მაღალი წნევა გაწუხებთ? - კვირის პალიტრა

მაღალი წნევა გაწუხებთ?

ჰიპერტონია (არტერიული ჰიპერტენზია) ძალიან გავრცელებული დაავადებაა და საშიშია იმით, რომ შეიძლება დიდხანს არ გაამჟღავნოს თავი. ადამიანს შეიძლება დროდადრო აწუხებდეს სისუსტე, ყურებში ხმაური, აჩქარებული გულისცემა, თავის ტკივილი - ეს სიმპტომები დაღლილობით ახსნას და ძალიან დიდხანს არ მიაკითხოს ექიმს. ამ დროს კი, დაავადება პროგრესირებს და აავადებს შინაგან ორგანოებს და არცთუ იშვიათად იწვევს ინფარქტს ან ინსულტს. მაღალ არტერიულ წნევას სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა. თუ დაავადება დროულად იქნა გამოვლენილი, შესაძლებელი იქნება მისი გაკონტროლება უწამლოდაც კი.

წნევის უეცარი მატება შეიძლება ნებისმიერ ადამიანსაც კი აღენიშნებოდეს, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ძლიერი ემოციური განცდები, უეცარი და სერიოზული ფიზიკური დატვირთვა, უძილობა ან სხვა არასასურველი ფაქტორები. თითოეული ამ სიმპტომის გამომწვევია სტრესული ჰორმონი - ადრენალინი, რომელიც აიძულებს გულს, ხშირად შეიკუმშოს, ხოლო სისხლძარღვები ვიწროვდება, შედეგად კი მოსალოდნელია, სისხლის წნევამ მოიმატოს საშიშ ზღვრამდე...

ადრენალინთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ჰაერზე ფეხით სეირნობა ან მსუბუქი გარბენა. ამ დროს მშვიდდება ნერვები და სისხლი ივსება ჟანგბადით.

წნევას დაბლა სწევს  ფიტოთერაპია. ჰიპერტონიის დროს სასურველია, დამამშვიდებელი, ძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი ბალახების მიღება. მაგალითად: შავბალახა,M კატაბალახა, ბარამბო, წიწმატურა, კუნელი და ასკილის ნაყოფი, შვიტა, პიტნა, თირკმლის ჩაი. სხვათა შორის, მაღალ წნევას დაბლა სწევს, თუ ყოველდღე შეჭამ ერთ კბილ ნიორს - მისი შემადგენელი ნივთიერება ალიცინი ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.

არტერიული წნევის დროს რეკომენდებულია ფეხების ცხელი აბაზანები (თუ თრომბი ან ვენების გაგანიერება არ გაწუხებთ). კიდევ უფრო ეფექტურია კონტრასტული აბაზანები. პირველად ფეხები ჩააწყვეთ ცხელ წყალში, შემდეგ 30 წამი - ცივში. ასე ცვალეთ წყლის ტემპერატურა 10 წუთის განმავლობაში.

სხვათა შორის, სამკურნალო ბალახებს ძალუძთ ჰიპერტონიის მძიმე ფორმის დროსაც კი შეამცირონ წამლების მიღების დოზირება და ეხმარებიან  არტერიული წნევის დასტაბილურებაში.

გახსოვდეთ: ფიტოთერაპიით მკურნალობის დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.