წონაში დაკლება გსურთ? - კვირის პალიტრა

წონაში დაკლება გსურთ?

დიეტოლოგები გირჩევენ, ნუ დაიტანჯავთ თავს და უარს ნუ იტყვით ტკბილეულზე, ზოგჯერ თავს მიეცით უფლება, პირი ჩაიტკბარუნოთ გემრიელი და სასარგებლო დესერტით. აი, ზოგიერთი მათგანი:

შოკოლადი შეიცავს ანტიდეპრესანტ ფაილეთილამინს, რომელიც ხელს უწყობს სიხარულის ჰორმონის - ენდორფინების გამომუშავებას, ამიტომაც გვიყვარს ეს ნუგბარი.

შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ მიირთვათ 50გ შავი, 75%-იანი კაკაოს შემცველობით, შოკოლადი.

შეგიძლიათ პირი ჩაიტკბარუნოთ ერთი მუჭა ხილის ჩირით (დღეში 100გ). ხელს არ უწყობს წონაში და სისხლში შაქრის დონის მომატებას.

ბიოიოგურტი ახშობს შიმშილის გრძნობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. შეგიძლიათ მირთვათ 200გ იოგურტი დღის ნებისმიერ დროს, მას ორგანიზმი ადვილად ითვისებს. შეგიძლიათ შეცვალოთ კეფირით.

თაფლი ბუნებრივი ნუგბარია, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. ნახშირწყლებს, რომელსაც თაფლი შეიცავს, ადვილად ითვისებს ორგანიზმი და მომენტალურად მატებს ენერგიას. თაფლის მიღებისას უნდა დაიცვათ დოზირება: დილით 1 ჩ/კ თაფლი გახსენით 1 ჩ/ჭ ლიმონიან წყალში და დალიეთ. ენერგიით აივსებით.

დარიჩინი არეგულირებს შაქრისა და ინსულინის დონეს, ამცირებს შიმშილის გრძნობას. გირჩევთ, დილით საუზმეზე დალიოთ დარიჩინიანი ყავა.

მარმელადი დაბალკალორიულია, მიირთვით, მაგრამ ზომიერად. მისი დამზადებისას იყენებენ ნატურალურ პროდუქტებს (ჟელატინს, პექტინს, აგარ-აგარს), რომლებიც გამოდევნიან ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს.

სტევია (ანუ თაფლის ბალახი) მცენარეა, შეიცავს სტევიოზიდს, რომელიც თითქმის 300-ჯერ ტკბილია შაქარზე. აუმჯობესებს ორგანიზმის ყველა ორგანოს მუშაობას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ჟელე, რომელიც 90% წყალია და არაკალორიულია (100გ 10 კკალორიაა), იდეალური დესერტია მათთვის, ვისაც სურს წონაში დაკლება, კლავს შიმშილის გრძნობას. გაითვალისწინეთ, რომ ის შარდმდენია, ამიტომ, ვისაც თირკმლების პრობლემები აქვს, მაინცდამაინც ნუ მიეძალება.