ჯანმრთელობის მოლეკულები - კვირის პალიტრა

ჯანმრთელობის მოლეკულები

რადგან უჟანგბადოდ სიცოცხლე არ შეგვიძლია, ბუნებამ გამოგვინახა დაცვა - ანტიოქსიდანტები, რომლებსაც გამოჰყავთ მწყობრიდან თავისუფალი რადიკალები.

ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რომ ვცხოვრობდეთ ეკოლოგიურად სუფთა პირობებში, ვჭამდეთ ჯანმრთელ საკვებს, არ ვნერვიულობდეთ, არ ვიღლებოდეთ,  უკონტროლოდ არ ვიღებდეთ წამლებს, არ ვიკვებებოდეთ ფასტფუდებითა და კონსერვებით - ყველაფერი ეს ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების გაორმაგებული სიჩქარით წარმოქმნას, ამ დროს ანტიოქსიდანტები ვერ ასწრებენ მათ შეკავებას, ისინი  აზიანებენ უჯრედების მემბრანებს, აფერხებენ სასიცოცხლო პროცესებს. შედეგად, ორგანიზმი  ბერდება.

ჩვენ გარს გვარტყია ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომელთა უკმარისობას განსაკუთრებით განიცდიან ალერგიულები, ვინც იშვიათად იმყოფება ჰაერზე, დროულად არ იკვებება ან გატაცებულია ექსტრემალური დიეტებით.

ბუნებრივი ანტიოქსიდანტები:

C ვიტამინი თავის ტვინისა და უჯრედშორის სითხის მთავარი ანტიოქსიდანტია. მას შეიცავს: ბროკოლი, კომბოსტო (მწნილიც), კივი, ნესვი, ასკილი, ალუბალი, შავი მოცხარი.

E (ალფა-ტოკოფეროლი) ვიტამინი ითვლება ახალგაზრდობის მნიშვნელოვან ვიტამინად. შეიცავს: ხორბლის ღივი, ნუში, თხილი, კარაქი და მცენარეული ზეთი, კვერცხის გული, ქაცვი, ბურღულეული, პური.

A (რეტინოლი) ვიტამინის უკმარისობა აქვეითებს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს. მას შეიცავს რძე, კვერცხის გული, თევზის ქონი, ღვიძლი, ყველი, კარაქი.

ვიტამინ ბეტა-კაროტინის უკმარისობა იმასვე იწვევს, რასაც იწვევს A ვიტამინის დეფიციტი. მას შეიცავს როგორც მოყვითალო, ნარინჯისფერი, ისე მწვანე ბოსტნეული - სტაფილო, კარტოფილი, პომიდორი, ბროკოლი, ისპანახი, ოხრახუში, სატაცური, გოგრა, პაპაი, გარგარი, ნესვი, ქაცვი.

სელენი შინაგანი ანტიოქსიდანტური დაცვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, რომლის არსებობაც ხშირად ავიწყდებათ. მას შეიცავს: ზღვის პროდუქტები, თირკმლები, ღვიძლი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელი ღვინო, რომლის წიპწები და კანი შეიცავს ძალიან ძლიერ ანტიოქსიდანტს რესვერატროლს, რომელიც ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და კიბოს განვითარებას, ხელს უწყობს დიდხანს მეხსიერების შენარჩუნებას (დღიური ნორმაა ერთი ბოკალი).