ტრანსპლანტაცია - ცხოვრება თავიდან იწყება
25-03-2013
ტრანსპლანტაცია - ცხოვრება თავიდან იწყება

 

გადანერგვის ოპერაციები ჩვენს ქვეყანაშიც წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ტრანსპანტოლოგთა ასოციაცია სწორედ ამას აკეთებს. ორგანოთა გადანერგვაზე  პროფესორი გია თომაძე გვესაუბრება:

- სასწაული თავად სიცოცხლეა. მისი შენარჩუნება კი უდიდესი ბედნიერებაა არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ექიმისთვისაც. საქართველოში პირველი ტრანსპლანტაცია - თირკმლის გადანერგვა 1977 წელს ჩატარდა. მაგრამ ტრანსპლანტაციის ოპერაციები მაშინ მალე შეწყდა და 1995 წლიდან განახლდა. ორ წელიწადში კი ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციაც ჩამოყალიბდა. ახლა უკვე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ამ საქმეში მცირე წარმატებები როდი გვაქვს.  ჯერჯერობით

ჩვენში მხოლოდ რქოვანას, თირკმლისა და ძვლის გადანერგვა ხდება, ზოგადად კი მსოფლიო მედიკოსები უკვე ღვიძლის, პანკრეასის, გულის, ფილტვის, ნაწლავის გადანერგვაზეც მუშაობენ.

- ჩამოთვლილთაგან რომელი კეთდება ყველაზე ხშირად საქართველოში?

- საშუალოდ, წელიწადში თირკმლის მაქსიმუმ 15-17 ტრანსპლანტაცია ხდება. მსურველი ბევრად მეტია, მაგრამ ორგანოთა გადანერგვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ არის

საკმარისი, - იმის მიუხედავად, რომ საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაცია დაახლოებით 15 ათასი ლარი ჯდება, ეს გადასახადი, უცხოეთისაზე ბევრად ნაკლებია. რეალურად კი ჩვენს საავადმყოფოებში 1000-ზე მეტ ადამიანს უკეთდება ჰემოდიალიზი, ანუ თირკმლის უკმარისობის შორს წასულ, ტერმინალურ სტადიაზე სისხლის ხელოვნურად გაფილტვრის პროცედურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი კვირაში 2-3-ჯერ, 3-4 საათის განმავლობაში შეერთებულია სადიალიზო აპარატზე (ხელოვნურ თირკმელზე). ისინი ტრანსპლანტაციას პოტენციურად საჭიროებენ. ამ რიცხვში ის ავადმყოფებიც  უნდა გავითვალისწინოთ, რომლებსაც ჰემოდიალიზის ჩატარება გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ.

ტრანსპლანტაციის განვითარების მეორე ხელშემშლელი ფაქტორი არის ქვეყანაში გვამური დონაციის პროგრამის არ- არსებობა. ვერ მოვახერხეთ, რომ საზოგადოებაში შეიქმნას პოზიტიური განწყობა მკურნალობის ამ მეთოდის მიმართ, - გაძნელებულია გარდაცვალებულთა პატრონებისგან თანხმობის მიღება იმაზე, რომ მათი ახლობელი გარდაცვლილის ორგანოები გამოყენებული იქნეს გადასანერგად. ასე რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა. გული იმაზე გვწყდება, რომ ორგანო, რომელიც ადამიანს სიკვდილის შემდეგ აღარ ესაჭიროება,  სხვას შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს, მაგრამ ამაზე არავინ გვთანხმდება. ამ დროს ჩვენს პაციენტებს Pშორის არიან ბავშვებიც.  ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს გავუკეთეთ თირკმლის გადანერგვა და ძალიან წარმატებითაც, - მათგან ორი გოგონა შვეიცარიის ორგანოგადანერგილ ბავშვთა ბანაკში გავუშვით და იქიდან სათხილამურო სპორტში მედლითაც დაგვიბრუნდნენ.

შვეიცარია  ფასდაუდებელ საჩუქარს უკეთებს და უდიდეს სიხარულს ანიჭებს იმ ბავშვებს, რომლებმაც გადანერგილი ორგანოებით უნდა იცოცხლონ, - ზღაპრულ ალპებში აშენებულია ბანაკი, სადაც მთელი მსოფლიოდან 16 წლამდე ორგანოებგადანერგილი ბავშვები ისვენებენ და ერთობიან. მართალია, ამას არც ისე მცირე ფინანსები სჭირდება, მაგრამ ქართველ ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ მოახერხა ეს სახსრები მოეძია. სწორედ აქ გამართულ სათხილამურო შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა გოგონებმა და გაიმარჯვეს კიდეც. წელს ერთ-ერთი თირკმელგადანერგილი გაემგზავრება ანტალიის ორგანოგადანერგილ ბავშვთა ბანაკში.

- თქვენს პაციენტებს ოპერაციის შემდეგაც სჭირდებათ მეთვალყურეობა?

- აუცილებლად და ამაში ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციაც მონაწილეობს, თუმცა ძირითადი დატვირთვა თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში ნეფროლოგებზე, ხოლო ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში ჰეპატოლოგებზე მოდის. თავად ოპერაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვა და ნაოპერაციები ადამიანის მეთვალყურეობაა. უპირველესად ოპერაციის შემდგომი ერთი წელიწადი ძალზე საფრთხილო პერიოდია ახალი ორგანოს შეთვისებასთან დაკავშირებით. შემდგომშიც ორგანოგადანერგილი ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე იღებენ იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს, რათა ორგანიზმში ამ ორგანოს მწვავე მოცილების რეაქცია არ განვითარდეს. ორგანოგადანერგილი ორგანიზმი ებრძვის ახალ ორგანოს ისევე, როგორც, ვთქვათ, ვირუსს ან ბაქტერიას და მისი განადგურებისკენ მიისწრაფვის. ამიტომაც ნაოპერაციებ პაციენტს იმუნოსუპრესორულ მედიკამენტებს ვაძლევთ, რათა ეს აგრესია მინიმუმამდე დავიყვანოთ. შეიძლება, პროცესი მთლიანად ვერ ჩავახშოთ, მაგრამ მცირედი აგრესია, რომელიც ასეთ შემთხვევაში რჩება, გადანერგილ ორგანოს ვერაფერს დააკლებს.

- კანონით, ვის შეუძლია მისცეს ავადმყოფს ჯანმრთელი ორგანო, ანუ ვინ შეიძლება იყოს ამ დროს დონორი?

- საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს გენეტიკური ნათესავი, მეუღლე, მეუღლის ახლო ნათესავი ან პირი, რომელიც მონაწილეობს “დონორთა გაცვლის პროგრამაში.

- რას ნიშნავს დონორთა გაცვლის პროგრამა?

- ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, დონორთა ისეთი გაცვლა, როცა საკუთარი დონორი კონკრეტული რეციპიენტისთვის იმუნურად მიუღებელია, მაგრამ მისაღებია სხვა რეციპიენტისთვის, რომელსაც ასევე ჰყავს მისთვის “გამოუსადეგარი,” მაგრამ პირველი რეციპიენტისთვის მისაღები დონორი. ასახსნელად შეიძლება ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ შედარებით უფრო გასაგებად ეს ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: “მომეცი შენთვის გამოუსადეგარი და ჩემთვის შესაფერისი შენი დონორის ორგანო, მე კი მოგცემ ჩემთვის გამოუსადეგარ, მაგრამ შენთვის შესაფერის ჩემი დონორის ორგანოს.

teo
01 ნოემბერი 2015 17:52
პირველი პაციენტი ვიყავი საქართველოსში როცა გარისკეს და ოპერაცია გამიკეთეს მაშინ მე ვიყავი 8 წლის მას შემდეგ 10 წელია გასული და თავს ძალიანკარგად ვგრძნობ

რედაქტორის რჩევით