აუტიზმი ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა ნევროლოგიური - კვირის პალიტრა

აუტიზმი ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა ნევროლოგიური

საქართველოში აუტიზმის მქონე 7 000 ბავშვია

საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი, ილიას სახელობის უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი სოფიო კერესელიძე, პროფესიით ექიმი-თერაპევტია, 7 წლის ვაჟი ჰყავს და უკვე სამი წელიწადია, აუტისტური სპექტრის აშლილობის სხვა ბავშვებზეც ზრუნავს. ახლა მის ცენტრში 29 მოზარდია,…  საქართველოში კი ასეთი 7 000 ბავშვია.

- ჩემი შვილი რამდენიმე თვის იყო, როდესაც მივხვდი, რომ პრობლემა ჰქონდა. სამწუხაროდ, სავარაუდო დიაგნოზი მოგვიანებით დაისვა - ბავშვი ორი წლისა და სამი თვის გახლდათ. ჩემი მეუღლე სამსახურებრივი მისიით კალიფორნიის შტატის ქალაქ ფრესნოში მიიწვიეს. იქ  სახელმწიფო უნივერსიტეტში აუტიზმის ცენტრი ფუნქციონირებდა.  შვილთან ერთად ინტენსიურად დავდიოდი მის მეცადინეობებზე. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. წამოსვლისას მირჩიეს, ყოველდღიურად 5 საათს მაინც მემეცადინა შვილთან ერთად, რაც მშობლისთვის ძალიან რთულია, რადგან, გარკვეულწილად, ეს ფსიქოლოგიური სტრესია. ასეთ ბავშვებს მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრენინგით მკურნალობენ. მედიკამენტური მკურნალობა შესაძლებელია სხვა დაავადების თანხლების შემთხვევაში დასჭირდეს, ან როცა ძალიან აგრესიულია.

მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ტრენინგი 18-30 თვის ასაკში დავიწყოთ, რადგან 2-წლიანი ტრენინგების შემდეგ მათი 50% პრაქტიკულად იკურნება. სავსებით შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურმა ტრენინგმა 2-დან 14 წლამდე ასაკში, მათ ინვალიდობის სტატუსი დაუკარგოს.

- ტრენინგი როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს?

- დადებითი შედეგის მისაღებად აუცილებელია ამ მეცადინეობების ინტენსივობა კვირაში 25 საათს მაინც შეადგენდეს. ბავშვს არ უნდა დარჩეს დრო მარტოობისთვის. ორ საათზე მეტხანს ვერც ერთი თერაპევტი ვერ ახერხებს მათთან მეცადინეობას, მაქსიმუმ სამი საათის შემდეგ, ისინი აუცილებლად უნდა შეენაცვლონ ერთმანეთს.

ამ ბავშვებს რუტინისა და ერთფეროვნებისაკენ აქვთ მიდრეკილება, რაც ყველაფერში გამოიხატება, მათი საყვარელი კერძებიც კი ძალიან მწირია, ამიტომ რამენაირად უნდა გავაფართოოთ მათი ინტერესები.

- სწავლებაში არის ძალდატანების ელემენტი?

- პრინციპში, ძალდატანებაა  - რაღაცის სანაცვლოდ ჩვენ ვაკეთებინებთ იმას, რაც არ უნდათ. თუნდაც ვაჭმევთ ერთ კოვზ მათთვის ახალ საკვებს.

- თქვენი მთავარი პრობლემა რა არის?

- მთავარი პრობლემათა ჯაჭვია - ამ დიაგნოზის დასმის უფლება საქართველოში მხოლოდ  ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ფსიქიატრს აქვს, რომელიც არ ფლობს ზუსტი დიაგნოზის დასასმელ ინსტრუმენტებს და არა აქვს ასეთ ბავშვებთან მუშაობის კლინიკური გამოცდილება.  ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას სრულფასოვანი კლინიკა, სადაც შესაძლებელი იქნება ყველანაირი მიდგომის გამოყენებით მათთვის სრულფასოვანი სერვისების მიწოდება.

ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად ყოველთვის ჯანდაცვის სამინისტროსკენ გვითითებენ. სწორედ ის გვაძლევს ბავშვებისათვის პენსიას. მთავარი ამ პენსიის სიმცირე კი არ არის, არამედ ის, რომ ასეთი ტიპის დახმარება მათთვის ფუნქციურად გამოუსადეგარია. უპირველესად მათ საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ, ამიტომ, აუცილებელია, პრობლემების მოგვარებაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა თანაბარი მონაწილეობა მიიღონ.

ჩვენი აუტიზმის ცენტრს დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი უჭირავს, ამიტომ მხოლოდ 29 ბავშვი დადის. მზარდი ნაკადის მიუხედავად, იძულებული ვართ, უარი ვუთხრათ დახმარების მისაღებად მოსულ ადამიანებს.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა სერვისის ღირებულებაა, რომელიც რაც უნდა მცირე იყოს, ინტენსიურობის გამო,  ნებისმიერი მშობლისთვის ძნელად დასაფინანსებელია.…ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს ჩართვა.

- საინტერესოა, რა იწვევს აუტიზმს...

- დღესდღეობით არსებობს აუტიზმის ეტიოლოგიის უამრავი თეორია, მაგრამ, სამწუხაროდ, მეცნიერულად დასაბუთებული არც ერთი არ არის. ვარაუდობენ გენეტიკურ ეტიოლოგიაზე, ასევე ფიქრობენ, რომ შესაძლებელია იწვევდეს მძიმე მეტალებით მოწამვლა, მაგრამ ესეც მხოლოდ ვარაუდია. ახალი თეორიის მიხედვით, ბავშვი მუცლადყოფნის დროს ხდება აუტისტი, თუკი მას გადააქვს ისეთი სტრესი, რომლის გადალახვის უნარიც არ გააჩნია.…

ამერიკაში ორსულებს ურჩევენ, რომ არ მიირთვან ზღვის პროდუქტები, რადგან ოკეანე ძალიან დაბინძურებულია მძიმე მეტალებით, რისკჯგუფებიც არსებობს - სტრესული ორსულობა, ადრეული მშობიარობა, დღენაკლულობა, და-ძმა აუტისტი, მძიმე ინტელექტუალური შრომა... ამბობენ, რომ მამის ხანდაზმული ასაკიც რისკჯგუფია.…

- ერთი რამ კი ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ: საქართველოში მცხოვრებ 7 000 აუტისტ ბავშვს დახმარება სჭირდება.

- და უნდა გავიაზროთ, რომ რადგან ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა ნევროლოგიური, დღესდღეობით მის დასაძლევად  ერთადერთი მეთოდი არსებობს - რუტინული შრომა - უნდა უმეორო ყოველდღიურად ერთი და იგივე.…ბოლოს, ეს ბავშვები განზოგადებას ახერხებენ და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ხდებიან. ვფიქრობ, ამაზე სახელმწიფოს მართებს დაფიქრება.

დეა ცუცქირიძე

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.

ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები. აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას და სწავლის უნარის დარღვევას.

აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე, ისინი თავს არიდებენ სხვა ადამიანებს; ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან; გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებებისა და უარყოფითი ემოციების მომგვრელია.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან პირდაპირ მზერას.

აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანამიმდევრობით იცვამენ.…ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევის გაძლიერებული უნარი.