარიკოზის პროფილაქტიკას?

- არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი ფეხზე გადადებული; შეეცადეთ სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგეთ და გაიაროთ. ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას. შინ ყოფნისას, თუკი შესაძლებლობა გაქვთ, ქვედა კიდურები სიმაღლეზე შემოაწყვეთ... ვენებს ვნებს სიმსუქნე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. თუკი ამჩნევთ ვენების ვარიკოზისთვის დამახასიათებელ რომელიმე ნიშანს, შეეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა... არ არის სასურველი ელექტროგამათბობელთან ან რადიატორთან ხანგრძლივად ისე მიფიცხება, რომ კიდური შეწითლდეს. ვარიკოზულ დაავადებას ასევე უწყობს ხელს ბრტყელტერფიანობა. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმლის შერჩევას ბავშვებისთვის. 4-5 წლის ასაკამდე ბავშვის ფეხსაცმელს სასურველია, ჰქონდეს მაგარი ზედა ნაწილი და მყარი ძირი, რომელიც მჭიდროდ დააფიქსირებს ქუსლს და კოჭ-წვივის სახსარს. ქუსლის მიდამო შედარებით რბილი უნდა იყოს, ფეხსაცმლის წვერი კი შედარებით ფართო.