წითელა - მოულოდნელი თუ მოსალოდნელი ეპიდემია - კვირის პალიტრა

წითელა - მოულოდნელი თუ მოსალოდნელი ეპიდემია

სამწუხაროდ, ჯერ ცოტა ბავშვია აცრილი

ბოლო დროს გავრცელებულმა წითელამ კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ დაავადებისგან თავის დასაცავად. ეპიდემიის პიკმა უკვე გაიარა თუ არა, ამის შესახებ ვკითხეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს:

- სავარაუდოდ, მაისშიც და ივნისის დასაწყისშიც წითელას შემთხვევები გვექნება. მაქსიმალურად ვცდილობთ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ ცოტაა შემთხვევები, ჩავატაროთ ვაქცინაცია და შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება. სამწუხაროდ, ჯერ ცოტა ბავშვია აცრილი.

- რამდენი ბავშვია აცრაგამოტოვებული საქართველოში?

- ჩვენი ანგარიშით - 40 000. 2004 წლიდან აცრა ყოველწლიურად ტარდება. ბავშვების მხოლოდ 10% რჩება აუცრელი. აუცრელია მოზრდილების 20%-იც; ახალგაზრდობის 20% 15-დან 35 წლამდე არაიმუნურია, რაც ძალიან ბევრია. ეს კონტინგენტი უნდა აგვეცრა 2008 წელს... 2005 წლის ეპიდემიის ჩამთავრების შემდეგ გადავწყვიტეთ, აგვეცრა 7-დან 27 წლამდე 1 მლნ ადამიანი, რადგან ეს კონტინგენტი მომავალში საფრთხეს შექმნიდა. წითელას წესია - როგორც კი დაგროვდება აუცრელი, ეპიდემია იფეთქებს.

- ექიმები ხშირად ახსენებენ ატიპური მიმდინარეობის დაავადებებს. მიმდინარეობს თუ არა ჩვენთან გავრცელებული წითელა ატიპურად?

- ადამიანი წითელაზე თუ აცრილია ერთხელ მაინც, დაავადება ძალიან მსუბუქად წავა. ჩვენთან ჩვეულებრივი წითელაა გავრცელებული... სხვათა შორის, აცრების შემოღებამდეც ზოგიერთს სხვაგვარად, ატიპურად გადაჰქონდა დაავადება.

- გამოითქვა ეჭვი, რომ წითელა ხელოვნურად შეიძლებოდა გავრცელებულიყო...

- გავეცანი ბატონი სილვერმანის ინტერვიუს. რაზეც ის მიუთითებს, ის ლაბორატორიები ჯერ არ მუშაობს.

- იქნებ მუშაობს და ჩვენ არ ვიცით?

- ზუსტად შემიძლია გითხრათ, რა ხდება ახალ ლაბორატორიაში. იქ ჩვენი თანამშრომლები მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ. მიმდინარეობს გენომური ტესტირება, აპარატების ტესტირება, გვექნება მესამე დონის უსაფრთხოება, რაც არაჩვეულებრივია სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახალი ლაბორატორია ჯერ არ არის სერტიფიცირებული, ჯერ იქ ბაქტერიებზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ბაქტერიებს ვაკვირდებით ასათიანის ქუჩაზე. ვმუშაობთ შავ ჭირზე, ჯილეხზე. ეს ლაბორატორია ყოველწლიურად მოწმდება, სხვათა შორის, წელსაც სერტიფიცირებულია წითელა-წითურაზე.

- ესე იგი, წითელას ვირუსზე აქ მუშაობთ?

- არა, ვირუსებს არ ვყოფთ. ლაბორატორია სწავლობს, არის თუ არა ადამიანებში სეროლოგიურად ეს ვირუსები და რომელი გენოტიპია. შემდეგ წესის მიხედვით, სინჯს დასკვნისთვის ვგზავნით ლუქსემბურგის რეფელარულ ლაბორატორიაში. ღმერთმა ქნას, ისეთი კარგი ლაბორატორია, როგორიც ლუქსემბურგშია, ჩვენც გვქონდეს...

საქართველოში რომ გაჩნდეს ებოლა, შეიძლება იფიქრო, ხელოვნურად ხომ არ შემოიტანესო, წითელა არ არის ჩვენთვის უცხო დაავადება, მისი ვირუსის გავრცელება ბუნებრივია. თუმცა მსოფლიომ იცის შემთხვევები, როცა სწორედ ლაბორატორიიდან ვრცელდება დაავადება. ასეთი იყო ატიპური პნევმონია. ჩინეთში გოგონამ, რომელიც მუშაობდა მესამე დონის ლაბორატორიაში, რეჟიმი დაარღვია, დაინფიცირდა. თავიდან არ იცოდა ამის შესახებ. მატარებლით წავიდა 500 კმ-ზე მცხოვრებ დედასთან. ამასობაში დაეწყო ინკუბაციური პერიოდი, უკვე გადამდები იყო... მატარებელში თანამგზავრებს გადასდო, შინ - დედას, მეზობლებს... სახიფათო ლაბორატორია კი არაა, არამედ იქ მომუშავე, თუკი რეჟიმს არ დაიცავს.

ჩვენი თანამშრომელი ლაბორატორიაში გადადებული ვირუსით არასოდეს გამხდარა ავად, ეს მაშინ, როცა არ გვაქვს მესამე დონის უსაფრთხოება...

- წითელას რა გენოტიპია ჩვენთან გავრცელებული და აქვს რამე მნიშვნელობა ამას დაავადების მიმდინარეობისთვის?

- ჩვენთვის, მეცნიერებისთვის აქვს. ახლა ევროპულ ქვეყნებში გავრცელებული წითელა გვხვდება, ადრე იყო პოსტსაბჭოეთში გავრცელებული გენოტიპი...

- რამდენად რთულად მიმდინარეობს დაავადება, იზრდება დაავადებულთა რიცხვი?

- წითელას 1940 შემთხვევა გვაქვს, აქედან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 684-ს (ამ რიცხვიდან თბილისშია დაავადებული 1369, 448 - ჰოსპიტალიზებული) ძალიან სამწუხაროა ორი ლეტალური შემთხვევა. 2008 წელს რომ ჩატარებულიყო იმუნიზაცია, წითელა და წითურა აღარ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში.

- არსებობს მითი, რომ  განვითარებულ ქვეყნებში ბავშვებს აღარ ცრიან...

- ტყუილია. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა იმ ვაქცინით ვერ ვცრით, რასაც განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ... ბოლო წლებში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ახალი ვაქცინები ძალიან ძვირია.

- ამბობენ, რომ ჩვენში უხარისხო ვაქცინები შემოდის...

- ესეც მეორე მითია... ინდოეთში უამრავი ვაქცინის მწარმოებელია, მაგრამ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პერეკვალიფიკაციის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე ვერ გავა. რუსეთის ვაქცინებს არა აქვს პერეკვალიფიკაცია, რადგან ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენთან შემოსულ ყველა ვაქცინას კი აქვს. ამდენად, გვაქვს გარანტია, რომ ეს ვაქცინები ისეთივეა, როგორიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებული ვაქცინები...