რეალური დაავადება თუ არასწორი ცხოვრების წესი - კვირის პალიტრა

რეალური დაავადება თუ არასწორი ცხოვრების წესი

ჯანმრთელობის რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდი, როდის არის მიზანშეწონილი და აუცილებელი ექიმთან მისვლა, როდის არის გამართლებული ჰორმონოთერაპია, ამ და სხვა საკითხებზე მოგვითხრობს მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ტყეშელაშვილი:

მთავარი პრობლემა

დედათა სიკვდილიანობის სიხშირე, თვალსაჩინო მაჩვენებელია იმისა, თუ რა ხდება მეან-გინეკოლოგიაში. ეს მხოლოდ მწვერვალია პირამიდისა, რომლის მთავარი მიზეზი პროფესიული განათლების განახლების პროცესის მოუწესრიგებლობაა. ექიმმა თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი არ იცის, ე.ი. ვერ მკურნალობს სწორად, დაავადება კი თავისი გზით მიდის. სიტუაცია ხშირად კურიოზულია, წარმოუდგენელიც კი: ინიშნება წამალი, რომელიც რეალურად არ კურნავს, პირიქით ისეთ გადახრას იწვევს ორგანიზმში, რაც ბუმერანგივით ბრუნდება უკან და ისევ ძირითადი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. თუ კარგად წავიკითხავთ ბაზისურ ინფორმაციას, თუნდაც წამლის ანოტაციას, კარგად დავაკვირდებით პაციენტს მკურნალობის პროცესში და შემდგომ, ბევრი რამ თვალნათელი გახდება. ექიმმა არ უნდა დაკარგოს სიფრთხილის გრძნობა - არ ავნო! რაც მხოლოდ შესაბამის ცოდნას მოაქვს, თანაც მუდმივად განახლებადს.

არასწორი მკურნალობის მსხვერპლი

გინეკოლოგთან მისვლის ყველაზე ხშირი მიზეზი გათხოვებამდე არეული და მტკივნეული მენზესი, ე.წ. ანთებები, სისხლდენებია, შემდეგ კი იმავე პაციენტების ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ექიმს არ უნდა მივაკითხოთ, მაგრამ ხომ შეიძლება ჯერ დავფიქრდეთ, თუ როგორ ვცხოვრობთ, რამ შეიძლება განაპირობოს ჩვენი უღონობა, უხასიათობა, ციკლის დარღვევა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, სიმსუქნე,… ეგებ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცხოვრების არაჯანსაღი წესის შედეგებია და არავითარ შემთხვევაში დაავადება?

ჰორმონოთერაპია მოზარდებში

ჰორმონული დარღვევები მოზარდებში უფრო ხშირად განპირობებულია არა რეალური დაავადებებით, არამედ არასწორი ცხოვრების წესით. ბავშვები გვიან იძინებენ და იღვიძებენ, აქვთ ავადმყოფური გადახრები წონის მატების შიშთან დაკავშირებით, შიმშილობენ ან მიირთმევენ ბევრ ისეთ საკვებს, რომელიც ყველაზე მავნე პროდუქტების ოფიციალურ სიაშია შეყვანილი. აი, ასეთ ბავშვებს ციკლის დარღვევის, გათმიანებისა და სხვა დარღვევების გამო, ენიშნებათ ჰორმონი, არადა ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებელია, რომ ექიმმა როგორმე გააგებინოს მოზარდს, რომ რაკიღა არ იძინებს თავის დროზე, არ საუზმობს, არ იღვიძებს, მიირთმევს ბევრ ტკბილს ზოგჯერ მშიერ კუჭზე, ამიტომ არის ცუდად, ამიტომ არა აქვს ციკლი, ამიტომ აქვს მტკივნეული მენსტრუაცია, ამიტომ ამოუვიდა წვერ-ულვაში. უნდა გააგებინოს მას და თავადაც იცოდეს, რომ ამ პრობლემებს ჰორმონული მკურნალობა კი არ მოუწესრიგებს, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესი.

გოგონების გათმიანება

ასეთ ავადმყოფურ სიტუაციაში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ამ საკითხს ნამდვილად ვერ აგვარებს, პირიქით, ძალიან ხშირად პრობლემებს უმატებს მოზარდსაც და ზრდასრულსაც. განაპირობებს მტკივნეულ სქესობრივ აქტს, რაც თავის მხრივ უკვე დარღვევაა და ახალ დარღვევებს აჩენს: შიშს ან დაუკმაყოფილებლობის განცდას, სხვა გადახრებს. მერე ასეთი გოგონები სხვადასხვა გზას ირჩევენ პრობლემის მოსაგვარებლად - ვის რას უკარნახებს აღზრდა და გონება - ზოგი მრავალ პარტნიორთან იწყებს ურთიერთობას, ზოგი კი ასკეტურ გზას ირჩევს. გოგონების ჭარბთმიანობა სერიოზული პრობლემაა საქართველოში. ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური კითხვარის საშუალებით გამოვკითხეთ 16-დან 20 წლამდე ასაკის 3500 გოგონა.

ჭარბთმიანობის პრობლემა 28%-ს აღმოაჩნდა. ალბათ, არ არის ცოტა, მით უფრო, რომ ეს როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური პრობლემაა. ასეთი გოგონების დიდი უმრავლესობა, ხვდებიან რა რეპროდუქტოლოგებთან, იწყებენ ჰორმონების მიღებას, რეალურად მათ უდიდეს უმრავლესობას ეს წამლები არ სჭირდება, რადგან აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ქრონიკული სტრესია, რის შედეგადაც ირღვევა თანაფარდობა ქალისა და მამაკაცის ჰორმონებს შორის: ქვეითდება ქალური ჰორმონების რაოდენობა, ფარდობითად მაღალია მამაკაცური. აქედან გამომდინარე, სწორი სტრატეგია იქნება ქალური ჰორმონის დონის აწევა და არა მამაკაცურის დაწევა, რასაც ითვალისწინებს ჰორმონის დანიშვნა. გარდა ამისა, მამაკაცური ჰორმონის დამწევი საშუალება პოტენციური დიაბეტოგენია, რაც გარკვევით აწერია წამლის ანოტაციას. ხშირად პაციენტს ეწყება გაცხიმოვნება, სქესობრივი ლტოლვის შესუსტება ან გაქრობა. სიმსუქნეს შეუძლია თავის მხრივ განაპირობოს ჭარბთმიანობა. გამოდის, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ჩარევა არათუ ნაკლებად ეფექტური, არამედ საზიანოცაა. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული ტიპის პაციენტების მართვის საკითხი დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს ექიმისგან.

როგორ უნდა დაიკლოს ქალმა წონაში

არ შეიძლება, ქალი კაცივით ავარჯიშო და არბენინო. მისთვის არც ღამის ტეხა შეიძლება, რაც დადასტურებულად ზრდის ავადობას ყველა მიმართულებით, აბერებს, აბერწებს.…ახლა გოგონებზე ვსაუბრობთ, მაგრამ რა დააშავეს 30-40 წელს მიღწეულმა ქალებმა? როგორ შეიძლება ახალგაზრდა ქალს, რომელიც ჩამოყალიბებული ჰიპერტონიკია, დაუნიშნო წნევის წამალი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა სვას და არ ჰკითხო მოწესრიგებული აქვს თუ არა ძილი ან კვება? კვებაზე გეტყვით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ნაყოფის სიმახინჯეებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები. დადგინდა, რომ მსუქან და დიაბეტიან ქალებს 4-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ აღნიშნული პრობლემები.

მაგრამ რას მივყავართ სიმსუქნემდე და დიაბეტამდე? რა თქმა უნდა, არასწორ კვებას და უამრავ ტკბილ საკვებ-სასმელს, რომლებიც ხელოვნურ დამატკბობლებს შეიცავს. დადასტურებულია აღნიშნული ნივთიერებების და საერთოდ ტკბილის ჭარბი მოხმარების ონკოლოგიური "მისწრაფებებიც". ძნელია წარმოიდგინო სამყარო ამ ცდუნებების გარეშე, მაგრამ, ალბათ შეზღუდულად უნდა მოვიხმაროთ.

ქალის სამსახური

ღამისთევა ქალისთვის, რომელმაც ბავშვი უნდა გააჩინოს, უბრალოდ, არ შეიძლება. ადამიანი ლიმონივით თუ გამოწურე, ის ვეღარც შვილს გააჩენს და ვეღარც ოჯახს მოუვლის. რამდენიმე დღის წინ ჩეხეთში მცხოვრებმა ქალმა მომაკითხა კონსულტაციისთვის და იცით რა მითხრა? ჩვენთან, დილის 6 საათზე ვიწყებთ მუშაობას და შუადღის 2 საათზე ვამთავრებთო. რომელზე იძინებთ-მეთქი, დამაინტერესა. 9-ზე უკვე ვწევარო.… კი ბატონო, 6-ზე ნუ დავიწყებთ, მაგრამ 8-ზე დავიწყოთ, იმისთვის რომ ბუნებრივ ბიორიტმს მოვერგოთ.

დეა ცუცქირიძე