სილამაზე - საგაზაფხულო ექსპერიმენტი - კვირის პალიტრა

სილამაზე - საგაზაფხულო ექსპერიმენტი

გაზაფხული ძლიერდება, მზე თანდათან იკრებს ძალას და სულ მალე, გვინდა თუ არა, ქალბატონებმა შიშველი მხრებიც უნდა გამოვაჩინოთ და მოსასხამის ქვეშ დამალული ზედმეტი წონაც.

სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი სინქრონულ ცურვაში იანა მელიქიანი მეუბნება, რომ ზოგიერთი ქალბატონის იმედიანი ფიქრი, რომ ჭარბ წონას ერთ თვეში მოიშორებს, არარეალურია და ეს მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

- განა შეძლებს ქალი, რომელიც მთელი წელი ცოტას მოძრაობდა, ჭამდა უწესოდ, ცოტა ეძინა, მცირე ფიზიკური დატვირთვა ჰქონდა, ჭარბი წონის გამო აწუხებდა წნევა, ხერხემლის, სახსრების ტკივილი, ერთ თვეში გახდეს და ჯანმრთელობაც მოიწესრიგოს?

- მაგრამ ზოგიერთი დიეტა ათ დღეში ათი კილოს დაკლებას გვპირდება...

- მხოლოდ დიეტით ამდენს ვერ დაიკლებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეიძლება, შიმშილით, დიდი ფიზიკური დატვირთვით მართლაც გახდეთ, ოღონდ…ეს ორგანიზმისთვის დიდი სტრესი იქნება; როგორც კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით, ისევ გასუქდებით. ჩემი მოწაფეებისთვის შიმშილობა არასოდეს მირჩევია. ვთავაზობ, იკვებონ მეტი ხილითა და ბოსტნეულით, ერიდონ ტკბილეულს, ფქვილის ნაწარმს. ყველა ქალი ოცნებობს, ჰქონდეს ჯანსაღი და ლამაზი სხეული. თითქოს გაცვეთილი ფრაზაა - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ჩვენგან სილამაზე მხოლოდ მოზომილ კვებას და ვარჯიშს მოითხოვს, ისიც იმდენს, რამდენიც სიამოვნებას მოგვანიჭებს.

- აერობიკას, როგორც ჯანმრთელობისა და სილამაზის ერთ-ერთ საშუალებას, ისე განვიხილავთ.  მას მეტსახელიც აქვს: თხევადი ტრენაჟორი.

- ჩვეულებრივი ტრენაჟორისგან განსხვავებით, წყალი ერთდროულად იძლევა ჰიდროსტატიკური წნევის, განდევნისა და წინააღმდეგობის ეფექტს. განდევნა ამცირებს სიმძიმის ძალას, რითაც ხსნის დატვირთვას სახსრებიდან და ხერხემლიდან: აღარ არის საყრდენ, მალთაშორის დისკებზე დაწოლა და დარტყმები. ამიტომ აერობიკა ნაკლებად ტრავმულია, განსაკუთრებით კი მსუქნებისთვის, რომლებსაც უჭირთ ვარჯიში. მუშაობს ყველა კუნთი და რაც უმნიშვნელოვანესია, ადამიანი ამით სიამოვნებას იღებს.

- ზედმეტი წონა დიდი პრობლემაა, მაგრამ უფრო დამთრგუნველი არაპროპორციული სხეულის ფორმებია. ბუნების ამ "საჩუქარს" ზოგიერთი პლასტიკური ქირურგიით უმკლავდება.

- ზოგჯერ ამ დეფექტებს არასწორი ცხოვრების წესი იწვევს და ბუნება არაფერ შუაშია. ხშირად ქალები ვერც იმას ახერხებენ, რომ მშობიარობის შემდეგ თავს მიხედონ, არადა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სხეულს ჩვეულებრივი ფორმა დაუბრუნო. პლასტიკური ქირურგია გამართლებულია, მაგრამ როცა ადამიანს ნებისყოფა და სურვილი აქვს, მას თავისუფლად შეუძლია სხეული ვარჯიშითაც გაიკოხტავოს. აერობიკა ამის საუკეთესო საშუალებაა.

- და ნერვულ სისტემასაც აწესრიგებს.

- წყალი რომ ნერვულ დაძაბულობას ხსნის, ამაზე აღარავინ დაობს, ამიტომ არ მიკვირს, როდესაც ქალბატონები მეუბნებიან, რომ ცურვის დაწყების მერე ძილის პრობლემაც მოიგვარეს. რაკიღა გძინავს, გამოდის, რომ შენი ჰორმონალური ცვლაც წესრიგდება და ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, გუნებაზე, წესრიგდება წნევა, ბევრს თავის ტკივილიც ავიწყდება.

- ჭარბი წონა მამაკაცებსაც ძალიან აწუხებთ.

- აერობიკა, სამწუხაროდ, მხოლოდ ქალებშია პოპულარული. რატომღაც ჩვენს მამაკაცებს ერიდებათ, შემოგვიერთდნენ, ან ურჩევნიათ ფიტნესით, ტვირთის აწევით, ცურვით მიაღწიონ სასურველ შედეგს. სინამდვილეში, წყლის ქვეშ ვარჯიში ასწილად უფრო ეფექტიანია, ვიდრე სპორტულ დარბაზში ოფლის ღვრა.

- როგორ უნდა გავხდეთ. შეგიძლიათ მარტივად ვთქვათ ამისი რეცეპტი?

- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია სასურველ წონას მიაღწიოს, მხოლოდ ამ მიზნისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული უნდა ისწავლოს და ნახტომის გაკეთებაზე არ იოცნებოს.

- ანუ შევიყვაროთ თავი და  გაზაფხულისა აღარ შეგვეშინდება?

- დიახ, თავი იმდენად უნდა გვიყვარდეს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით წელიწადის ოთხივე დროს ვიცხოვროთ. გაზაფხულზე გადაწყვიტეთ ამისი დაწყება? კი ბატონო, ოღონდ ეს ცხოვრების წესად გაიხადეთ და არა საგაზაფხულო ცდად.

დეა ცუცქირიძე