ძლიერი იმუნიტეტი ყველა სახეობის გრიპს უმკლავდება - კვირის პალიტრა

ძლიერი იმუნიტეტი ყველა სახეობის გრიპს უმკლავდება

პანდემიური ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში თითქმის ყოველდღე ვლინდება. მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 50-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან, მაგრამ შესაბამისი უწყებები სკოლებში იძულებითი არდადეგების გამოცხადებას არ ჩქარობენ.

თბილისის 161-ე საშუალო სკოლაში  H1N1 ვირუსი უკვე სამ მოსწავლეს დაუდგინდა. ინფიცირებული ბავშვები თანაკლასელები არ არიან. მათგან ერთი მე-12 კლასის მოსწავლეა, ერთი-  მეოთხე, ერთიც კი მეორეკლასელი. პედაგოგების თქმით, ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობაც კი არ ჰქონიათ, რადგან მათი საკლასო ოთახები შენობის სხვადასხვა მხარეს მდებარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, 161-ე სკოლის სამივე მოსწავლის დაინფიცირება სკოლის გარეთ მოხდა. სკოლის შენობა გადამდები დაავადებების კვლევის სააგენტოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს და შენობაში სწავლის გაგრძელება უსაფრთხოდ მიიჩნიეს, თუმცა მშობლები შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებენ.

კალიფორნიული გრიპით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევა გამოვლინდა ვაზისუბანში, 163-ე საჯარო სკოლაში. დაავადებული ბავშვი მეექვსეკლასელი ბიჭია და ექიმების განცხადებით, თავს კარგად გრძნობს. ამავე სკოლის კიდევ შვიდ მოსწავლეს გრიპის სიმპტომები გამოუვლინდა, მაგრამ მათ ლაბორატორიული კვლევა არ გაუვლიათ. სკოლებში გრიპით ინფიცირების შემთხვევათა მომრავლების მიუხედავად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში სკოლის შენობების დეზინფიცირების აუცილებლობასაც ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ არსებულ კლიმატურ პირობებში გრიპის ვირუსი ხუთ საათში თავისით კვდება.

ექიმთა განმარტებით, ზოგადად გრიპის დამარცხების ყველაზე ეფექტიანი საშუალება იმუნიტეტის ამაღლების სპეციფიკური და არასპეციფიკური მეთოდებია. ეს უკანასკნელი ცხოვრების ჯანსაღ წესს გულისხმობს, პირველ შემთხვევაში კი ვაქცინაცია ტარდება. მაგრამ აქ მოსახლეობის აზრი ორად იყოფა, რადგან აცრას სიფრთხილით ეკიდებიან, მით უფრო, როდესაც ვაქცინა ახალი და ჯერ ბოლომდე გამოუცდელია.

სანამ საქართველო ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რიგში დგას, აშშ-ში, სადაც ვაქცინაცია დიდი ხნის დაწყებულია, ახალი სკანდალი იწყება. ექიმთა ერთი ნაწილი ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადების მოთხოვნით გამოდის (თითო ჩხვლეტა აშშ-ის ყოველ მოქალაქეს სულ რაღაც 25 დოლარი დაუჯდება), რაც 300-მილიონიან ქვეყანას ასტრონომიულ მოგებას უქადის. ექიმების მეორე ჯგუფმა კი ადვოკატები დაიქირავეს და ამტკიცებენ, რომ ღორის გრიპი ნაკლებ ხალხს შეიწირავს, ვიდრე მისი საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია. ყველაზე სკანდალური კი ის არის, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა როკფელერის ოჯახის ფინანსების მმართველმა ჯეიმს მაკდონალდსმა, და სწორედ იმ დროს, როდესაც ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური კვლევებითა და ვაქცინებზე მუშაობით დაკავებულ მსხვილ კონცერნებს როკფელერების იმპერია აკონტროლებს...

მაია ქაჩლიშვილი (ექიმი ინფექციონისტი, ვირუსოლოგ-იმუნოლოგი): "სეზონური გრიპის ეპიდემია საქართველოში შარშან იყო, თებერვალ-მარტში. ამჟამად საქართველოში  B  ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ბოლო კვირის განმავლობაში გრიპით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ეპიდემია ჯერ არ გვაქვს. გრიპის გავრცელება მოსალოდნელი იყო, მაგრამ თავის დაცვა ხომ ბევრი საშუალებით არის შესაძლებელი. არსებობს AA,  B და C ტიპის გრიპის ვირუსები. A  ტიპის ვირუსი ადამიანებშიც გვხვდება, ფრინველებშიც და ცხოველებშიც.  B და C ტიპისა - მხოლოდ ადამიანებში. განსხვავება ის არის, რომ  A  ტიპის ვირუსი იწვევს პანდემიას, B ტიპისა - მხოლოდ ეპიდემიას, C ტიპის ვირუსი კი გავრცელების თვალსაზრისით ძალზე სუსტია.

გრიპის ახალი ვირუსი პანდემიურ ვირუსად ჩამოყალიბების პოტენციალით გამოირჩევა და  ექიმები ყოველ წელს ქმნიან ახალ ვაქცინას მოსალოდნელი ეპიდვითარების გათვალისწინებით. ამიტომაც, გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია წელიწადში ერთხელ ხდება. გრიპის ვირუსი ხომ ყოველ წელს იცვლის ფორმას.

- თუ გრიპი საზოგადოდ ასეთი ვერაგი დაავადებაა, რატომ არ არის ჩვენთან სავალდებულო მისი საწინააღმდეგო აცრა?

- კაცს ქუჩაში ვერ დაიჭერ და ძალით ვერ მიიყვან იმუნიზაციის ცენტრში აცრის გასაკეთებლად. სასურველია, გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდეს. მართალია, ვაქცინა უფასო არ არის, მაგრამ საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. გრიპის გავრცელება ძალზე სწრაფად ხდება და რაც უნდა ქვეყნის საზღვრები ჩაკეტო, მაინც გავრცელდება.

ბოლო დროს საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. განა აუცილებელი იყო ღორის გრიპის ეპიდემიის საშიშროების გამოცხადება, რომ ხალხს იმუნიზაცია ჩაეტარებინა?

- მაგრამ ეს ვაქცინა ღორის გრიპისგან ვერ დაგვიცავს, ასე არ არის?

- მსოფლიოში მრავალი ვაქცინა არსებობს, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ორია რეგისტრირებული - "ვაქსიგრიპი" და "ინფლუვაკი". ვერ ვიტყვი, რომ აქედან რომელიმე ღორის გრიპისგან დაგიცავთ, მაგრამ  A  და B  ტიპის ვირუსისგან ნამდვილად იცავს და H1N1 ქვეტიპის საწინააღმდეგო კომპონენტებსაც შეიცავს.

- ზოგჯერ იმუნიზაცია სავალალო შედეგით მთავრდება. იწვევს დამბლას ან პაციენტის გარდაცვალებას. ხალხი ეჭვით უყურებს ღორის გრიპის ვაქცინასაც, რომელიც ალბათ მალე შემოვა საქართველოში...

- ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აშშ-ში მცხოვრები ბევრი ჩემი ახლობელი აიცრა, შვილებიც აცრეს. სხვათა შორის, მირეკავდნენ და რჩევას მეკითხებოდნენ, მაგრამ ქართველ იმუნოლოგებს ამ ვაქცინასთან მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გვაქვს და ვერაფერს გეტყვით. ჩემი ახლობლებიდან ყველა კარგად არის და ჯანმრთელია. ჭორები ვაქცინის ირგვლივ ყოველთვის ვრცელდება. თავის დროზე, ასეთივე ჭორი გავრცელდა B ჰეპატიტის ვაქცინაზე. საზოგადოდ, ვაქცინაციას გართულებები და გვერდითი მოვლენებიც ახლავს, მაგრამ ეს იმდენად დაბალი პროცენტია, რომ ამის გამო არ შეიძლება ვაქცინაციაზე უარი ვთქვათ.

- როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი, რომ ორგანიზმმა გრიპის ვირუსის შემოტევას გაუძლოს?

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როცა ეპიდემიური ვითარებაა გამოცხადებული, ნებისმიერი ტემპერატურის გამოვლენისას აუცილებელია მივმართოთ ექიმს. ექიმი თვითონ გადაწყვეტს, რა სახის მკურნალობა  სჭირდება პაციენტს - მხოლოდ სიცხის დამწევით, სითხეებით, ჰაერის ხშირი გაწმენდით, ვიტამინებით თუ სხვა უფრო ძლიერი საშუალებებით. არსებობს ვირუსისგან თავდაცვის ზოგადი ზომები მოსახლეობისთვის, რაც იმუნიტეტის ამაღლებასაც უწყობს ხელს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა საპნით. ხელის გასაწმენდად ეფექტიანია სპირტის შემცველი სველი ხელსახოცების გამოყენებაც. ეცადეთ, იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში, იძინეთ საკმარისად, თავი აარიდეთ სტრესს, მიიღეთ სითხეები, იკვებეთ ჯანსაღად და მოერიდეთ დაავადებულთან კონტაქტს.