ინსულტი და მისი გამომწვევი მიზეზები
11-03-2013
ინსულტი და მისი გამომწვევი მიზეზები
სიცოცხლისათვის საშიში დაავადება, - ასე შეგვიძლია შევაფასოთ ინსულტი, რომელიც სტატისტიკით სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მესამე ადგილზეა. ინსულტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში სიახლეები ინერგება ჩვენს ქვეყანაშიც. თუმცაღა, ამ მეტად საშიშ დაავადებას ალბათ ყველაზე მეტად ჯანმრთელი ცხოვრების წესი ამარცხებს. ინსულტთან ბრძოლის შესახებ ექიმი ლია ლურსმანაშვილი მოგვითხროს:

- ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლას ნიშნავს, რის შემდეგაც თავის ტვინის უჯრედების სიკვდილი იწყება. ის სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: ტვინის მკვებავი სისხლძარღვის
დახშობით, ანუ იშემიური ინსულტით და სისხლძარღვის გაგლეჯით,  ასევე ანომალიური სისხლძარღვის, ე.წ. ანევრიზმის გასკდომით, რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. ჰემორაგიული ინსულტის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ჰიპერტონიაა, ხოლო იშემიურისა - ათეროსკლეროზი, თრომბოემბოლიური დაავადება, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი და სხვ, როდესაც ხდება ათეროსკლეროზული სისხლძარღვის დახშობა და მის ფონზე ტვინის უჯრედების ინფარქტი - კვდომა.
 
თუ ინსულტი არცთუ დიდი ხნის წინ ხანდაზმულთა პრობლემად მიიჩნეოდა, ამჟამად გაახალგაზრდავებულია და ზოგჯერ 30 წლამდე ასაკშიც კი ვლინდება. მიზეზიც მრავალგვარი შეიძლება იყოს. მათ შორის: სტრესი, ჭარბი წონა, მავნე ჩვევები, არასწორი კვება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, გენეტიკური ფაქტორი, ეკოლოგია და ჩვენს ეპოქაში გამეფებული სხვა უამრავი უარყოფითი მოვლენა.

- არსებობს თუ არა ინსულტის პირველადი ნიშნები, რასაც ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს და თავს უშველოს?
- ჰემორაგიული ინსულტი ძალზე სწრაფად, მოულოდნელად ხდება, თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება და ზოგჯერ გონების დაკარგვაც, იშემიური ინსულტის პირველი ნიშნებიც არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად მათ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ესენია: მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა, სახის, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, მეტყველების მოშლა ან თავბრუ, რომელიც დროდადრო ქრება, ვიდრე სიტუაცია არ დამძიმდება. ადამიანი რამდენიმე საათი ელოდება, სანამ ყველაფერი საბოლოოდ თავისით გაივლის, ძვირფას დროს კარგავს და სავალალო შედეგს იღებს.

არ შეიძლება ასეთ დროს თვითმკურნალობა, რაც მხოლოდ ზიანს მოიტანს. ჰემორაგიული ინსულტი, მართალია, ძალიან სწრფად ვითარდება, მაგრამ სტაციონარში გადაყვანას, პირველი წუთებიდანავე ექიმის ჩარევას, დროულ დიაგნოსტირებას და მკურნალობას ავადმყოფის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ავადმყოფი  მოხერხებულად უნდა დავაწვინოთ - უნდა მიეწოდებოდეს ჰაერი და არ ეცვას შემბოჭველი ტანსაცმელი. ღებინების შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ ნაღებინარი მასის მოხვედრა სასუნთქ სისტემაში, რაც შემდგომ სერიოზულ გართულებებს იწვევს. ინსულტის მკურნალობა ნევროპათოლოგის, რეანიმატოლოგისა და ნეიროქირურგის მოვალეობაა. ინსულტის აღმოცენებიდან ექვს საათს თერაპიულ ფანჯარას უწოდებენ. ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია ტვინის უჯრედების განადგურების თავიდან აცილება ოპერაციის გარეშე. ასეთ დროს ინსულტის შედეგები შესაძლოა მინიმალური იყოს.

- როგორია ინსულტის რეაბილიტაცია?
- ინსულტის შემდეგ აღდგენითი პერიოდი უმეტესად ხანგრძლივი და რთულია. სამწუხაროდ, ექიმებს ყოველთვის არ შეუძლიათ "ტვინის კატასტროფის" ყველა შედეგის აღმოფხვრა. თუმცა თუკი ავადმყოფი ნორმალურ, ჯანსაღ გარემოში ცხოვრობს, კარგად იკვებება და სიყვარულით უვლიან, ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რომ ფეხზე დადგეს. 

- როგორია ინსულტის პროფილაქტიკა?
- პირდაპირ ვიტყვით: რომელიმე თქვენმა ახლობელმა ინსულტი ან მიოკარდის ინფარქტი გადაიტანა? მიდრეკილება გაქვთ თრომბის წარმოქმნისკენ? ხშირად გაქვთ მაღალი წნევა? გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და ამავე დროს ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესს მისდევთ და თამბაქოსაც ეწევით? მაშინ რისკის ჯგუფში ხართ და აუცილებლად ჩვევები უნდა შეცვალოთ. ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ, მეტი იმოძრავეთ და თამბაქოს მოწევას თავი დაანებეთ. ასევე მუდამ აკონტროლეთ არტერიული წნევა, - თუ ის მუდამ მაღალი გაქვთ, მისი ნორმალიზებისათვის ექიმს მიმართეთ. მაღალი არტერიული წნევა ინსულტის ძირითადი მიზეზია.

სასურველია, წელიწადში ერთხელ ქოლესტერინის დონის შემოწმება. ჭარბი ქოლესტერინი არტერიების შიგნითა კედლებზე ილექება და ათეროსკლეროზულ ღილებს წარმოქმნის, რაც ზრდის იშემიური ინსულტის განვითარების რისკს, ასევე საჭიროა გლიკემიის კონტროლი და კარდიალური პრობლემების მეთვალყურეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც.
შეზღუდეთ მარილი, მოერიდეთ ცხიმიან და ტკბილ საკვებს. მიირთვით მეტი ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, უცხიმო რძის პროდუქტები. ინსულტის დიაგნოსტირება თანამედროვე ინსტრუმენტული კვლევებით - თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევებით ხდება, რაც პრაქტიკულად ყველა კლინიკაშია შესაძლებელი.
ინგა
07 აპრილი 2018 11:14
ქმარტმა გადაიტანა იშემიური ინსულტი ,უკვე 9 თვეა და ბევრად კარგად არის ,მხოლოდ საგნების სახელები ერევა ,საუბარი ერევა ,ეს როდის გამოსწორდება ,და ტუ გამოსწორდება საერთოდ? ამდენი თვე გავიდა
lasha
10 ოქტომბერი 2017 11:37
gamarjobat chemma axlobelma gadaitana insulti es ori celia iol farglebshi aris 35clis mamakacia exa kargad grznobs tavs.. mamac magitt daegupa..ori shvili yavs da da mesames fiqrobs da tu daafexmzimebs meugles zaan mainteresebs rom gvipasuxot..
ლალი
29 სექტემბერი 2017 08:47
სასიამოვნოა იმფორმაცია ინსულტის შესახებ რომელიც საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დაავადებაა.მივესალმები.

რედაქტორის რჩევით