ახალგაზრდობის დიეტა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდობის დიეტა

დიდხანს რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სასიამოვნო აღნაგობა, საჭიროა იმ ასაკობრივი ცვლილებების ცოდნა, რომელიც მიმდინარეობს ადამიანში ცხოვრების განმავლობაში. ყოველ ცალკეულ ასაკს - თავისი განსხვავებული კვება სჭირდება.

20 წლამდე ორგანიზმი იზრდება და ყალიბდება, ამიტომაც საკვებში გათვალისწინებული უნდა იყოს ვიტამინები, მინერალები და ცილები, ასევე: ცხოველური ცხიმები, ყველი, რძის პროდუქტები და ა.შ. ცხიმები არის სწორი აღნაგობის ფორმირების, ენდოკრინული და ნერვული სისტემების ჩამოყალიბებისა და სქესობრივი მომწიფების წყარო. 20-დან 30 წლამდე ასაკში აქტიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმი ადვილად უმკლავდება ზედმეტ წონას. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება. იდეალური შერწყმაა - ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების - 60%-20%-20%-ზე. მეტად მნიშვნელოვანია რაციონში ვიტამინებისა და მიკროელემენტების, განსაკუთრებით A ვიტამინის რკინის შემცველი პროდუქტების გათვალისწინება.

30-დან 40 წლამდე ასაკი, განსაკუთრებით ქალებისთვის, ის პერიოდია, როდესაც ისინი წონაში იმატებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ფარისებრი ჯირკვლების დაავადება, საკვერცხეების დისფუნქცია, უკონტროლოდ, მუდმივად წახემსება. ამ ასაკში მეტად მნიშვნელოვანია ექიმების მიერ შეფასდეს ჯანმრთელობა და წონაში მომატების მიზეზები. დიეტა უნდა დაიცვან პრინციპით: "ყველაფერი შეიძლება, მხოლოდ ცოტა".

40-დან 50 წლამდე ასაკში, შენელებული ნივთიერებათა ცვლის პროცესების შედეგად, ზედმეტი ცხიმი გროვდება პრობლემურ ზონებში, რომლის მოშორებაც ძალიან ძნელია. ამ პრობლემებს რომ თავი გაართვათ, მიირთვით ინდაურის, ქათმის თეთრი ხორცი, თევზი. მენიუდან ამოიღეთ ფასტფუდები, უმაღლესი ხარისხის თეთრი პური, შემწვარი, ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტები. მიირთვით ბურღულეული, ხილი და ახალი ბოსტნეული.

50 წლის ზევით არ დაიცვათ დიეტა დიეტოლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაციის გარეშე. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია შეგიდგინოთ კვების, ორგანიზმის გაწმენდის და გაახალგაზრდავების ინდივიდუალური პროგრამა.