უჩინარი "მტერი"
11-03-2013
გვინდა თუ არა, ჩვენთან ერთად უამრავი სხვა ორგანიზმი ცხოვრობს. ზოგიერი მათგანი უვნებელია, ზოგიერთი კი - საშიში, რომელთაც შეუძლიათ ადამიანს ბევრი უსიამოვნება შეუქმნან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ორგანიზმში იწყებენ "ბატონობას". მათ განეკუთვნება ჰელმინთები (ჭიები, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის, ცხოველის, მცენარის ორგანოებსა და ქსოვილებში).

მსოფლიოში ჰელმინთებით ინფიცირების ძალიან მაღალი დონეა. ინფექციონისტებისა და პარაზიტოლოგების აზრით, ჭიებით თანამედროვე ადამიანის დასნებოვნების ალბათობა სიცოცხლის განმავლობაში ისეთივეა, როგორიც პედიკულოზით (ტილებით) დაავადების - ე.ი. პრაქტიკულად 100%. ხოლო პატარების 1,5-3
წლამდე დასნებოვნების მასშტაბი - 80%-ია. ჰელმინთებით გამოწვეულ დაავადებას ჰელმინათოზია ეწოდება.

ზოგიერთი ჭია მუდმივად ცხოვრობს ადამიანის ორგანიზმში, საფუძვლიანად მკვიდრდება ნაწლავებში და თავისი პატრონის საკვებ ნივთიერებებს შთანთქავს, რითაც იწვევს ანემიას, გახდომას, ჰიპოვიტამინოზს და თუ ის ბევრია, შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაუვალობა.
ზოგიერთი ჰელმინთი ადამიანს იყენებს, როგორც შუამავალს. თუმცა,
მათაც არცთუ ნაკლები ზიანის მიყენება შეუძლიათ. მათი ლარვები ეწებება წვრილ ნაწლავებს და სისხლთან ერთად გადადის მთელ ორგანიზმში, ლაგდება შინაგან ორგანოებში, წლების განმავლობაში თვლემს და თუ შეექმნება კეთილსასურველი პირობები, იღვიძებს და იწყებს ორგანიზმის მოწამვლას.

ჰელმინთები უბადლო იმიტატორები არიან და შეუძლიათ შეინიღბონ სხვა დაავადების სახით. თუმცა, აქვთ დამახასიათებელი ნიშნებიც: კანის ქავილი და გამონაყარი, სისუსტე, გაღიზიანება, ნერვიულობა, წონაში დაკლება, ხშირი გაცივება, სისხლში ეოზინოფილების შემცველობა. თუ ამ სიმპტომებს შეამჩნევთ, არ დააყოვნოთ ექიმთან ვიზიტი.

ჭუჭყიანი ხელები, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული, ცუდად შემწვარი ხორცი და თევზი, დაავადებული ადამიანი და ცხოველი ჰელმინთებით დაავადების წყაროა. არ დაუშვათ, ცხოველმა ჭამოს თქვენი თეფშიდან, დაწვეს თქვენს საწოლზე, მასთან ყოველი შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები, 3 თვეში ერთხელ  აჩვენეთ ვეტერინარს, შეამოწმეთ, ჭიები ხომ არ ჰყავს.
ჰელმინთებით დაავადებულს ხშირად გამოუცვალეთ საწოლისა და ჩასაცმელი თეთრეული. გამოცვლილი თეთრეული უნდა გამოიხარშოს და დაუთოვდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით