ჰორმონი როგორც "ხსნა"
18-03-2013
ჰორმონი როგორც "ხსნა"
"ჰორმონალური თერაპიის ავკარგიანობის საკითხი გინეკოლოგიაში და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ფრიად საკამათოა და მას არა ბრმად დაცვა, არამედ თვალებში ჩახედვა სჭირდება", - გვეუბნება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ბესარიონ ტყეშელაშვილი.

"ხსნა" უშვილობისგან


- ახლახან 28 წლის პაციენტისათვის გამოწერილი წამლების ნუსხას გავეცანი.  ექიმს მისთვის 85 დასახელების წამალი გამოუწერია, აქედან 28 ჰორმონი და ოვულაციის სტიმულატორია. რაც ნიშნავს, რომ  ამ პაციენტმა იმ დღიდან, რაც  ექიმს მიაკითხა (მაშინ 25 წლის გახლდათ), დღემდე სწორედ ამდენი წამალი მიიღო
სამკურნალოდ. ეს რამდენიმე ექიმის "ნამუშევარია".… როგორც ამ ჩანაწერიდან ჩანს, პირველი "მკურნალობის" შემდეგ დადგა ორსულობა, მაგრამ მისი ფეხმძიმობა შეწყდა. რადგან დაფეხმძიმდა, გამოდის, რომ დასაწყისში ჰქონდა რესურსი, მაგრამ მკურნალობამ ვერ გაამართლა. როგორ გაამართლებდა, როდესაც დაორსულებამდე ხანგრძლივად ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატს იღებდა.

ქალს, რომელიც ორსულობისთვის ემზადება, არ სჭირდება ეს.
ამბობენ, რომ ეს პრეპარატები საკვერცხეს ასვენებსო, კი არ ასვენებს, ადუნებს!  აი როგორ განვითარდა ამ გოგონას შემდგომი ბედი: ნაყოფის დაკარგვის შემდგომი "მკურნალობა" ისევ ჰორმონებით მკურნალობა გახლდათ, რის შედეგადაც მდგომარეობა გაუარესდა და ჰორმონს სტიმულაცია დაემატა. სტიმულაციას ისევ ჰორმონი, შემდეგ ისევ სტიმულაცია, ისევ ჰორმონი და… საბოლოო შედეგად მივიღეთ ის, რომ პაციენტი ქალი აღარ არის... კაცია. არადა, ახლა 28 წლისაა, როგორი სათქმელია, რომ უპერსპექტივოა? ახლა ვცდილობთ, მასში გავაღვიძოთ ის, რაც მან დაკარგა, თუკი აქვს დარჩენილი რაიმე მარაგი "ქალურობიდან", მაგრამ, საუბედუროდ, 90% ამას ვერ ახერხებს.

"ხსნა" არასასურველი ფეხმძიმობისგან

- საქართველოში კითხვას ასე სვამენ: ჩასახვის საწინააღმდეგო წამალს არ დალევ? აბა, აბორტი გინდა?! ეს საზოგადოებისთვის ძალიან დიდი არგუმენტია, მაგრამ არსებობს სწორი პასუხი. არა ბატონო, არ მინდა აბორტი, ჯერ მინდა შვილი და შემდეგ იაფი, ეფექტური და არა მავნე კონტრაცეფცია.
2013 წლის თებერვლის გამოკითხვის მონაცემებით (აშშ-ის ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დივიზიონი) აშშ-ში განუხრელად იზრდება კონდომის გამოყენების სიხშირე და მან 93.3% მიაღწია. მომდევნო ადგილზეა ორალური და საინიექციო კონტრაცეფცია, რომელთა შედარებით დაბალ პოპულარობას გვერდითი ეფექტები და მენსტრუალური დარღვევების განვითარება განაპირობებს. საკმაოდ გაიზარდა ე.წ. სასწრაფო კონტრაცეფციის "მოწონების" და შესაბამისად გამოყენების დონე. ანუ ქალმა არჩია თავი დაიცვას ორსულობისგან უშუალოდ სქესობრივი აქტის დროს და მუდმივად არ მიიღოს ჰორმონული აბები, ხანგრძლივად შეწოვადი ჰორმონული საშუალებები; კარგია, რომ ხალხი ამერიკაში რაციონალურად აზროვნებს, ჩვენ კი ჯერ ამ აზრამდე ვერ მივედით.

მარტივად: იაფი და არა მავნე კონტრაცეფცია - პრეზერვატივი და სპერმიციდი. ორივე იაფი და უვნებელია, იცავს ინფექციებისგან. ვთქვათ გაიპარა ათასში ერთი და ფეხმძიმობა მაინც დადგა? დაიქცა ქვეყანა? ასე იყო ალბათ საჭირო, გააჩინოს და მიიღოს ღვთის საჩუქრად! ისე, ყველა მეთოდის შემთხვევაში იპარება რაღაც პროცენტი.

როდის არის ჰორმონი მართლაც ხსნა

ჰორმონს პრაქტიკულად არ ვიყენებ. მხოლოდ იშვიათად, ორსულობის დროს, ბუნებრივთან მიახლოებულს, დადასტურებულ, მოტივირებულ, არგუმენტირებულ სიტუაციაში, იმ სურვილით, რომ მალე მოვხსნა. კარგი წამალი არ არსებობს, მით უმეტეს ორსულობის დროს. არის ნაყოფისთვის მეტ-ნაკლებად სარისკო პრეპარატის გამოყენების გარდაუვალი აუცილებლობა.

ძირითადი გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პრინციპი, თუ შეიძლება ასე ითქვას,  მენსტრუალური ფუნქციის და ოვულაციის (შვილოსნობის, შესაბამისად რეპროდუქციული ასაკის განმსაზღვრელი მოვლენა - მარკერი) დათრგუნვაა, რასაც თან სდევს სიბერის შესაბამისი მოვლენების განვითარება მთელ ორგანიზმში, რადგან გამოყენებული წამლები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ ან ჰორმონებს წარმოადგენენ, რომელთაც პრაქტიკულად ყველა უჯრედზე აქვთ გავლენა.
მიღებული შედეგი ან დროებითია და დაავადება კვლავ იჩენს თავს, ან მუდმივია, რაც პარალელურად ქალის "დაკოდვის" საწინდარს წარმოადგენს. მაგალითად, თუ ქალს აქვს ე.წ. დისფუნქციური სისხლდენა ან ენდომეტრიოზი, ითვლება, რომ უნდა დაითრგუნოს საშვილოსნო და საკვერცხეები, სისხლდენის მიზეზი კი რეალურად არც განიხილება - უცნობია. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე. ცნობილია პრაქტიკულად ყველა ძირითადი გინეკოლოგიური დაავადების მიზეზი და რისკ-ფაქტორი, რომელთა აღკვეთაც უდავოდ სასარგებლოა მთლიანად ორგანიზმისათვის და ეფექტურია კონკრეტული დაავადების მკურნალობაში. ისეა თუ ასე, ჰორმონული თერაპიის ავკარგიანობის საკითხი გინეკოლოგიაში და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ფრიად საკამათოა და მას არა ბრმად დაცვა, არამედ თვალებში ჩახედვა სჭირდება. დარწმუნებული ვარ ბევრი რამ შეიცვლება, ისე როგორც ეს ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობის მეოთხედსაუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში მოხდა.

- როგორ მოვიქცეთ, თუკი ექიმები სცოდავენ?
ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ქალთა მიმართვიანობის მაჩვენებელი. ჩემი პრაქტიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ: პაციენტების უდიდეს უმრავლესობას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდს ამდენი დაავადება, არ სჭირდება ამდენი გამოკვლევა, ამდენი წამალი, ხშირად არ საჭიროებს ქირურგიულ ოპერაციას. ამის წყალობით ვიღებთ ორ უარყოფით შედეგს: გაღარიბებულ და დაავადებულ საზოგადოებას, რომელსაც შვილოსნობის, შრომის, ცხოვრებით ტკბობის უნარი და უფლებაც აყრილი აქვს. პაციენტებმა უნდა ისწავლონ თავიანთი ცხოვრების წესის კრიტიკულად შეფასება, იმისთვის რომ ზედმეტად არ მივიდნენ ექიმთან.

დეა ცუცქირიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით