ცხოვრება ოსტეოართროზით არც ისე ძნელია
08-04-2013
ოსტეოართროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და განსაკუთრებით ხანდაზმულებს უტევს - ვის არ უნახავს, ხანდახან როგორ უჭირთ მათ წამოდგომაც კი. ისინი ამას "მარილებს" აბრალებენ. თუმცა ოსტეოართროზის ეტიმოლოგიას მარილთან საერთო არაფერი აქვს. გვესაუბრება საქართველოს რევმატოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი სვეტლანა თენეიშვილი:

- როგორც ხალხში ამბობენ, "მარილებმა" შეიძლება ადამიანის "დახუთვა", ანუ უმოძრაობა გამოიწვიოს. რა იწვევს ამას?
- ეს არის მართლაც ყველაზე მეტად გავრცელებული სახსრის ქრონიკული დაავადება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მარილებთან. ამ დაავადებას
ოსტეოართროზს უწოდებენ და მისი ძირითადი მიზეზი ასაკია, საქმე ის არის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სახსრების ხრტილოვან ქსოვილში იწყება ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ხრტილი კარგავს ელასტიკურობას, ცვდება და იბზარება კიდეც. სასახსრე ზედაპირი ერთმანეთზე უკვე ადვილად აღარ სრიალებს, რაც, ბუნებრივია, იწვევს სახსრის ტკივილს. ამ დროს ზოგიერთი სახსრის,
მაგალითად, წვრილი სახსრების მიდამოებში პატარა წანაზარდებიც ჩნდება (რაც ალბათ ბევრს შეუნიშნავს ხანდაზმულთა წვრილ სახსრებზე). ეს სხვა არაფერია, თუ არა სახსრის ერთგვარი თავდაცვა, - რადგან ხრტილი გაცვეთილი აქვს, მას დაყრდნობა უძნელდება, ამიტომაც  ცდილობს, განში გაიზარდოს, რათა უკეთესი საყრდენი მოიპოვოს. მეორე მხრივ კი, ამ წანაზარდების გარშემო რბილი ქსოვილების ანთება ვითარდება და მტკივნეულია.
მართალია, ოსტეოართრიტი უფრო ხანში შესულთ ემართებათ, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ყველა სხვა დაავადება, ისიც გაახალგაზრდავდა. როგორც უმოძრაობა იწვევს სახსრის მოძრაობის შეზღუდვას, ასევე სარისკოა დიდი დატვირთვა ნებისმიერ ასაკში.

- როგორ იწყება ოსტეოართროზი?

- შეუმჩნევლად. პირველად ტკივილი მხოლოდ დატვირთვის შემდეგ, საღამოობით ჩნდება, დასვენების მერე კი ქრება. დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება და ღამითაც დისკომფორტს უქმნის ადამიანს. შემდგომ სტადიებში მუდმივ შემაწუხებელ ტკივილს კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა, მოძრაობისა და სიარულის დროს სახსრებში ხრაშუნის ხმაც ემატება. მაგრამ თუკი ადამიანი მოინდომებს, ოსტეოართროზითაც შეიძლება დარჩეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. უპირველესად ოსტეოართროზის განვითარების რისკს აქვეითებს ჭარბი წონისგან თავის აცილება. დაახლოებით 5-10 კილოგრამით წონის დაკლება ოსტეოართროზის რისკს 50 %-ით ამცირებს. შემდგომში კი სახსრებს, რაც შეგვიძლია უნდა ავაშოროთ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა. აუცილებლად უნდა მოვერიდოთ ხანგრძლივად ერთსა და იმავე მდგომარეობაში დგომას ან ჯდომას.  ოსტეოართროზით დაავადებულმა ადამიანმა გულზე ხელი კი არ უნდა დაიკრიფოს, პირიქით, უნდა შეინარჩუნოს აქტიური ცხოვრების წესი და გაზარდოს კიდეც ის ფიზიკური აქტივობა, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს ხრტილზე.  ეს საშუალებას იძლევა, სახსარში ჩამოყალიბდეს ძლიერი კუნთოვანი სისტემა, კიდურში კი ნორმალური მოძრაობა და სისხლის მიმოქცევა. ივარჯიშეთ ყოველდღიურად 30-40 წუთი. ვარჯიშიდან 2-3 თვის შემდეგ უკვე მცირდება ტკივილი, იზრდება სასიცოცხლო ტონუსი, გამოთავისუფლდება ორგანიზმის ფარული რეზერვები.

რაც შეეხება კვებას. როგორც უკვე ვთქვით, მნიშვნელოვანი რისკია სიმსუქნე.  სწორედ ამისთვის საჭიროა უცხიმო საკვების მიღება, შავი პურის, ბურღულეულის და, რაც შეიძლება მეტი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა.

- რაც შეეხება მედიკამენტებს?
- იმ შემთხვევაში, როცა ეფექტიანი აღარ არის სხვა ზომები, რასაკვირველია, ექიმი მედიკამენტოზურ მკურნალობას დანიშნავს. თუმცა, ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, ამიტომ პაციენტებს ნაკლებად მჟავე და ცხარე პროდუქტების მიღება უნდა ვურჩიოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით