თაფლი - უნიკალური მკურნალი - კვირის პალიტრა

თაფლი - უნიკალური მკურნალი

ანტიკური ხანის უდიდესი სწავლულები ამტკიცებდნენ, რომ ხანგრძლივ სიცოცხლეს  თაფლს უნდა უმადლოდნენ.

თაფლი შეიცავს ყველა მინერალურ მარილს, A, C, H, PP ვიტამინებს, სხვადასხვა მჟავას, სწორედაც ორგანული მჟავები აძლევენ მას განუმეორებელ გემოს. შედგება 70-80%-ზე მეტი ნახშირწყლებისგან (უპირატესად, ფრუქტოზით). მეცნიერთა აზრით, თაფლი აუმჯობესებს მეხსიერებას და ამშვიდებს ნერვებს, რაც დაკავშირებულია ანტიოქსიდანტებთან, რომლებსაც ის პროდუქტი შეიცავს. გარდა იმისა, რომ თაფლი კურნავს ჭრილობებსა და წყლულებს, წარმატებით იყენებენ ძვლებისა და კუჭის კიბოს მკურნალობისთვის.

ამერიკელმა ოტოლარინგოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლს შეუძლია ეფექტურად შეებრძოლოს ქრონიკული სურდოს გამომწვევ ბაქტერიებს. ბულგარელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ჰიპერტონიით დაავადებულებს თაფლისა და ყვავილის მტვრით მკურნალობისას უუმჯობესდებოდათ მდგომარეობა. მეფუტკრეები ამბობენ, რომ არსებობს თაფლის 50 სახეობაზე მეტი. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

ცაცხვის თაფლი ძალიან სურნელოვანია, გამჭვირვალე და ყველაზე პოპულარული. შველის გაცივებას, ოფლმდენია, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას, ნევროზს, უძილობას. რეკომენდებულია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

აკაციის თაფლი გემოთი და სამკურნალო თვისებებით ცაცხვისას არ ჩამორჩება. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის და შარდსასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

წიწიბურის თაფლი რეკომენდებულია ანემიის, ავიტამინოზისა და დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ძიძოს, სამყურას, თავშავას, ქინძის, პიტნის, მზესუმზირის, ბაბუაწვერას თაფლი და სხვ.

მთავარია, თაფლი ისე გამოვიყენოთ, რომ არ დაიკარგოს მასში შემავალი ვიტამინები, მინერალები და მჟავები. ამისთვის საჭიროა დაიცვათ მარტივი წესები: თაფლი შეინახეთ ჰერმეტულად, გრილ და მშრალ ადგილას. არავითარ შემთხვევაში არ გააცხელოთ, არ დაამატოთ ჩაის, მდუღარეს. რომ არ გაცივდეთ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად დღეში 3-ჯერ მიიღეთ თითო ჩ/კ თაფლი; თუ მაინც გაცივდით, გახეხილ ნიორს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი, მიიღეთ თითო ს/კ ღამით და დააყოლეთ ცხელი წყალი.

სურდოს დროს ცხვირში ჩაიწვეთეთ ცხელ წყალსა და მცენარეულ ზეთში გახსნილი თაფლი 1:1:1-ზე პროპორციით.

ხველების დროს, თუ მაღალი სიცხე არ გაქვთ, დალიეთ ცხელი ჩაი, გულმკერდი დაიზილეთ თაფლით, დაიფარეთ პერგამენტის ქაღალდი, დაიდეთ თბილი შალი. სასიამოვნო სითბოს შეგრძნების შემდეგ, კარგად გაიწმინდეთ ცხელი წყლით, გაიმშრალეთ და წაისვით ევკალიპტის ზეთი, რადგანაც თაფლი ხშირად იწვევს ალერგიას. დილით, სამსახურში წასასვლელად სასიამოვნო გუნება-განწყობილებას შეგიქმნით, თუ შეჭამთ თაფლიან ხაჭოს. 150 გ ხაჭოს დაამატეთ 2 ჩ/კ თაფლი და სურვილისამებრ 50 მლ რძე.

თაფლს არაალერგიული პაციენტებისთვის კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ, მას შეუძლია კანს სინორჩე გაუხანგრძლივოს.

გთავაზობთ სახის კანის თაფლის ნიღბებს:

მშრალი სახის კანის დროს შეურიეთ ერთმანეთს 100გ თაფლი, 1 ც ლიმონის წვენი, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ნორმალური სახის კანისთვის შეურიეთ ერთმანეთს 50 გ თაფლი და 10 წვეთი ნუშის ზეთი, წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და გაიკეთეთ ცხელი კომპრესი.